ბლოგები

ფატიმა რომანოვა – ფემინისტური დღიურები

მე ფატიმა რომანოვა ვარ, პასპორტით 25 წელს გადაცილებული, თუმცა თავს აღვიქვამ არაუმეტეს 20 წლისას და ეს იმიტომ, რომ ჩემი გენდერული თვითიდენტიფიკაცია დაიწყო 5-6 წლის ასაკიდან.
მე თბილისის და ზოგადად საქართველოს ტრანს თემის წარმომადგენელი ვარ. მე, სხვა ჩემ თანამებრძოლეებთან ერთად, ვცდილობ, მქონდეს დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და ასევე ვმუშაობ ხილვადობასა და ტრანს თემის აქტივობებზე.
მე ფემინისტი ვარ, ტრანსფემინისტი და ქვიარ აქტივისტი.
ჩემი პირველი ბრძოლა ამ დრაკონულ სისტემასთან ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაიწყო, იმ პერიოდში, როცა უკვე შესანიშნავად ვიაზრებდი იმას, თუ ვინ ვარ, რა მინდა და რას მოვითხოვ სხვებისგან.
როგორ დაიწყო ყველაფერი? დიდი ხნის განმავლობაში, სათითაოდ, ჯაჭვის რგოლების აღდგენა მომიწევს. თუმცა, კეთილი, ერთი მაგალითი და ყველაფერი აშკარა გახდება. წარმოიდგინეთ, როცა ხარ ასე 4-5 წლის, იცვამ დედიკოს ყველაზე ლამაზ კაბას, ისვამ პომადას და ბზრიალებ სარკესთან. თავი გგონია ყველაზე ლამაზი პრინცესა, ფერია. ისეთი ლამაზი, რომ მძინარე მზეთუნახავ ავრორას და ქალთევზა არიელსაც კი შეშურდებათ შენი. ამასობაში, ოთახში შემოდის შენი ოჯახის წევრი და ხედავს ამ სურათს. ჰაჰ, და აი ზუსტად ის პირველი ბრძოლა. ჯერ, რა თქმა უნდა, ფიზიკური და შემდგომ – სიტყვიერი.
უსიტყვო შემოლაწუნება სახეში. სასტიკად ულამაზესი კაბის შემოხევა. ჩემი მისამართით დაყვირება. ვინც კი შინაა, ყველას დაძახება. შეკრება ერთ ოთახში და ჯგუფურ-ხალხური დაცინვა. შერცხვენა. ცრემლები. ჩემი ცრემლები. ნაკბენი ტუჩი. სისხლი. ჩემი სისხლი. ხანგრძლივი მოსმენა იმის, რომ ასე არ უნდა მოვიქცე, რადგან ჩემი ოჯახის წევრებმა ჩემს გამო შერცხვენილებმა არ უნდა იარონ.
5 წუთი. 10 წუთი. 15 წუთი… კიდევ. კიდევ. ვუსმენ. შევწყვიტე ტირილი. ავწიე თავი და აი აქ მოხდა ჩემი პირველი პროტესტი. ვთქვი. ხმამაღლა. ინფანტილურად, თუმცა გაბედულად: მე გოგო ვარ.
ასე დაიწყო და გაგრძელდა. ოჯახი. უბნის ბავშვები და მათი ოჯახები. სკოლა, დაწყებითი კლასები. უფროსი კლასები. შეიძლება, უკვე ვეღარ ვამბობდი, თუმცა უსიტყვოდ ვებრძოდი პატრიარქალურ სისტემას. ვიყავი გარიყული. ძალადობის ობიექტი. ბულინგის მსხვერპლი. მტკიოდა. მამტრევდა. თუმცა ახლა მიხარია, რომ არ დავნებდი. ვამაყობ, რომ გავუძელი.
სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში თავდაპირველად მარტო ვიყავი. ძლივსძლივობით შემეძლო სრულწლოვნებამდე საკუთარი თავის დაცვა. არა, ერთეული მაგალითები კი მაქვს, როცა პატარა დაღრენილი ძაღლუკასავით ვცდილობდი სხვის დაცვას, ვინც ჩემსავით იჩაგრებოდა, თუმცა… არ მინდა ამაზე საუბარი: მაინც გამოვდიოდი სუსტი, მტყუანი და დამნაშავეც კი.
2013 წელი, 14 თებერვალი. ჰაერში „რომანტიკა“ ტრიალებს – გულები, ბრჭყვიალები, ვარსკვლავები და მიაუმიაუები. ეს ყველაფერი დიდად არ მომწონს და არც ისე მხიბლავს, რადგან სიყვარულს კონკრეტული დღე არ სჭირდება. შევდივარ ფეისბუქზე და ვხედავ მოწვევას რაღაც საინტერესო ღონისძიებაზე, სახელწოდებით V-Day. ინფორმაციაში წერია „ჩვენ ვცეკვავთ ძალადობის წინააღმდეგ“. მაშინვე მივხვდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, მითითებულ დროს და ადგილას, იქ მივედი. ვიდექი მარტო და არავის არ ვიცნობდი გარდა რამდენიმე ადამიანისა. ჩაირთო მუსიკა და მე ჩავვარდი ე. წ. ტრანსში. სიამაყით და ერთდროულად გაშტერებით ვუყურებდი ცეკვას. გოგოები თეთრ მაისურებში ცეკვავდნენ. ცეკვავდნენ ამაყად, გაბედულად. ძლიერი გოგოები. მათ საჯაროდ გამოუცხადეს ძალადობას და ჩაგვრას -არა!
იმ წამს მივხვდი, რომ მეც ამ ბრძოლის ნაწილი ვიყავი და უნდა უფრო გავძლიერებულიყავი და გამეძლიერებინა ბრძოლა ამ საშინელი, დრაკონული პატრიარქალური სისტემის წინააღმდეგ. თავდაპირველად კი, იყო ჩემი ბრძოლა მასობრივი სცენებით დაიწყო, აქციებში და მსვლელობებში მონაწილეობით. თუმცა, დღეს მე ხმამაღლა ვლაპარაკობ და ვიბრძვი. არა – ქალზე ძალადობას!

აქტივიზმი
საქართველოში ტრანს თემის მიმართ დამოკიდებულება არის ნეგატიური. ტრანს ქალი თუ ტრანს კაცი – არ აქვს მნიშვნელობა: ერთიც და მეორეც ერთნაირად არ ჯდებიან „ნორმაში“. ტრანსფობია იკითხება ყველგან და ყველანაირ ასპექტში. ოჯახი, საზოგადოება, სამსახური, ჯანდაცვის დაწესებულებები – მას აწყდები ყველგან.
ხშირად მიწევს ჩემი გენდერული იდენტობის დამალვა, რადგან არსებობს გარკვეული შიში. არა იმიტომ, რომ მეშინია, მე რამე დამემართოს, არამედ იმიტომ, რომ მეშინია, ოჯახი არ დავაზიანო – მე მყავს ძმის და დის მცირეწლოვანი შვილები. ადამიანები ზოგადად ბოროტები არიან, სჩვევიათ შურისძიება, ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდ.
მე აქტივისტი ვარ, ღიად გამოვდივარ, ვლაპარაკობ არამარტო ტრანს თემის სახელით, არამედ ლგბტ+თემის პრობლემებსა და საჭიროებებზე, მაგრამ მე ყოველთვის არ შემიძლია ჩემი სახელით როგორც ტრანსგენდერი ქალის სახელით, საუბარი.
