თანასწორობის პოლიტიკა

ფრანგმა ჩოგბურთელმა US Open-ზე სექსისტური წესები შეცვალა

29 აგვისტოს, ჩოგბურთში აშშ-ის ღია ჩემპიონატზე, ე. წ. “დიდი სლემის” ტურნირზე, შეჯიბრების ერთ-ერთი წესის გამო სკანდალი მოხდა. საყოველთაო აღშფოთების მიზეზად იქცა მსაჯის მიერ ფრანგი ჩოგბურთელის ალიზე კორნეს (Alizé Cornet) გაფრთხილება; ალიზემ შენიშნა, რომ მაისური უკუღმა ეცვა და მორიგი სეტის დაწყებამდე, მაისური სწრაფად გაიხადა და სწორად ჩაიცვა. მაისურის შიგნით, ჩოგბურთელს სპორტული ბრა ეცვა.

ამისდა მიუხედავად, მსაჯებმა ჩოგბურთელი ქალის საქციელი US Open-ის წესების დარღვევად შეაფასეს, რომელიც თითქოს კორტზე ქალ სპორტსმენებს მაისურის გახდას უკრძალავს, მაშინ, როცა მათ კოლეგა კაცებს ამის გაკეთება უპრობლემოდ შეუძლიათ.

კორნეს უამრავი კოლეგა გამოექომაგა. ბრიტანელმა ანაბელ კროფტმა ისიც კი აღნიშნა, რომ ალიზეს ადგილას თავადაც იგივეს გააკეთებდა.

მოგვიანებით, ტურნირის ხელმძღვანელობამ ჩოგბურთელს ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, რომ “მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდებოდა”. თავის მხრივ, კორნემ აღნიშნა, რომ ამ გაფრთხილებამ იგი გააოცა, ბოდიშს კი “სამართლიანი” უწოდა.

ქალთა ჩუგბურთის ასოციაციის (WTA) განცხადებაში ნათქვამია, რომ მსაჯის გადაწყვეტილება “უსამართლო” იყო, რადგან “ასოციაციის წესებში არ არსებობს მოთხოვნა, რომელიც ქალებს კორტზე გადაცმას აუკრძალავს”.

cnn.com