მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელი სუფრაჟისტები კანტიკუნტად ცდილობდნენ, შეღებილი ტუჩების იმიჯი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის კონტექსტში ჩაესვათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოების ცნობიერებაში, ტუჩსაცხი ფემინიზმის ანტონიმად აღიქმებოდა. უმრავლესობის აზრით, „კანონიკური“ ფემინისტი გარეგნულად უმაკიაჟო, თმაშეუღებავი იყო, თმიანი იღლიებითა და ფეხებით. თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც დასავლეთში ქალთა უფლებებთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური, იურიდიული და ეკონომიკური ბრძოლა დადებითი შედეგით დასრულდა, ფემინიზმის წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა, რომელთა შორის ქალის სექსუალობის მიმართ საზოგადოების შეუწყნარებელი დამოკიდებულება იყო. ამ თემაზე საზოგადოებასთან შედეგიანი დიალოგის წარმართვის მიზნით, ფემინისტებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარ გარეგნობაზე მეტი აქცენტები გაეკეთებინათ.
ასე აღმოცენდა 90-იანი წლების დასაწყისში ე.წ. „ტუჩსაცხიანი ფემინიზმი“. იგი მესამე ტალღის ფემინიზმის მიმდინარეობაა, რომელიც ქალურობის ტრადიციული კონცეფციების დაფარვას ცდილობს.
უბრალო მაგალითი ლინგვისტიკიდან: სიტყვა „ბოზს“ ინგლისურ ენაში 220 სინონიმი გააჩნია მაშინ, როდესაც სექსუალურად აქტიურ კაცებთან მიმართებაში სულ 20 ანალოგი გამოიყენება. ამგვარი ასიმეტრია კარგად ასურათებს ზღვარს კაცებისთვის და ქალებისთვის დაშვებულ ქცევებს შორის. „ტუჩსაცხიანი ფემინიზმი“ სწორედ ამ ფარისევლობაზე რეაქციის სახით აღმოცენდა, მათ შორის თავად ფემინისტების მიმართ: ფემინიზმის მეორე ტალღის აღმავლობის პერიოდში, 70-იან წლებში, ქალის მიერ კოსმეტიკის გამოყენებამ უცებ ჩაგვრის საშუალების სტატუსი მიიღო, რომლითაც კაცებს ქალები მძლავრ პატრიარქალურ კლანჭებში ჰყავდათ მომწყვდეული. შესაბამისად, მისი ამოცანა „ქალურობისა“ და ქალის სექსუალობის ცნებების ხელახალი გააზრებაა, ქალისთვის დამამცირებელი სიტყვებისა და გამოთქმებისთვის ნეგატიური დატვირთვის გაქარწყლება. „ტუჩსაცხიანმა ფემინიზმმა“ ქალის მიმართ გამოყენებული სოციალური დამღის ნგრევა იწყო. ნაწილობრივ, იგი ფემინიზმის მეორე ტალღის რადიკალური მიმდინარეობების პასუხიცაა, რომლის ნეგატიურმა სტერეოტიპებმა “სექსუალურობის მოწინააღმდეგე ფემინისტისა“ „შეულამაზებელი ფემინისტის“ სახე-ხატები დაამკვიდრა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი თავად ფემინიზმის მეორე ტალღის წარმატებების წყალობით განხორციელდა; დღის წესრიგში „ქალურობის“ მთლიანი ასპექტი დადგა, აქამდე კი ამის მხოლოდ ერთი განმაზოგადებელი ნიშანი განიხილებოდა, მაგალითად მაკიაჟი ან მაღალი ქუსლები, რაც საკითხის მთლიანობაში განხილვის ნაკლებ შანსს იძლეოდა.
ძველი ფემინისტების საპირისპიროდ, რომლებიც „ქალურობის“ ნებისმიერ გამოვლინებას გმობდნენ, „ტუჩსაცხიან“ ფემინისტებს მიაჩნდათ, რომ ქალებმა გენდერული განსხვავებულობა უდავო უპირატესობის სახით, ბრძოლის ინსტრუმენტად უნდა გამოიყენონ. რეალურად, ისინი მიშელ ფუკოს კონცეფციას ავითარებდნენ, რომელიც სექსუალობას ძალაუფლების სინონიმად და წყაროდ განიხილავდა. როგორც ძალაუფლება, სექსიც იყიდება, ჰოდა რატომაც არ უნდა შევიძინოთ ამით ძალაუფლება? „ტუჩსაცხიანი ფემინისტების“ აზრით, სტერეოტიპული წარმოდგენა „წესიერ და ღირსეულ ქალზე“ იმას გულისხმობს, რომ ქალის სხეულზე ძალაუფლება სოციუმსა და მის კოლექტიურ ნორმებს ეკუთვნის. ძალთა ამგვარ გადანაწილებასთან ბრძოლისას, ისინი ქალებს მოუწოდებდნენ, მკვეთრ ფერში შეეღებათ ტუჩები და აქტიურად გამოეყენებინათ დაბადებიდან ბოძებული ეროტიკული კაპიტალი. არჩევანის თავისუფლების რიტორიკა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული როლების უსიტყვო მორჩილების წინააღმდეგ გალაშქრებაა; „ბოზის“ პარალელურად, აქ კონტექსტგამოცლილია „დამჯერი გოგოს“, „პატივსაცემი დედის“, „კეთილგონიერი დის“ ცნებები.