საქართველოში ყალიბდება გარკვეული სტერეოტიპები, რომლებიც შემდგომ სტიგმის ფორმირებას ახდენენ. ტრანს კაცები იშვიათად კავდებიან კომერციულ სექს სამუშაოთი, ტრანს ქალები – ხშირად. ქალები ხდებიან შეურაცხყოფის მსხვერპლები, დისკრიმინაციის – ჰეტეროსექსუალი და სისგენდერი მამაკაცების მხრიდან: ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სახლშიც, ინტერნეტშიც.
საქართველოში ტრანს ქალები განიცდიან გაცილებით მეტ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ვიდრე ლგბ თემი. სამწუხაროდ, ეს ასეა. ტრანს ადამიანებს აქვთ განსხვავებული თვითგამოხატვა, ამიტომ ტრანს თემის შიგნითაც არ არის ერთიანობა.
მე შემიძლია, ვატარო წვერი, არ ვიარო ყოველდღიურად ეპილაციის გასაკეთებლად, ამასობაში მესვას ტუჩსაცხი და ვატარებდე გრძელ გაშლილ თმას. ეს არასისნორმატიელია და არაჰეტერონორმატიულია. ეს იწვევს აგრესიას.

ოჯახი
საქართველო კავკასიაა – აქ ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და მას აქვს თავისი პირობები და ნორმები. ძირითადად აქ ფიგურირებს სექსიზმი. ქალები თამაშობენ მეორეხარისხოვან როლს. ეს ბალასტი, ზედმეტი მძიმე ტვირთია, რომელიც კაცმა უნდა ათრიოს: „აი გათხოვდები, ქმარი მოგხედავს, ღმერთო, ოღონდ პირველი ვაჟი შეგეძინოს“ და ა.შ. ნაკლებად ფასდება ქალის შრომა და საქმიანობა ოჯახში – ეგ „ვალდებულებაა“.
აქ ძალიან ხშირად ხდება დანაშაულები სიძულვილის ნიადაგზე, ყვავის სექსიზმი. ქმრები, მამები, ძმები, ვაჟიშვილები ქალებზე მუდმივად ძალადობენ.
მაგრამ, დღესდღეობით, ჩემი ოჯახი – ჩემი სიამაყეა, ჩემი სიმდიდრე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მე მიმიღო. მე ყოველთვის ვიზრუნებ მასზე. ჩემთვის მთავარია, რომ ოჯახის წევრები არ იყვნენ ცუდად. ჩემმა ოჯახმა იცის ჩემი გენდერული იდენტობის შესახებ. ჩემი დები, ძმები, დედა ძალიან მეხმარებიან და გვერდში მიდგანან ნებისმიერ წამოწყებაში. თუმცა, მამასთან ამ საკითხში ცოტა რთული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ გლობალურ პრობლემებზე, გენდერულ იდენტობისგან მოშორებულ თემებზე. პირადზე ლაპარაკი მასთან საშიშია – ეს ადამიანი არის საბჭოური აღზრდის, ჰომოფობი და ტრანსფობი.
რაც შეეხება ჩემს პირად ოჯახს, ვიცი, რომ მე მეყოლება პარტნიორი და მასთან ოჯახს შევქმნი. ის არ იქნება არც ჰეტერონორმატიული და არც სისნორმატიული. არც მჭირდება, რომ იყოს დარეგისტრირებული ქორწინება. ქორწინება მჩაგვრელი აქტია. იყოს ჩვენი ოჯახი არატრადიციული, – მაგრამ ჩვენ ვიქნებით ბედნიერები.
პროსტიტუცია
ტრანს ქალების უმეტესობა სექს ინდუსტრიაშია ჩართული. ზოგს ჰყავს მფარველი, ზოგი მუშაობს საკუთარ თავზე. ისინი ან ქუჩებში, ე. წ. პლეშკებზე დგანან, ან ინტერნეტის მეშვეობით მუშაობენ. იღებენ არც ისე ცოტა ანაზღაურებას, მაგრამ არც ისე ბევრს, რომ დაიწყონ სქესის კორექცია (ტრანზიცია).
