სექსუალობა

უმა თურმანი: ტეხასში მიღებული აბორტის კანონი ადამიანის უფლებების კრიზისს გვიჩვენებს!

უმა თურმანი The Washington Post-ში ტეხასში მიღებულ ახალ რეპროდუქციულ კანონს აკრიტიკებს და იხსენებს, როგორ გაიკეთა აბორტი 15 წლის ასაკში.

უმა ამბობს, რომ მშობლებმა მხარი დაუჭირეს შექმნილ რთულ ვითარებაში და მისი გადაწყვეტილება არასასურველი ორსულობის შეწყვეტის შესახებ მოიწონეს. მსახიობი ხაზს უსვამს, რომ აბორტი მისთვის არ იყო ადვილი გადაწყვეტილება და ამის შესახებ დღემდე სწუხს.

“აბორტი, რომელიც მოზარდობისას გავიკეთე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების შედეგი იყო. ამან ძალიან დამტანჯა და დღემდე განვიცდი მომხდარს. მაგრამ, ამავდროულად, ეს იყო გზა მომავალი ბედნიერებით და სიხარულით აღსავსე ცხოვრებისკენ”, – ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ არასასურველი ორსულობის შეწყვეტამ მას საშუალება მისცა, გაზრდილიყო და დამდგარიყო ისეთი დედა, როგორიც სურდა და უნდა ყოფილიყო კიდეც.

თურმანი აღნიშნავს, რომ თავისი ისტორიით სურს, გამოხატოს მხარდაჭერა ტეხასელი გოგონების მიმართ, სადაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეპროდუქციული კანონი მიიღეს. თურმანი ხელისუფლების ქმედებას გმობს და აღნიშნავს, რომ კანონს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს. “ეს კანონი დისკრიმინაციის ინსტრუმენტია მათთან მიმართებაში, ვინც ეკონომიკურად შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს არის ადამიანის უფლებების კრიზისი ამერიკელი ქალებისთვის!”, – მიაჩნია მას.

ტეხასში ახლახან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ორსულბის 6 თვის ვადის შემდეგ აბორტებს კრძალავს. კანონი გამონაკლისებს არ უშვებს არც გაუპატიურების და არც ინცესტის შემთხვევაში. ასევე, აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს შეულია, უჩივლოს მას, ვინც ქალს არალეგალურ აბორტში დაეხმარება, და მოსარჩელეს ამ დროს არანაკლებ 10000$-ისა ეკუთვნის.

washingtonpost.com