ავტორი ქრისტინე ბებია
ავტოსტოპერი მოგზაურისთვის, ვინც ქალაქში გაჩერებას არ აპირებს და მისი მხოლოდ ტრანზიტულად გავლა უნდა, შუაგულ ქალაქში მოხვედრა დიდი თავსატეხი რამეა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო ირანში, მძღოლი რომ ვერ მიმიხვდა, ქალაქის ცენტრი არ მაწყობდა და მისი აზრით, რომ პატივს მცემდა, მიზანმიმართულად შუა ცენტრში მიმიყვანა. რომ დავფიქრდი, არსად არ მეჩქარებოდა, მოდი, ამ ქალაქსაც დავათვალიერებ-მეთქი. ბოდიალ-ბოდიალში შემომაბნელდა. ღამის გასათევი არსად არ მქონდა და მეჩეთში შევედი, რომ ის ღამე იქ გამეტარებინა. თანდათან ღამდებოდა და თანდათან იცლებოდა მეჩეთი. ბოლოს ერთადერთი მე შემოვრჩი შიგნით და გარეთ – დაცვის ორიოდე თანამშრომელი. ქალთა სალოცავ ოთახში რომ შემოიხედეს და მიმოათვალიერეს, მე შემნიშნეს. გამოიცნეს, უცხოელი რომ ვიყავი და მეჩეთიდან გასვლასაც არ ვაპირებდი. სხვა დანარჩენი, რაც აინტერესებდათ, შიგნით არც შემოსულან, კართან მიხმეს და მკითხეს (ინგლისურის მინიმალური ცოდნის მაქსიმალური გამოყენებით). მეც გულწრფელი პასუხები გავეცი. არამუსლიმობაც არ დამიმალავს. ok-ო. მშვიდი ღამე მისურვეს და მარტო დამტოვეს. მართლა მშვიდად კი მეძინა. დილაადრიან საუზმეც მომართვეს. გემრიელად ვისაუზმე და გზის გასაგრძლებლად გავემზადე. დარაჯებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმოდა და არ დავამადლე. ჩემი გადახდილი Thank You-თი ისინიც მადლიერები დარჩნენ თითქოს, სახეზე ეწერათ. მე კი, არ ვიცოდი, წინ რა ბედი მეწერა, გზა გავაგრძელე.
კითხვა-კითხვით, გუმან-ვარაუდით ქალაქის გასასვლელის მიმართულება დავადგინე და მალე ავტოსტოპიც დავიჭირე. იმდენად კარგი ჩიტი დამიჭერია, რომ ზუსტად იმ ქალაქში მიდიოდა, მე რომ ვუმიზნებდი. უდაბნოში გაჭრილ გზატკეცილს დავადექით. ცოტას ვსაუბრობდით და იმ ცოტას english-bodylanguage ნაზავით ერთმანეთს ვაგებინებდით ასე თუ ისე. ასე იყო თუ ისე, უდაბნოს ხილვამ გეგმა შემაცვლევინა და გამართლებაც, რომ ეს მძღოლი ზუსტად იმ ქალაქში მიდიოდა, სადაც მე, წანწალით დამძიმებულ ფეხებზე დამაკიდებინა. ,,აქ გამიჩერე’’ გაიგო მძღოლმა და გააჩერა, მაგრამ ,,აქ ვრჩები’’ რომ გაიგო, გაოგნდა. შემდეგი გამომვლელი მანქანის თუ რის, ვის იმედად ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უიმედოდ არ ვიყავი. უდაბნოში განმარტოების გადაწყვეტილება, შეიძლება, ლოგიკური არ იყო, მაგრამ გულწრფელი იყო. ნამდვილად მინდოდა უდაბნოში გაბოდიალება და დიდი მონდომებითაც ვცდილობდი ჩემი ახირების ახდენას. გიჟი ხარ, აქ ვერ დაგტოვებო, – თავი გაიგიჟა მძღოლმა. იმ ერთსახა უდაბნოში რაღაც ნიშნულს მოხვდა ჩემი თვალი და იმაზე მივუთითე და ჩავიციკლე, friends-friends-მეთქი, თითქოს მეგობრებს იმ ადგილას გვქონდა შეხვედრა დანიშნული. არამგონია, ზღაპრის დაეჯერებინა, მაგრამ მგონია, მის თვალში ზღაპრული კუდიანივით კი გამოვიყურებოდი, ცხელ და უკაცრიელ უდაბნოში რომ გადავწყვიტე დარჩენა. თან მოხეტიალე მოგზაურის იერში თავისთავად არის რაღაც ალქაჯური. ბოლოსდაბოლოს წავიდა და დამტოვა ბედნიერად გაღიმებული.
მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ჰყოფდა გრძელი გზატკეცილი უდაბნოს. ზღაპარივით სიუჟეტში კი ვიყავი და მეც, როგორც კეთილი გზა, მარჯვენა მიმართულებას დავადექი. ვიარე, ვიარე და კიდევ ვიარე… და უკვალოდ დავიკარგე. დავრჩი მარტო საკუთარ თავთან, უდაბნოსთან და მზესთან. ეგ რომ ჩავიდა, სიცხეც თან გაიყოლა და უდაბნოშიც მალე აცივდა. ბედნიერი ღიმილიც მალევე მიმეყინა სახეზე. სხეულგაყინულს არც ხელები მემორჩილებოდნენ, არც ფეხები… არც ფიქრები. გაყინულ ძარღვებში სისხლი არ მიმოძრავდებდა, მაგრამ გავლილი და მომავალი ცხოვრებაც თვალწინ მიმომირბოდა. მომავალში იმედიანად მზეს ვხედავდი და ასე მზის მოლოდინში ვიკანკალე ის ღამე. დილით რომ მზემ გამოანათა, უკვე ვიცოდი, ცოტაც და, გავთბებოდი. არ ვიცოდი, მერე რა როგორ იქნებოდა, მაგრამ არ მქონდა შიში და მქონდა განცდა, რომ წუხანდელი ღამის გადარჩენილი ბოლომდე გადავრჩებოდი და მოგზაურობიდან დაბრუნებული თავგადასავლად გავიხსენებდი ამ ისტორიას.
