ბლოგები

‘’უჩვენე ბიძიას პასპორტი’’, ანუ ქალიც ადამიანია?

ავტორი: ერეკლე გრიგოლია

“უჩვენე ბიძიას “პასპორტი!” – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა, რასაც ჩემს “ღვთისმშობლის წილნახვედრ” სამშობლოში ბიჭების პატრონი შეზარხოშებული მამრებისაგან გაიგებთ. ‘’პასპორტი’’ ფალოსია, მოგეხსენებათ – მამაკაცური ძლიერებისა და შესაბამისად, ღირსების მთავარი ნიშანი, ჩვენნაირ პატრიარქალურ საზოგადოებაში. ქალს ეს უმთავრესი “ღირსება” არ გააჩნია, ჰოდა მეორეხარისხოვან არსებას წარმოადგენს ჯერ კიდევ მამაპაპური “ადათებით” დახუნძლულ საქართველოში.

ქართული ეკლესია აქაც მოწოდების სიმაღლეზეა, ჰომოფობიის არ იყოს და უხვად კვებავს მიზოგინიასაც (ქალთმოძულეობა) – საქართველოს პატრიარქი, ჰომოფობი და მიზოგინი ილია მეორე გამუდმებით გვიმეორებს, რომ ქმარი თავია, ცოლი კი – კისერი,
შესაბამისად, მეუღლის უპირობოდ მორჩილი, და რომ ქალი მამაკაცის თანასწორი ვერასოდეს იქნება.

ბულინგიც ასეთი უნდა – ქალი მამაკაცის ნეკნისგან შეუქმნია უფალს (პირადად უფლისგან მოისმენდნენ ამ ამბავს უთუოდ), ნეკნი კი ერთადერთი უტვინო ძვალია – ხარობენ საკუთარი უპირატესობით და ავიწყდებათ, რომ ამ პრინციპით მათი სათაყვანებელი დედებიც მთლად საამაყო წარმოშობის არ გამოდიან (ლოგიკა აშკარად არაა ქართველი მამრების ძლიერი მხარე).

მივიღეთ ‘’ტრადიციული’’ ქართველი ქალის სახე – მორჩილი, ქმარს უბიწოდ ჩაბარებული “საკუთრებაში’’ (გაგანია 21-ე საუკუნეში საქართველოში ჯერ კიდევ უხვად იკერავენ საქალწულე აპკებს სწორედ ამ მიზნით. მეუღლე იქეთ იყოს, ბევრ ქართველ “ვაჟკაცს’’
დებისა თუ ნათესავების აპკებზეც აქვს მკაცრი კონტროლი დაწესებული, ემანდ ვინმემ რამე არ წამოგვაძახოსო. ეგეთების ”წამოძახების” ცეცხლივით ეშინიათ ვითომცდა უშიშ ”ადათისმცველებს”). მოკლედ, ადგილობრივი მამრი მეუღლეს, მით უმეტეს შვილების დედას, სარეცელზე უკადრისს ვერაფერს შეკადრებს და ბახუსით ევქარისტიის შემდგომ, ტრადიციული ეროტიკული შარი-შურებისთვის სხვა ადგილები და კადრები აქვს გამოყოფილი (‘’აბა საუნაში მნახე, ვინა ვარ!’’)

თუ ქმრისადმი უბრალო შეპასუხება დედის გინებისა და ცემა-ტყეპის სავსებით ლეგიტიმური საფუძველია “ტრადიციულ” ქართულ ოჯახებში, ქმრის ეჭვიანობაზე რაღა უნდა ვთქვათ (საფუძვლიანია თუ არა, ეს დიდად არ აინტერესებს “წილნახვედრ” სოციუმს – “კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო”, – ესეც ქალებს მოურგეს ქართველმა “რაინდებმა’’).