არიან ქროსდრესერები, რომლებიც ამას მხოლოდ ფულის საჭიროების გამო აკეთებენ. საპირისპირო სქესის ტანსაცმელს ჩაიცვამენ და მუშაობენ. ისინი არ არიან ტრანსგენდერები, თუმცა, საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ ილაპარაკონ ტრანსგენდერი ადამიანების სახელით, როცა არც კი არიან სათანადოდ გაცნობიერებულები ამ საკითხებში და არ იციან რეალური პრობლემების შესახებ. ეს საწყენია.
მე თვითონ, გარკვეული პერიოდი აქტიურად ვიყავი ჩართული ამ სისტემაში. ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, როცა ვხედავდი, როგორ პასუხობდნენ კლიენტების შეკითხვებს ე. წ. გადაცმულები და ამბობდნენ, რომ ისინი ტრანსგენდერები არიან. არა, არავის ვზღუდავ და არავის არ ვუწყვეტ გენდერს, თუმცა იმისთვის, რომ თქვა, რომ ტრანსგენდერი ხარ, ამ საკითხის შესახებ მცირე ინფორმაცია და განათლება მაინც უნდა გქონდეს. ზოგი ტრანსგენდერობას იბრალებს იმისთვის, რომ მეტი კლიენტი მოიზიდოს. მიდიან რადიოში, ტელევიზიაში და ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია და ცოდნა. გენდერული განათლების მათი დონე ძალიან დაბალია.
სექს ინდუსტრია საქართველოში წამგებიან პოზიციაშია. იწერება ძალიან ბევრი ჯარიმა. გადაყავთ КПЗ-ში – ქალები რამდენიმე საათით აკავებენ კიდეც იმის გამო რომ ისინი ღამის საათებში მუშაობენ.
როდესაც მე ვიყავი სექს მუშაკი, მე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მცემდნენ. ყოველთვის ვიყავი დაუცველი. შეეძლოთ წავეყვანე „მოვალეობის შესასრულებლად“, კლიენტებს არ მოეცათ ფული და ვეცემე. გაუპატიურების შემთხვევები მე პირადად არ მქონია სექს მუშაკობის პერიოდში, თუმცა ჩემ თანამშრომლებს ჰქონდათ. სამაგიეროდ, მქონია ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ძალიან მტკივა და მწყინს ამის გახსენება.
ძალიან ბევრი ნაიარევი დამრჩა იმ პერიოდიდან. ძალიან ბევრ ნაცნობ სექს მუშაკს ჩემსავით აქვთ ნაიარევები. და ფიზიკურის გარდა, სულიერი ნაიარევი რამდენია?!
დღესდღეობით, მე აღარ ვარ აქტიურად ამ ბიზნესში, მაგრამ მეგობრული ურთიერთობები ბევრ ტრანს სექსმუშაკთან შემომრჩა. ისინი ისევ დაუცველები არიან. იმის მიუხედავად, რომ ფული აიღება წინასწარ, ცემის შემდეგ, მოძალადე „კლიენტი“ ართმევს უკან ფულს. მსგავსი ფაქტები ხშირია. ძალადობა მოდის ყველა მხრიდან – კლიენტებისგან, ჩვეულებრივი გამვლელისგან, პოლიციისგან.

ორი აქცია
მინდა დავბრუნდე 2013 წელში. 17 მაისს, როდესაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, აქციის ჩატარებას ვაპირებდით. და რა? სწორედაც აღვნიშნე – ვაპირებდით, რადგან აქცია ვერ ჩატარდა. ვერც კი მოვასწარით ცისარტყელის დროშის ფერების ზოლებად ფლეშმობის გასაკეთებლად დადგომა, რომ კონტრ-აქციის მონაწილეებმა, სასულიერო პირების მეთაურობით, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, მუშტებით შევარდნენ. პოლიცია აზრზე არ იყო, რა გაეკეთებინა, და რამდენიმე წუთით ვერ გადაწყვიტა, გაეგრძელებინათ იმის ყურება, რაც ხდებოდა, თუ დაგვხმარებოდა ჩვენ, აქციის მონაწილეებს.