„ტუჩსაცხიან ფემინისტებს“ სხვა ფემინისტები მიუთითებენ, რომ მათი ხედვა ფემინიზმის პრინციპებთან კონფლიქტში მოდის, რადგან თუ ქალი საკუთარი თავის სექსუალურ ობიექტივიზაციას გადაწყვეტს, იგი საკუთარ სხეულზე კონტროლს დაკარგავს, თუმცა მათ პასუხობენ, რომ სექსუალური მიმზიდველობის პრაქტიკა ქალისა და კაცის პირად ურთიერთობებში სოციალური ძალაუფლების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და იგი კულტურული, სოციალური და გენდერული თანასწორობის საფუძველია.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბუნებრივი მომხიბვლელობის მოწინააღმდეგე და წითელი ტუჩსაცხის ჯიუტი დამფასებელი ჰიტლერის რჩეული ევა ბრაუნი იყო. თვითმხილველთა ნაამბობით, ქალის ბუნებრივი ხიბლის მოყვარული ფიურერი კატეგორიულად ვერ იტანდა კაშკაშა ფერის ტუჩსაცხიან ქალებს. მის ირგვლივ მყოფი ქალები ვალდებულნი იყვნენ, კოსმეტიკური საშუალებები მინიმალურად გამოეყენებინათ, სრულიად უარი ეთქვათ წითელ ტუჩსაცხსა და ფრჩხილების შეღებვაზე. მესამე რაიხის ყველა ქალი ამ წესს ზედმიწევნით მისდევდა, ყველა, გარდა ერთისა; ჰიტლერის ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო შეღებილი ტუჩების ურიცხვი ნაკვალევი, რომელსაც ევა თითქოს განგებ ტოვებდა ჭიქებსა და ხელსახოცებზე, მიუხედავად ადოლფის საყვედურებისა. არავინ იცის, ეს განზრახი დაუმორჩილებლობა იყო თუ უბრალო სიჯიუტე.
90-იანი წლების ამერიკელი ტუჩსაცხიანი ფემინისტებისთვის ევა ბრაუნად მადონა იქცა, რომელმაც ალბომი Erotica ჩაწერა და წიგნი Sex გამოუშვა. ქერათმიანი, უზომოდ სექსუალური პოპ დივა მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით, მჭევრმეტყველურად გვიამბობდა საკუთარი სექსუალური სურვილების შესახებ და არანაკლები ენაწყლიანობით დეკლარირებდა სრულ თავისუფლებას პარტნიორების არჩევის საკითხში. სექსუალურ სფეროში ქალთა თანასწორუფლებიანობის უფრო მეტად „მომგებიანი“ სიმბოლოს მოგონება შეუძლებელი იყო.
მაგრამ, კონიუნქტურულ „ტუჩსაცხიან ფემინიზმთან“ ბრძოლა ფემინისტების მოძრაობის შიგნითაც ხდებოდა. ისინი ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ ამ თვალსაზრისის „თანამოაზრეთა კლუბად“ და სექტად გადაქცევა დაუშვებელი იყო, პირიქით, ამ დისკურსში ყველას ჩართვა იყო საჭირო: სექს ბლოგერების, თოქ-შოუების წამყვანების, პოპვარსკვლავების და თავად პორნოვარსკვლავებისაც კი.
დღეს, „ტუჩსაცხიანი ფემინიზმი“, როგორც გავლენიანი ფენომენი, პოპკულტურაში ღრმადაა ინტეგრირებული (მადონას, ბიონსეს გამოსვლები, ჰოლივუდის მსახიობთა აქტივიზმი). კითხვაზე, თუ რა საჭიროა სილამაზე, იგი დამაჯერებელ პასუხს გვაძლევს. თანამედროვე ფემინისტების მტკიცებით, კაცებს საზოგადოებრივი რესურსების უმეტეს სიკეთეებზე კვლავ უპირობო ბატონობა აქვთ. ამიტომაც, ქალებმა ამ ბრძოლაში მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, სადაც ინტელექტის, გამჭრიახობის, ნებისყოფისა და ცოდნის პარალელურად, სექსუალობა და სილამაზეც იგულისხმება. ამ კონტექსტში, მკვეთრ ფერში შეღებილი ტუჩები სასიკვდილო იარაღია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის წინააღმდეგ ჰიტლერიც კი უძლური აღმოჩნდა.