ლგბტქი

ტრანს ჯგუფის პოზიცია 14 სექტემბერს დაზარალებული ტრანსგენდერი ქალის ამბავთან დაკავშირებით

14 ოქტომბერს, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის შემდეგ, საზოგადოებაში ქართველ ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდა. დასახელებული თემა მედიამაც აიტაცა, რის შედეგადაც, როგორც მსგავსი შემთხვევების დროს ხდება ხოლმე, საკითხის დამახინჯებული და არასწორი გაშუქება მივიღეთ, რაც ყველაზე მეტად საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანებისთვისაა საზიანო.

დღეს, ამასთან დაკავშირებით, ტრანსგენდერმა ადამიანებმა განცხადება გააკეთეს, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:

“პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანად ტრანს თემის სახელით საუბრის უფლება არავის აქვს. ჩვენს განცხადებასაც ვავრცელებთ ტრანსგენდერი ადამიანების ერთ-ერთი ჯგუფის სახელით, რომელიც აქტივისტებისგან შედგება და თვლის, რომ გიორგი (მაცაცო) ტატიშვილი არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება და დეტალები არ გახდება ცხადი, არაეთიკურია აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუების მიცემა და რაიმეს მტკიცება, როგორც ამას აკეთებს გიორგი (მაცაცო) ტატიშვილი, რადგან მას არ გააჩნია არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ტრანსგენდერი ადამიანის დაჭრა.
ასევე, არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელის – დაქამინგაუთებისა და ხშირ შემთხვევაში არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც არსებულ ტრანსფობიურ ფონს და საფრთხეს უქმნის ტრანს ადამიანების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას;
მის მიერვე ნებართვის გარეშე მოხდა დაზარალებულის ვინაობისა და საქმიანობის გამხელა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ასევე ვთვლით, რომ არასწორია იმ ლგბტ ორგანიზაციების და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომლებთანაც ჩვენ, როგორც ჯგუფი, ვთანამშრომლობთ და ვსარგებლობთ ორგანიზაციების იურისტის დახმარებით, ფსიქოლოგის კონსულტაციებით, ვმონაწილეობთ ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ტრენინგებსა და კონფერენციებში. ჩვენი ჯგუფი 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ამ დროიდან მოყოლებული, ინტენსიურად ვმუშაობთ ტრანს სპეციფიკურ საკითხებზე, ვგეგმავთ და ვახორციელებთ თემატურ ღონისძიებებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვმოქმედებთ, როგორც ღია ჯგუფი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეუძლია ისაუბროს მთელი ტრანს ჯგუფისა და თემის, მათ შორის ჩვენი სახელით.
იმედს ვიტოვებთ, რომ მედიასაშუალებები გაითვალისწინებენ ამ განცხადებას და არ წარმოაჩენენ გიორგი (მაცაცო) ტატიშვილს, როგორც მთლიანად ტრანს თემის ჯგუფის წარმომადგენელსა და უფლებადამცველს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.