ყვირილი მომესმა, რამაც ძალიან შემაშინა და მაიძულა, შევბრუნებულიყავი იქით, საიდანაც მორბოდნენ ჯერ ჩვენი აქციის მონაწილეები, მერე პოლიციელები. ისინი ყვიროდნენ, რომ ავტობუსებში გავქცეულიყავით. პოლიციელების შემდეგ მორბოდა მთელი კონტრ-აქცია. გულში უკვე ვემშვიდობებოდი მშობლებს, ყველა ჩემს ნათესავს და მეგობარს, იმიტომ, რომ უკვე მზად ვიყავი – ან ქვებით ჩაგვქოლავდნენ, ან დაგვგლეჯდნენ შიშველ ხელებით. ესეთი აგრესია, სიძულვილი, არასოდეს მინახავს, ალბათ – მხოლოდ წიგნებში, ეშმაკის გამოსახულებებზე…
მიპასუხეთ, როგორ შეიძლება, რომ მამაომ ან სხვა სასულიერო პირმა, ვითომ ღმერთის სახელით, კურთხევა მისცეს ხალხს იმისთვის, რომ აქციის მონაწილეები ჩაქოლონ? ბოლოს და ბოლოს, თუკი ღმერთი არსებობს და ყველა ღმერთის შვილია, მაშინ ჩვენც, ლგბტ ადამიანები, ღმერთის შვილები ვართ. ნუთუ ღმერთს უნდა, რომ ერთი ადამიანი გამოვიდეს და მეორე სცემოს, დაჭრას ან მოკლას მხოლოდ იმის გამო, რომ ის განსხვავებულია?
რატომ არ გამოდის ამდენი საქართველოს “ზნეობის” დამცველი მილიონობით უსახლკარო ბავშვის დასაცავად? რატომ არ ახსოვს გაჭირვებული მოხუცები? რატომ არ გამოდიან მკვლელობების და გაუპატიურებების საწინაარმდეგო აქციებზე ან გარემოს დაცვის და გამწვანების აქციებზე ასე მრავლად?
17 მაისის შემდეგ, ქუჩაში გასვლა საშიში იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხი აგრესიულად იყო განწყობილი: ადამიანები გამოდიოდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლების საძებნელად, იმისთვის რომ ეცემათ ისინი, ანდა მოეკლათ. დღემდე ვერ ვივიწყებ, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად და როგორი ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა გადავიტანე სამი დღის განმავლობაში.
17 მაისს აქციის შემდეგ მცემეს. ცოტაღა დამაკლდა იმისთვის რომ მივსულიყავი სახლამდე, სადაც მე ვცხოვრობდი. მეორე დღეს მინდოდა, ჩემი მშობლების მონახულება, დამემშვიდებინა ისინი და მეჩვენებინა, რომ ცოცხალი ვარ. უბნის ბიჭებმა დამიჭირეს, რომლებიც ბავშვობიდან მიცნობდნენ, იცოდნენ, ვინც ვიყავი. ტელევიზორში მნახეს, რომ აქციაზე ვიყავი, მცემეს, სანთებელათი თმა დამიწვეს. მას შემდეგ, დღემდე, კიდევ განვიცდი სოციოფობიას.
19 მაისს, როცა ამ მოვლენების შემდეგ პირველად გავედი სამსახურში, მე იქიდან გამიშვეს, სიტყვებით: „შენ პიდარასტკა ხარ, პიდარასტების აქციაზე იყავი, როგორ გიძლებთ დედამიწა, მოკვდი“.
