ავტორი: ელენა ფერანტე (Elena Ferrante)
მე უარს ვამბობ სხვა ქალზე აუგის თქმაზე მაშინაც კი, როცა მან აუტანლად შეურაცხმყო. ეს არის პოზიცია, რომლის დაცვაც აუცილებლად მიმაჩნია სწორედ იმის გამო, რომ კარგად ვიცი ქალების მდგომარეობა: არ არსებობს ქალი, რომელსაც თითოეული დღის გადაგორება უდიდეს, გამაღიზიანებელ ძალისხმევად არ უჯდებოდეს. ღარიბი თუ მდიდარი, უბირი თუ ნასწავლი, ლამაზი თუ ულამაზო, უცნობი თუ სახელოვანი, დაქორწინებული თუ მარტოხელა, დასაქმებული თუ უმუშევარი, ბავშვიანი თუ უშვილო, მეამბოხე თუ თვინიერი, – ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ძირისძირობაშივე კაცის ათასწლეულობითი დომინირებით არის მოშხამული.
ქალები მუდმივი წინააღმდეგობებისა და არასტაბილური შრომის პირობებში ცხოვრობენ. ყველაფერი, მართლაც ყველაფერი მორგებულია კაცის მოთხოვნებზე – ჩვენი ქვედა საცვალი, სექსუალური პრაქტიკები, დედობაც კი. ჩვენ უნდა ვიყოთ როლებსა და მოდალობებს მორგებული ქალები, რომლებიც კაცებს აბედნიერებენ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ, შევეპაექროთ საზოგადოებრივ ადგილებში, გავხადოთ ისინი უფრო უკეთესნი, ვიდრე არიან, და ვიყოთ ფრთხილად, რათა ისინი არ შეურაცხვყოთ.
ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ძალიან მიყვარს, მითხრა: კაცებთან ყოველთვის პრობლემა მქონდა და მომიწია, მესწავლა, ზედმეტად მონდომებული აღარ ვყოფილიყავიო. მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ისწავლა, როგორ არ ყოფილიყო ზედმეტად ლამაზი, ზედმეტად ჭკვიანი, ზედმეტად ყურადღებიანი, ზედმეტად დამოუკიდებელი, ზედმეტად გულუხვი, ზედმეტად აგრესიული, ზედმეტად სასიამოვნო. ეს ყველაფერი „ზედმეტი“ კაცის ძალადობრივ რეაქციებს იწვევს, და სხვა ქალების მტრობას, რომლებიც იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ერთმანეთს ებრძოლონ კაცების მიერ დატოვებული ნამცეცების გამო. ეს ხდება მაშინ, როცა კაცების „ზედმეტად“ იწვევს საყოველთაო აღტაცებას და ძალაუფლებრივ წინსვლას.
ამის შედეგი ის არის, რომ ქალის ძალაუფლება მოშთობილია, და სიმშვიდის სახელით, ჩვენ საკუთარ თავებს ვიშთობთ. დღესაც კი, ფემინისტური მოძრაობის დაწყებიდან საუკუნის შემდეგ, ჩვენ არ შეგვიძლია, სრულად გვეკუთვნოდეს ჩვენი თავი. ჩვენი ნაკლოვანებები, ჩვენი სისასტიკე, ჩვენი დანაშაულები, ჩვენი სათნოება, ჩვენი სიამოვნება, ჩვენი ენა მორჩილად ეწერება კაცურ იერარქიაში, ისჯება ან შექებულია იმ კოდებთან შესაბამისად, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვეკუთვნის და გვქანცავს. ეს არის პირობები, რომელიც სხვებისთვისაც და თავად ჩვენთვისაც ოდიოზურობას გვიადვილებს. იმის საჩვენებლად, თუ რას ვუკეთებთ დამოუკიდებლობას, ჩვენს თავს უმოწყალო სიფხიზლე უნდა მივუსაჯოთ.
ამიტომაც, მე ყველა ქალთან სიახლოვეს ვგრძნობ, ხან რა და ხან რა მიზეზების გამო. დროდადრო, ადამიანები მეკითხებიან, ნუთუ არც ერთ ძუკნას არ იცნობო? რა თქმა უნდა, ზოგიერთს ვიცნობ, ლიტერატურა და ყოველდღიურობა მათი მსგავსებით სავსეა. მაგრამ, ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც მათ მხარეს ვარ.