ქალზე ძალადობა

ფაჰირე კარას დაუჯერებელი ისტორია

ფაჰირე კარას (Fahire Kara) ისტორია იმდენად დაუჯერებელია, რომ ჰოლივუდში მისი მიხედვით ფილმის გადაღებაც კი შეიძლებოდა. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქურთული ქალაქის ბატმანის მკვიდრი ფაჰირე ქმარ აბდულასთან ერთად 1990 წელს მექას მოსალოცად გაემართა. მათ შინ 12 ბავშვი დატოვეს, რომელთაგანაც ყველაზე პატარა 9 თვისა იყო.

რაც შემდეგ მოხდა, მისი მთელი ცხოვრება ყირამალა დააყენა. 1990 წლის 2 ივლისს, ფაჰირე და მისი ქმარი მექის საფეხმავლო გვირაბში აღმოჩნდნენ. 45 გრადუსი სიცხის ფონზე, გვირაბში სავენტილაციო სისტემები გაითიშა. დაიწყო პანიკა. 1426 ადამიანი გაიგუდა.

აბდულა მძიმედ დაიჭრა, მაგრამ სანამ გრძნობას დაკარგავდა, მან ცოლი დაინახა, რომელიც მხურვალედ ლოცულობდა. იგი გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოეგო. იხვეწებოდა, გამომწერეთ, ცოლი უნდა მოვძებნოო, მაგრამ ყველა მორგისა და საავადმყოფოს მოვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ფაჰირე დაიკარგა. თურქეთში დაბრუნებულმა აბდულამ ოჯახს ცოლის სიკვდილის შესახებ ამცნო.

https://www.youtube.com/watch?v=_UuXB8eAb-c

გავიდა წლები. ფაჰირეს ერთ-ერთმა შვილმა მექადან დაბრუნებული მომლოცველისგან სუვენირებით მოვაჭრე ქალის ისტორია შეიტყო. მომლოცველის თქმით, როდესაც ქალმა ბატმანელების თურქული საუბარი გაიგონა, მათ დახმარება სთხოვა.

„მე თურქეთიდან ვარ, ბატმანის გარეუბნიდან, სოფელი ბეშირიდან, – ამბობდა იგი, – 1990 წელს მექის გვირაბში ჭყლეტვის დროს ქმარი დავკარგე. ერთმა ადგილობრივმა არეულობით ისარგებლა და მომიტაცა. მან ჩემი ყველა დოკუმენტი დაწვა და 6 წლის მანძილზე დამატუსაღა. პირველად სახლის დატოვების უფლება მაშინ მომცა, როდესაც ბავშვი გავუჩინე. მართალია, არავინ მეძებს, მაგრამ სახლში დაბრუნება მინდა!“.

იგივე ისტორია უამბეს ფაჰირეს შვილებს სხვა მომლოცველებმაც. მაშინ, ოჯახმა ცნობილ თურქ ჟურნალისტს მიუგე ანლის (Müge Anlı) მიმართა, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

რედაქციაში ზარებმა იწყო შემოსვლა, რომლის თანახმადაც, ეს ქალი მუდმივი კონტროლის ქვეშაა: როგორც კი თურქულად ხმას ამოიღებს, მასთან ჭაღარა კაცი ჩნდება და მაშინვე ლაპარაკს აწყვეტინებს.

მექაში ერთ-ერთი ოტელის თანამშრომელმა მიუგე ანლის ეს ამბავი გაუზიარა: „ერთხელ, როდესაც თურქული ტელეარხი ჩავრთე, სადაც თქვენი გადაცემა გადიოდა, ერთ-ერთმა კლიენტმა თქვა, რომ ფოტოზე აღბეჭდილ ქალს იცნობდა, და რომ იგი მედინაში ცხოვრობდა. მისი ქმარი, იემენიდან ჩამოსული ემიგრანტი, მას ჩაკეტილში აცხოვრებდა და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა, როცა ბავშვი გააჩინა. მას მაჰმუდ აჰმედ ატაულაჰი ჰქვია და ადგილობრივი მოვაჭრეა“.

როგორც იქნა, მიუგე ანლიმ ფაზლის ყველა ნაწილის შეგროვება მოახერხა: 2 ივნისის ჭყლეტვის დროს, ფაჰირე დაიჭრა. დაჭრილების საავადმყოფოში მისაყვანად, მექის ხელისუფლებამ მერიის თანამშრომლებს მიმართა. ატაულაჰი მაშინ მენაგვედ მუშაობდა. მან განაცხადა, რომ ფაჰირე საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ სინამდვილეში, იგი შინ წაიყვანა და ოთხ კედელში გამოკეტა. მისი მიზანი იყო ქალის მეორე ცოლად ქცევა, რათა ამ უკანასკნელს მისი მძიმედ ავადმყოფი პირველი ცოლისთვის მიეხედა. ტყვეობაში, ფაჰირეს სამი ბავშვი გაუჩნდა. მედინაში ყველამ იცოდა, რომ იგი მოიტაცეს, მაგრამ დუმდნენ.

როდესაც ფაჰირეს ისტორია ტელევიზიით გაჟღერდა და იგი შვილებმა იპოვეს, თურქეთში დასაბრუნებლად ფაჰირემ არაფერი იღონა. ამან ყველა გააკვირვა. არავინ იცოდა, რომ საბრალო ქალი მძიმე არჩევნის წინაშე იდგა.

თუ იგი თავისი გამტაცებლის წინააღმდეგ იჩივლებს, საუდის არაბეთის კანონების თანახმად, ამ უკანასკნელს საჯაროდ სიკვდილით დასჯა ელის. ახლა, მაჰმუდ აჰმედ ატაულაჰი 80 წლისაა, ფაჰირეს კი გული ეწურება იმაზე ფიქრით, რომ ქორწინების გარეშე შობილი მისი სამი შვილი მათი მამის სიკვდილით დასჯას დაესწრება, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა. მეორე მხრივ, თუ იგი იტყვის, რომ ამ კაცთან საკუთარი ნებით ცხოვრობდა, ამჯერად ქმრის ღალატისთვის უკვე მას ემუქრება ქვებით ჩაქოლვა, რადგან მანამდე ქორწინებაში იმყოფებოდა.

საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ფაჰირე კარეს შესახებ მეფე ალ საუდს დაელაპარაკებოდა.