აქციამ გვიჩვენა, რომ უმეტესობა ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების გულმოდგინებით აღვივებს ხალხში სისასტიკეს და ჰომოფობიას: სასულიერო პირები მოუწოდებდნენ მრევლს, რომ ისინი გამოსულიყვნენ გარეთ და გაგვსწორებოდნენ ჩვენ. სისასტიკე მოდის ეკლესიის მსახურების მხრიდან. მე მჯერა, რომ ბიბლია გვასწავლის სიყვარულს და ერთმანეთის მიმღებლობას. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი წაკითხვა სხვანაირადაც შეიძლება. სამწუხაროდ, მაგრამ როგორც „ყოფილმა“ მორწმუნემ, შემიძლია ვთქვა, რომ დავკარგე ეკლესიის რწმენა, მაგრამ არ დავკარგე საკუთარი თავის რწმენა.
გარკვეული პერიოდი, სახლიდან არ გამოვდიოდი: მიმიმართავს ფსიქოლოგისთვის, ვიჯექი დამამშვიდებლებზე, ტრანკვილიზატორებზე. თუმცა მალე დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას. გამოვდივარ აქციებზე, კონფერენციებზე. მას შემდეგ, გავიდა უკვე 4 წელზე მეტი და მე ვაგრძელებ აქტივიზმს.
8 მარტი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აღნიშნავენ ე. წ. ქალთა საერთაშორისო დღეს. პატრიარქალური საზოგადოება საღამოს იკრიბება სუფრასთან, სვამს დაუსრულებელ სადღეგრძელოებს ქალებზე. ყველაზე სასაცილოა და გაუგებარი კაცების რეაქცია ამ დღეზე, როცა ისინი ყიდულობენ გაზეთში გახვეულ ყვავილებს, ძალიან სწრაფად ნაყიდი საჩუქრებსა და სხვა ბუტაფორიას. ეს მახინჯი მცდელობაა, ქალმა იგრძნოს თავი ქალად. და ეს მხოლოდ 8 მარტს ხდება, როცა რეალურად ასე უნდა იყოს ყოველდღე და არა – წელიწადში ერთხელ. ეს დღე არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ყვავილებთან და ზედმეტ დასვენების დღესთან, იმ დროს, როცა თავდაპირველი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა ამ თარიღისა რჩება ყურადღების მიღმა. 8 მარტი არის ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. მაშასადამე, მე არ მჭირდება ყვავილები, მე მჭირდება უფლებები.
2017 წლის 8 მარტი. ძალიან ვნერვიულობ. გვაქვს მსვლელობა. ქალთა მარში ფილარმონიიდან, პარლამენტის შენობამდე, სადაც გვექნება აქცია და ერთ-ერთი გამომსვლელი ვარ მე.
თავზე მოხვეული თავშალი. მხრებზე ტრანს დროშა. ამაყი ნაბიჯებით ვმონაწილეობ მსვლელობაში. ვიჭერ ჩემკენ მომართულ ხან ზიზღის, ხან გაკვირვებულ მზერებს. გვესმის სხვადასხვანაირი რეპლიკები ჩვენი მისამართით. როგორ გავბედეთ ქალებმა და გამოვედით ქუჩაში, როგორ გავბედეთ ხმამაღლა ლაპარაკი ჩვენს პრობლემებზე? ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ მამაკაცები დაგვცინოდნენ და მობილური ტელეფონით გვიღებდნენ. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ეს ჩვენი დღეა. ამაყად მივდივართ. რაც უფრო ვუახლოვდებით პარლამენტის შენობას, მით უფრო იმატებს ჩემში ნერვიულობა. მიშრება პირი. გული ამოვარდნაზე მაქვს. ვკანკალებ ნერვიულობისგან, რომ ახლა მალე უნდა გამოვიდე ქალაქის ცენტრში, ხალხის წინაშე და მიკროფონში უნდა ხმამაღლა ვთქვა ის, რომ მე ვეწინააღმდეგები ტირანულ პატრიარქალურ სისტემას, რომელსაც ემსხვერპლა ჩემი დები. ჩემი ტკივილი.