არ მებადა უკვე არც საჭმელი, არც სასმელი, არც არაფრის და არავის მოლოდინში მე იქ არ ვიყავი და ალბათ, სწორადაც გადავწყვიტე, რომ გზის გაგრძელება სჯობდა ერთ ადგილას გაჩერებას. ხანგრძლივ ლასლას-ლასლასში რაღაც ფუნდუკისმაგვარს მივადექი. მოცემული სიტუაციით (ადგილით) ვისარგებლე და გადავწყვიტე, რომ ამჯერად გაჩერება უფრო გონივრული იქნებოდა, ვიდრე გზის გაგრძელება. მზე მალე ჩავიდოდა. ფუნდუკში შევძვერი და დაღლილს მალევე ჩამეძინა, მაგრამ… ხან სიცივე გამომაღვიძებდა, ხან _ სხეულის ქავილი, ხან _ რა და ამ ძილ-ღვიძილ ამბებში შემდეგი დილაც დამათენდა. აბაზანა და საუზმე მე არ მელოდა და გზა ეგრევე გავაგრძელე. მზის აბაზანები კი, არ მომკლებია შემდეგი რამდენიმე საათი. მერე ქარავანს გადავეყარე (და ქარავანი გადამეყარა მე). როგორც უცხოპლანეტელს, ისე მიყურებდნენ. უცხო გარემოში უცხო ხალხი ცალსახად იმედის მომცემი არ იყო, მაგრამ უდაბნოში სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების გარეშე მარტომყოფს ის ხალხი, იყო თუ არ იყო, მე მაინც მხსნელად მეჩვენებოდა და მივენდე. წყალი შემომთავაზეს და დავეწაფე. აქლემზე შეჯდომა შემომთავაზეს და შემოვსკუპდი. არ ვიცოდი, სად მივყავდი და მაინც უსიტყვოდ მივყვებოდი. ყველაფერზე ყაბულს ვიყავი. სხვა გზას ვერც ვხედავდი უგზო-უკვლო უდაბნოში. გასაკვირიც არ იქნებოდა, მიბნედილს რომ თავი ვერ დამემაგრებინდა უშველებელ აქლემზე, მაგრამ მე ნაშველები ისეთ შემართულ ენერგია-განწყობაზე დავდექი, ლამისაა, აქლემს გავაჭენებდი.
უდაბნოს თიხის სახლებიან სოფელში მიმიყვანეს. მთელი სოფელი მოქუჩდა და მომაშტერდა უცხო(პლანეტ)ელს. ერთი სახლისკენ გამიძღვნენ. ფეხსაცმელები, როგორც მათ, სახლის შესასვლელთან დავტოვე და პატარა ერთოთახიან სახლში შევედი. შესვლისთანავე სასიამოვნოდ მომხვდა სიგრილე. სასიამოვნოდ მომხვდა თვალში ოთახის ღარიბული, მაგრამ კოხტა, სადა, მყუდრო ვიზუალი. ოთახში სასიამოვნო აურა და რეალურად ბევრი არა, მაგრამ იმ პატარა ოთახისთვის მაინც საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა. ოჯახის დიასახლისი დაფაცურდა. სუფრა იატაკზე გაშალა. მშიერმა სხაპასხუპით შევსანსლე საჭმელ-სასმელი. რომ დავნაყრდი, მერე თვალებშიც გამოვიხედე. მათ მე ვაინტერესებდი, მე ისინი მაინტერესებდა და ასე ერთმანეთით დაინტერესებულები ერთმანეთის დაკვირდებით ვიყავით დაკავებულები. კითხვა-პასუხები დიდად არ გამოგვდიოდა. სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთის არ გვესმოდა, მაგრამ უნივერსალურ ენაზე ვკონტაქტობდით – ერთმანეთს ვუღიმოდით. მზისგან და უჭმელ-უსმელობის შემდეგ დანაყრებით ჩაკაიფებულს საინტერესო ღიმილი კი უნდა გამომსვლოდა.
სახლიდან რომ გარეთ გამოვდიოდი, დავინახე, იქვე ბავშვები შეგროვილიყვნენ და რაღაცას დაფუსფუსებდნენ. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო ჩემთვის, აუცილებლად დავუტოვებდი ჩემს სპორტულ ფეხსაცმელებს სანდლებიან ბავშვებს. შებინდებამდე გარეთ ერთად გავატარეთ დრო. მზის ჩასვლაზე უკვე აღარ მაკანკალებდა. ქვესაგებ-ზეწრები რომ გაშალეს მასპინძლებმა იატაკზე პატარა ოთახში და მე ოჯახის წევრები გადავთვალე, მეუხერხულა, თუმცა კი, დარწმუნებული ვიყავი, სული-გულიდან წამოსული სითბო-სიყვარულით მიმიღეს. მშვიდად მეძინა ის ღამე. აქა-იქ მამაკაცის ხვრინვა, პატარა ბავშვის ჭყივილი, ქალის ,,ჩუ-ჩუუუ…” გამომაღვიძებდა, მაგრამ აი, ის ხმებიც იავნანად ჩამესმოდა…
ავტორის ფოტოები.