მექსიკური Vogue-ის დეკემბრის ნომრის ყდის ვარსკვლავი 37 წლის ესტრელა ვასკესი (Estrella Vazquez) გახდა.
ოახაკის შტატის მკვიდრი ესტრელა არამხოლოდ ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია, არამედ ტრანსგენდერი ქალიცაა, ანუ მუხე (მექსიკის სამხრეთით ასე უწოდებენ ტრანსგენდერ ქალებს). Vogue Mexico-ს ისტორიის მანძილზე, ეს იქნება პირველი ყდა, რომელზეც ტრანსგენდერი ადამიანია გამოსახული.
მუხეს (ანუ მუში) მექსიკურ კულტურაში “მესამე სქესს” უწოდებენ, ისევე, როგორც ჰიჯრებს – ინდოეთში. ფორმალურად, მათ მიმართ ტერმინ „ტრანსგენდერის“ გამოყენება მთლად შესაბამისი არაა: მუხე არამხოლოდ არაფიქსირებული გენდერის მქონე ადამიანია, არამედ – იმ კულტურულად კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელიც, რომელსაც შესაბამისად აცვია და განსაზღვრულ სოციალურ როლს ასრულებს. ზოგიერთი მუხე თავს კაცად აღიქვამს, რომელსაც ქალის სამოსი აცვია, ზოგი თავს ტრანსგენდერ ადამიანს უწოდებს, ხოლო ზოგი – საერთოდ არ სვამს საკუთარ თავს რომელიმე გენდერული განსაზღვრების ფარგლებში. მსგავსი ადამიანები, ხშირად ამბობენ უარს როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან ქორწინებაზე. მათ, ძირითადად, ოჯახის ხანდაზმული წევრებზე მზრუნველობა ევალებათ – მექსიკის პატრიარქალურ კულტურაში, ეს მოვალეობა საკმაოდ არაპრესტიჟულად მიიჩნევა.
მუხეები მექსიკაში საპოტეკის ცივილიზაციის დროიდან არსებობენ და რეგიონის კულტურის განუყოფელი ნაწილები არიან, მაგრამ, ქვეყანაში ესპანელი კონკისტადორებისა და კათოლიციზმის შემოჭრასთან ერთად, ისინი შევიწროებულ ჯგუფად გადაიქცნენ.
გარეკანისთვის ფოტო ესტრელა ვასკესს ფოტოგრაფმა ტიმ უოკერმა გადაუღო: ესტრელა ტრადიციულ მექსიკურ სამოსში პოზირებს.
„ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ მიმართ ჯერ კიდევ არსებობს დისკრიმინაცია, მაგრამ იგი აღარაა ისეთი ძლიერი, როგორც – ადრე“, – ამბობს ესტრელა, რომლის იდენტობასაც დედა შეეგუა, მამა კი დღემდე არ ელაპარაკება.
მას ჟურნალი Vogue-ის შესახებ ამა წლის აგვისტომდე არაფერი სმენოდა, როდესაც სხვა მუხეებთან ერთად ფოტოგადაღებებზე მიიწვიეს. მისი პროფესია ისევე ფერწერულია, როგორც – ყოველდღიურობა: ვასკესი იმ ქსოვილების მოხატვითაა დაკავებული, რომლისგანაც მექსიკურ ეროვნულ სამოსს კერავენ.
Vogue-ისთვის ტრანსგენდერ ქალთან ფოტოსესია პირველი არაა. 2017 წელს, ჟურნალის ფრანგულ ვერსიის გარეკანზე ტრანსგენდერი მოდელის ვალენტინა სანპაიოს (Valentina Sampaio) ფოტო განთავსდა (ასევე, ვალენტინა პირველი ტრანსგენდერი მოდელია, რომელსაც Victoria’s Secret-მა კონტრაქტი გაუფორმა).
ტრანსგენდერი ქალები სხვა გლამურული ჟურნალების ყდაზეც გამოჩენილან: ამერიკული Cosmopolitan-ის 2018 წლის თებერვლის ნომრის გარეკანი ტრანსგენდერ მსახიობსა და აქტივისტს ლავერნ კოქსს (Laverne Cox) დაეთმო, ხოლო ამერიკული Elle-ის 2019 წლის ივნისის ყდაზე არანიბარული პერსონა ინდია მური (Indya Moore) ვიხილეთ.
წყარო: theguardian.com