ვუსმენ ჩემს წინ გამომსვლელებს და ვხვდები, რომ მათი სიტყვები მაძლიერებს, იმის მიუხედავად, რომ მეშინია ხალხმრავლობის. დილით დედამ მითხრა, რომ ეშინია ჩემი აქციაში მონაწილეობის. ამასობაში დადგა ჩემი გამოსვლის წუთი და ვხვდები, რომ რაც წინასწარ მქონდა დაგეგმილი სალაპარაკო, ჩვეულებრივად ამომივარდა თავიდან ნერვიულობისას. ვიწყებ ლაპარაკს და ვხვდები იმას, რომ მე მტკივა ეს დღე, რომ ირგვლივ უსამართლობაა და ტრანს ქალები არ ვართ ბედნიერები. ვიწყებ ტირილს. ოჰ, ეს ცრემლები. არ მიყვარს ტირილი. დიდი ხანია, გადავეჩვიე ტირილს, თუმცა, ეს ცრემლები იყო ყველაზე გულწრფელი ჩემს ცხოვრებაში. თანდათანობით ვხვდები, რომ მე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ გულით, ღირსეულად – იმაზე რაც მე მტკივა. მე მტკივა ტრანსფობია!
ზუსტად მარტის თვეში, ყველაზე მწვავედ მტკიოდა. გარდა 8 მარტისა, ვიყავი ერთი მშვენიერი პროექტის მონაწილე, „ქალები საქართველოდან“. ჩემს ულამაზეს ფოტოებს და ჩემი ცხოვრების ისტორიას დასცინოდნენ. მაგინებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ამხელა კიბერბულინგს და სტრესს ძალიან მძიმედ ვუმკლავდებოდი. მხოლოდ სუიციდზე არ მიფიქრია, დანარჩენ ყველანაირ რადიკალურ ქმედებებზე მზად ვიყავი. ძლივს გადავიტანე ამხელა სტრესის პირველი ტალღა და მზად ვიყავი აგრესიის მეორე ტალღისთვის, ჩემი გამოსვლის შემდეგ. თუმცა, მე გამოვიმუშავე გარკვეული იმუნიტეტი. არც ვკითხულობდი და არც ვაქცევდი ყურადღებას კომენტარებს. თუმცა, ქუჩაში უზრდელი შეძახილები ჩემი მისამართით მაინც მწყინდა. მე ქალი ვარ, თუმცა ტრანსფობი საზოგადოება ჩემს გენდერულ იდენტობას მეორეხარისხოვან რამედ თვლის. მუდმივად ომში ვარ, მაგრამ შეტევაზე არ გადავდივარ. თავს ვიცავ მშვიდობიან დროსაც კი. ეს მწარე რეალობაა, თავისი ლურსმნებით და სისხლით, წამებითა და საშინელი მსხვერპლებით. იყო ტრანს ქალი – ნიშნავს, მუდამ ემზადებოდე ბრძოლისთვის ან სიკვდილისთვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც გადადის ფიზიკურში. ან იბრძვი, ან სასტიკად განადგურებენ. არ არის გამორიცხული, რომ სანამ ეს ბრძოლა კიდევ არსებობს, მეც გამანადგურებენ, მაგრამ ეს ხომ უკეთესია, ვიდრე – დატოვო სამყარო საკუთარი ნებით. მე გავაგრძელებ ბრძოლას. ჩვენ გავიმარჯვებთ!

მჯერა სიყვარულის ძალის
ოპტიმისტი ვარ. ინფანტილური ვარ და ეგ მახარებს, რადგან ეს მშველის, ვიცხოვრო მეტ-ნაკლებად მშვიდად. ძალიან ემოციური ვარ. შემიძლია, ვინერვიულო წვრილმანებზეც, მაგრამ მალე ვმშვიდდები, უფრო სწორედ, ვიმშვიდებ თავს. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და ბედნიერი. მყავს საოცარი მეგობრები, ბევრი ამხანაგი და ნაცნობი. გარდა იმისა, რომ აქტივისტი ვარ, ვმუშაობ სოციალურ მუშაკად და მიმტანად. შრომისმოყვარე ვარ.
