ლგბტქი

ტრანსგენდერმა ქალებმა მოძრაობა “სირცხვილიას” თავიანთი კუთვნილი დახმარება ჩაურიცხეს

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ტრანსგენდერი ქალების ჯგუფი დღეს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი და ჩაგრულია. ბევრი არსებული პირობის გამო, მათთვის გადაულახავ დაბრკოლებადაა ქცეული ადამიანის სოციალიზაციისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობებიც კი. 
წინა პანდემიის დროს, როდესაც ამ ჯგუფს ფინანსურად განსაკუთრებით გაუჭირდა, ადამიანებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და თანხის შეგროვების მეშვეობით, მათი დახმარება განიზრახეს.
ქვეყანაში ბოლო კვირების მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა და დაძაბულმა პოლიტიკურმა ფონმა, ადამიანებს კიდევ ერთხელ შეგვახსენა სოლოდარობისა და ერთიანობის აუცილებლობა.
სწორედ ამ ვითარებაში, განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა წინა პანდემიისას მათთვის აგროვებული თანხის ნაწილი მოძრაობა “სირცხვილიას” ანგარიშზე გადარიცხეს, რაც ამ ძნელბედობის ჟამს სოციალურად დაუცველ ადამიანების პირველადი საჭიროებების პროდუქტებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით მომარაგებას მოხმარდება.
“ნდობასა და პატივისცემას ვუცხადებთ მოძრაობა “სირცხვილიას”, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა ჩვენთვის ურთულეს მომენტებში. გვინდა ეს, წინა პანდემიის დროს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოგროვებული თანხის ნაწილი, გავუნაწილოთ მათ, ვისაც დღეს უჭირს. სწორედ ასე, ერთმანეთის მხარდაჭერით შევდგებით ძლიერ და მოსიყვარულე საზოგადოებად. ტრანსგენდერი ქალები თბილისიდან”, – ვკითხულობთ ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.