სტატიები

„ფემინისტური“ ფოტოები, რომელსაც ფემინიზმთან საერთო არაფერი აქვს

სიტყვა „ფემინისტი“ ჩვენში საოცრად მრავალფეროვან კონოტაციებს მოიცავს. ქართველ ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრაზა „ფემინისტი არ ვარ, მაგრამ…“, რომელიც ფემინიზმისგან ამ ფრაზის გამჟღერებლის დისტანცირებას უპირობო „ინდულიგენციად“ ასაღებს. ჩვენში ახლა თავად ფემინიზმის არსის სწორი განსაზღვრის პრობლემა არ არის, მაგრამ საზოგადოებაში ძლიერია მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ფემინისტები „დომინირებისკენ მიდრეკილი ქალები“ არიან, რომლებიც „თავს არ უვლიან“, „სერიოზული კომპლექსებით არიან დახუნძლულნი“, „კაცებისგან ყურადღების ნაკლებობას განიცდიან და წიკვინით ცდილობენ ამის გამოსწორებას“ და ა.შ.

თავისთავად, ამ სტერეოტიპული მიდგომების საფუძველი ფემინიზმის, როგორც საყოველთაო თანასწორუფლებიანობის იდეის, განზრახ ან არაკომპეტენტურობის შედეგად დეგრადირებაში მდგომარეობს; პატრიარქალური კულტურის მძლავრი ფესვები პოზიციების ადვილად დათმობას სულაც არ აპირებს. თავისთავად, ფემინიზმზე მცდარი და დამახინჯებული წარმოდგენა მხოლოდ ქართული საზოგადოების პრობლემა როდია. ამ ფონზე, საინტერესოა იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებმაც ამ ცნებას ვიზუალიზაცია გაუკეთეს და ფაქტიურად, რაღაც დოზით, განსაზღვრეს კიდეც. ეს ადამიანები ფოტოგრაფები არიან. სწორედ მათ მიერ გადაღებული ფოტოები იგუგლება ფემინიზმის თეგით, როდესაც ფემინიზმის შესახებ რაიმე სტატიის ილუსტრირებას ვაპირებთ.

bananasთავმოყვარე ფოტოგრაფების უმრავლესობა, რომელთა ნამუშევრებიც პრესტიჟული ჟურნალების ფურცლებზე იბეჭდება, საკუთარ პროდუქციას ან შეკვეთით ყიდის, ან ჟურნალისთვის მუშაობს. ძალზე ცოტანი თუ თანხმდებიან საკუთარი ნამუშევრის დაჯიჯგნას და მასობრივ ფოტომარკეტში ჩაშვებას. მას, ვინც ამას დათანხმდება, ჯოჯოხეთის რამდენიმე წრის გავლა და ფოტომარკეტინგის იურიდიულ ასპექტებში გარკვევა უწევს. ამ საქმეში ყველაზე საინტერესო და მთავარი მომენტი საკუთარი ნამუშევრის სწორი თეგირებაა. საკვანძო სიტყვებს ფოტოს თავად ფოტოგრაფი უფიქრებს.

სამი წლის წინ, 2013 წლის შემოდგომაზე, ვებგვერდმა The Cut გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით „ფემინიზმის ცნება მარკეტინგული ფოტოგრაფიის მიხედვით“. ვებგვერდმა აღმოაჩინა, რომ ინტერნეტში „ფემინიზმის“ თეგით გავრცელებული ფოტოები… ქალის მიერ კაცების ღორებად აღქმის ილუსტრაცია იყო. ამ ფოტოების თანახმად, ფემინისტები არიან მოკრივეები, რომლებსაც კაცის დამცირება უყვართ, გაანჩხლებული ნევროტიკები, რომლებიც კაცებს თავზე წვეტიან ქუსლებს აჭერენ, „ქაჯები“, რომლებიც ფრჩხილებს ბურღის საშუალებით იქლიბავენ. ზოგადად, ამ ფოტოების შემხედვარე იმაშიც კი დაეჭვდება, ფემინისტები ადამიანები არიან თუ არა, რადგან ზოგიერთ ფოტოსერიაში მათ ექვსი ხელიც კი აქვთ. რასაკვირველია, ერთი ხელით ბავშვს არწევს, მეორეთი ტელეფონზე რეკავს, მესამეთი ტაფა უჭირავს, დანარჩენებით კი უხარია (ალბათ დამოუკიდებლობა). დაახლოებით მსგავსი რაკურსითაა წარმოჩენილი ფემინიზმი და ფემინისტები ინტერნეტში არსებული მარკეტინგული ფოტოების 99%-ში. სამართლიანობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მარკეტინგული ფოტოსააგენტოების ნამუშევრებში ბრიყვულად მხოლოდ ქალები არ არიან გამოყვანილნი – ეს მათი მუშაობის სპეციფიკაა.

toolsფემინისტების მიმართ ამგვარი დეფორმირებული დამოკიდებულებით აღშფოთებულმა პემ გროსმანმა (Pam Grossman), ფოტოსააგენტო Getty Images-ის ვიზუალური ტრენდების დირექტორმა, საკუთარი პროექტი გაუშვა, სახელწოდებით Lean In Collection. პროექტის იდეა იყო, ქალები ფოტოებზე ისეთები ეჩვენებინა, როგორებიც სინამდვილეში არიან – ჭარბი ფოტოშოპის, თეატრალური დადგმების გარეშე, რათა მათი სიძლიერე მოკრივის ხელთათმანით არ ყოფილიყო წარმოჩენილი, სიმყუდროვის სიყვარული კი – ტაფით. გროსმანს ფოტოგრაფიისთვის პირველსაწყისი არსის დაბრუნება სურდა – რეალობის კონსპექტირება და არა ქალის სახე-ხატის სტერეოტიპებით დამძიმება.

მიუხედავად კარგი სტარტისა, გროსმანის ფოტოებიც კრიტიკის ქვეშ მოექცა. მას საყვედურობდნენ, რომ თავის ფოტოებში არ ასახა მეცნიერების, ტექნიკის, მათემატიკის სფეროში მოღვაწე ქალები. ზოგიერთმა სარკასტულად აღნიშნა, რომ თანამედროვე ფემინიზმს გაცილებით სეროზული პრობლემები აწუხებს, ვიდრე მარკტინგულ ფოტოებზე ასახული ქალების ფოტოებია. ამაზე პემ გროსმანს ნამდვილი ფემინისტის პასუხი აქვს: „სამყაროს გასაუმჯობესებლად, ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, ის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომელიც ხელთ გვაქვს. მიგვაჩნია თუ არა, რომ ეს ქალებისა და გოგონების თანასწორობის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი შესაძლებლობაა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ეს ის არის, რისი შესაძლებლობაც ამ წუთას გაგვაჩნია“.

octopusგროსმანის იდეამ ფოტორეტუშისა და შელამაზების გარეშე ქალის პორტრეტების წარმოდგენისა, უამრავი თანამოაზრე გაიჩინა. ახლა უკვე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები და 40 წელს გადაცილებული ყოფილი ფოტომოდელებიც კი აღარ ერიდებიან თავიანთ ფოტოებზე ნაოჭებისა და ვიზუალური დეფექტების გამოჩენას.

რაც შეეხება ფემინიზმის თეგით ინტერნეტში გავრცელებულ სტერეოტიპებით გაძეძგილ ფოტოებს, სახელწოდების მიუხედავად, იგი კვლავ მასკულინურ პრიზმაში მოქცეული ერთ-ერთი დამახინჯებული „ინტერპრეტაციაა“ იმ ფემინიზმისა, რომლის არსიც აგრერიგად შორსაა მისგან.