შესაბამისად, “დაბალი ღობეც” და “განტევების ვაციც’’ აგერ გვყავს და სახლს გარეთ ყველანაირად ხელმოცარული, მაგრამ ამბიციებით სავსე “წილნახვედრი’’ მამრები საკუთარ ოჯახებში, პირველ რიგში კი მეუღლეებზე იყრიან ხოლმე ჯავრს ამ ხელმოცარულობის გამო. ქალის მორევას რა უნდაო…

რამდენიმე წლის წინ ფაქტიურად ფემიციდის (ქალების კვლა გენდერული ნიშნით) შემოტევა იყო საქართველოში, უამრავი ცოლი შეიწირეს ქმრებმა (მათ შორის ყოფილიც, საჯაროდ და ეს შემთხვევაც არ გაკვირვებია დიდად ჩვენს “ღვთისმოსავ’’ საზოგადოებას, – “ყოფილი ცოლის’’ ცნებაც არ არსებობს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს). ამის ფონზეც კი, ეკლესიამ უარყო ამ პრობლემის არსებობა, სასტიკად შეეწინააღმდეგა ‘’ფემიციდის’’ კანონის მიღებას (არგუმენტი ქვას ხეთქავს – რა საჭიროა ცალკე კანონი, ეგრე კაცებსაც ხომ კლავენ!), და ანტიდისკრიმინაციული კანონის არ იყოს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც მიაღწია მიზანს. მეტიც, ქადაგებებში გაჟღერდა, რომ ცოლის მკვლელობა კი ცუდია, მაგრამ მამაკაცებსაც უნდა გავუგოთ – თურმე უკიდურესმა სოციალურმა პრობლემებმა და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობამ ძალიან გაუფუჭა ნერვები “ოჯახის მარჩენალებს’’. მოკლედ, მკვლელი მამრები მდგომარეობის მსხვერპლად გამოიყვანეს ლამის… ამ დროს, დიდი ხანია ვხედავთ, რომ ქართველი ცოლების საგრძნობი ნაწილი ოჯახში შემომტანის “მამაკაცურ’’ ფუნქციასაც მშვენივრად ითავსებს და ინახავს მათ მიერვე გამოგზავნილი ფულებით ‘’მოგულავე’’ ქმრებს და “ვაჟკაც’’ შვილებს, ხშირად წლობით უცხო ქვეყნებში გადახვეწისა და უმძიმეს პირობებში შრომის ხარჯზე. და მაინც, ასეთი ოჯახების “თავებადაც’’ უპირობოდ ეს მამაკაცები ითვლებიან.

ცნობილია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, გოგონების შემთხვევაში ბევრად მეტი აბორტი კეთდება, ვიდრე ვაჟების. რამდენიმე წლის წინ სარვამარტო მიტინგზე ფემინისტი ქალების ლოზუნგზე “ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანია!’’, ისე გულწრფელად აღშფოთდნენ მამრები და მათი მამაოები, თითქოს ამ ფუჩუს ბედ-იღბალს მართლაც საქართველოს საპატრიარქო უნდა განკარგავდეს და არა – მისი პატრონი.

ამ ამბების ფონზე, საქართველოს პატრიარქი გვმოძღვრავს — ცოლმა სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ქმარს ფეხები უნდა დაბანოსო, თითქოსდა დალხენილი ცოლები, როგორც წესი, მთელი დღის განმავლობაში მხართეძოზე წამოწოლილნი ელიან ჯაფით წელში გაწყვეტილ ქმრებს.

და ეს ყველაფერი ე. წ. “ქალის კულტის” ეგიდით ხდება. ოდესღაც შეიძლება მართლაც არსებობდა ეს კულტი (დედა-ენა, დედა-ბოძი, დედა-სამშობლო, და-ძმა, ცოლ-ქმარი და ა.შ.), მაგრამ ამჟამად ჩვენს თვალწინ შემდეგი რეალობაა – ეს ’’კულტი’’ ძირითადად სუფრებზე, დიასახლისების თამადობით მანდილოსნებისადმი მიძღვნილ დაუსრულებელ სადღეგრძელოებსა და ხოტბაში გამოიხატება (დიასახლისი ნემსებზე გრძნობს თავს ქება-დიდების მოსმენისას, რადგანაც ამ დროს ტაფაზე უყურადღებოდ მიტოვებული კერძი შეიძლება დაეფუფქოს).

ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო და უცნაურიც ისაა, რომ სასიკეთო ტენდენციის მიუხედავად (სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ირაზმება საკუთარი უფლებების დასაცავად), ჯერ კიდევ თავად უამრავი ქალი დგას ქალთმოძულე ‘’მამაოებისა’’ და მამრების მხარეს და ნებაყოფლობით ირგებს მეუღლის “საკუთრების’’ როლს (‘’მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო’’, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, გნებავთ – “სტოკჰოლმის სინდრომი’’ დაარქვით).

და მაინც, ქალიც ადამიანია?