უმა თურმანი მორიგი ქალია, რომელმაც ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. New York Times-თან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ვაინშტაინთან საკუთარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ გასულ ნოემბერში დააფიქსირა. მაშინდელ ინტერვიუში, უმამ განაცხადა, რომ პროდიუსერთან თავისი პრეტენზიების შესახებ მაშინ ისაუბრებდა, როცა ამისთვის მზად იქნებოდა.
შაბათს, გაზეთმა New York Times-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „აი, რატომ არის განრისხებული უმა თურმანი“.
სტატიაში, 47 წლის ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ვაინშტაინმა იგი 1990-იან წლებში ლონდონში, სასტუმროს საკუთარ ნომერში მიიწვია, სადაც მას ხელი კრა, საწოლზე დააგდო და მის გაშიშვლებას შეეცადა.
ინტერვიუში, უმამ ისიც განაცხადა, რომ 16 წლის ასაკში, მისი კარიერის დასაწყისში, მასზე 20 წლით უფროსმა მსახიობმა, იგი აიძულა, მასთან სექსუალური კავშირი ჰქონოდა. მსახიობის გვარს უმა არ ასახელებს.
„დამჯერი ვიყავი, – უამბობს უმა გამოცემას, – არას თქმას ვცდილობდი, ვტიროდი, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ მან მითხრა, რომ კარი ჩაკეტილი ჰქონდა. კართან არ მივსულვარ და არ შემიმოწმებია, ეს მართლაც ასე იყო თუ – არა. როდესაც შინ მივედი, მახსოვს, თუ როგორ ვიდექი სარკის წინ, ხელებს ვითვალიერებდი და გაცოფებული ვიყავი, რომ დალურჯებები არ მქონდა“, – იხსენებს მსახიობი.
რაც შეეხება ვაინშტაინის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, – ქრონოლოგიურად იგი 1994 წელს ემთხვევა, „კრიმინალური საკითხავის“ გამოსვლის დროს. ფილმის რეჟისორი კვენტინ ტარანტინოა, პროდიუსერი კი – ვაინშტაინი. უმას მიერ ნახსენები ინციდენტი კი, ვაინშტაინის მონაწილეობით, სავარაუდოდ, ლონდონის სასტუმრო Savoy-ში მოხდა.
„ხელი მკრა, საწოლზე დამაგდო და ჩემზე ამოფორთხებას ცდილობდა. მან ყველანაირი უსიამოვნო მოძრაობა გააკეთა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და ჩემი იძულება არ გაუგრძელებია. ამ დროს, თავი იმ ცხოველად ვიგრძენი, რომელიც თავის დახსნას და გაძრომას ლამობს. ხვლიკს ვგავდი“, – იხსენებს მსახიობი. მეორე დღეს, მან თაიგული მიიღო, წარწერით: „შესანიშნავი ინსტინქტები გაქვს“. ამ ინციდენტის შემდეგ, მსახიობისა და პროდიუსერის ურთიერთობა ჩვეულ კალაპოტში წარიმართა, და ვაინშტაინის ასისტენტები უმას კვლავინდებურად ურეკავდნენ ახალ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის წარმომადგენელმა (თავად პროდიუსერი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის) განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ჰარვის წარმომადგენლები New York Times-ს დაუკავშირდნენ და ის ფოტოები გადაუგზავნეს, სადაც თურმანისა და ვაინშტაინის მჭიდრო სხეულებრივი კონტაქტებია აღბეჭდილი.
გაზეთში აცხადებენ, რომ დასახელებული წყვილის „მეგობრული“ ფოტოები მიიღეს, რომელიც ფილმების პრემიერებსა და საღამოებზე გადაღებული. „ვაინშტაინი აღიარებს ინგლისში, 25 წლის წინ, თურმანთან ახლო ურთიერთობის მცდელობას, რადგან უფრო ადრე პარიზში მათ ფლირტი ჰქონდათ და ვაინშტაინმა იგი უფრო ღრმა ურთიერთობაზე თანხმობად მიიღო. ამის გამო, მან მაშინვე მოიხადა ბოდიში და ძალიან წუხს. მაგრამ, უმას განცხადება ფიზიკური ძალადობის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვანშტაინის წარუმატებელი ფლირტის შემდეგ, მათ შორის არავითარი ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა. ჰარვი შეწუხებული და გულდაწყვეტილია იმით, რომ თურმანი 25 წელი ელოდა, რათა ეს ბრალდებები გამოექვეყნებინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, თურმანმა დაწვრილებით ისაუბრა რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან დროებით განხეთქილებაზე, რომელიც ვანშტაინთან ერთობლივად მუშაობდა „კრიმინალურ საკითხავსა“ და „მოკალი ბილიზე“ – უმას ყველაზე წარმატებულ ფილმებზე.
მისი თქმით, ტარანტინოს „მოკალი ბილის“ გადაღებების დროს, ტარანტინოსთან მისი უთანხმოების მიზეზი ის იყო, რომ კაბრიოლეტის სცენის გადაღებისას, უმამ კასკადიორის დახმარება მოითხოვა, რადგან სავარაუდოდ, მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო. საბოლოო ჯამში, რეჟისორმა იგი დაარწმუნა, მანქანა თავად ეტარებინა, რის შედეგადაც ავარია მოხდა და თურმანმა ტრავმები მიიღო. ამ ინციდენტმა თურმანი-ტარანტინოს ურთიერთობაზე იქონია გავლენა. მსახიობს განზრახული ჰქონდა ვაინშტაინის სტუდიის წინააღმდეგ ჩივილი, თუმცა, მას 15 წლის მანძილზე არ მისცეს ავარიის კადრებზე წვდომის საშუალება.
ჯერჯერობით, ტარანტინოს თურმანის ბრალდებებისთვის არ უპასუხია.
წყარო: bbc.com