ძალას მაძლევს სიყვარული – ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან და ჩემი თანამებრძოლებისგან. მე ორი ოჯახი მყავს, ჩემი ბიოლოგიური ოჯახი და ქვიარ ოჯახი, რომელშიც ყოველთვის არის იგივე სითბო, სიყვარული და ალერსი, რაც სახლში. აქ ისევე, როგორც სახლში, ყველას თავისი როლი აქვს. ეს მეხმარება, რომ უფრო ვეცადო და მჯეროდეს მომავლის. მე მჯერა სიყვარულის ძალის.
თავის დროზე, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა უწოდა საქართველოს თავისუფლების ჩირაღდანი, გულისხმობდა რა იმას, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა კავკასიაში რომელიც ყველაზე ტოლერანტულია, რომ აქ სიმშვიდეა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი.
ჩემთვის, ჩემი ახლობლებისთვის, მათთვის, ვისი სახელითაც მე ვსაუბრობ, ეს არის ტრანსფობიის ტერიტორია.
საქართველოში არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელშიც ნახსენებია სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, თუმცა ის არ მოქმედებს, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვებია: რეალურ ცხოვრებაში ყვავის ქსენოფობია!
ხანდახან მეშინია წარმოვიდგინო ის, თუ რა გველის. გავიმეორებ, მე ოპტიმისტი ვარ და ჩემი მეგობრებიც, კოლეგებიც ოპტიმისტები არიან, ჩვენ გვჯერა უკეთესის, მაგრამ დღეს – საშიშია.
ბრძოლა გრძელდება!

ტრანზიცია
საქართველოში თუკი გაქვს „ტრანსგენდერის მოწმობა“, საბუთებს მაინც არ ცვლიან. უნდა გაიარო ტრანზიციის ყველა საფეხური, სტერილიზაციამდე. ზოგ ტრანსგენდერს აქვს სამედიცინო ჩვენებები, რომ არ გაიაროს ტრანზიცია, ზოგს არ გააჩნია საკმარისი ფინანსები, ზოგს კიდევ არც აქვს სურვილი, რომ გაიაროს ყველა საფეხური.
მე ინტერსექსი ვარ XXY ქრომოსომით, ე. წ. კლაინფელტერის სინდრომით. ხანდახან მე მომწონს მასკულინურად ჩაცმა და ეს იწვევს ეჭვს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალი ვარ. მე ვიცი, რომ ვარ ქალი.
საბუთების შეცვლის პირობებს არ აქვს ადამიანური ხასიათი, რეპრესიულია უფრო, იგი არ ითვალისწინებს ტრანს ადამიანების ინტერესებს. ერთ-ერთმა ჩვენმა ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, მოთხოვნით, რომ საბუთების შეცვლა მოხდეს „ტრანს მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცემა კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი კომისიის მეთვალყურეობის შედეგად. დღესდღეობით, სამინისტროსგან პასუხი ჯერ კიდევ არ არის.

ჩვენ ვიბრძვით სიყვარულისთვის
ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, თუმცა უკან არ უნდა დავიხიოთ. ვიბრძოლოთ ცხოვრებისთვის. ღირსეული ცხოვრებისთვის. მომავლისთვის. თვითრეალიზაციისთვის. მე ვამაყობ თემის თითოეული წევრით, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენთაგანი – მებრძოლია, რომელიც ებრძვის სისტემას. ჩვენ ვიბრძვით სიყვარულისთვის. თუკი მივაღწევთ ბევრს, მხოლოდ სიყვარულის ძალის საშუალებით.