ავტორი: ანა შარაძე, ფსიქოლოგი
სავარაუდოდ, ბევრი გსმენია და იცი ფსიქოლოგიური თუ ემოციური ძალადობის შესახებ, თუმცა, როდესაც თავად აღმოჩნდები მისი მსხვერპლი, შესაძლოა, ძალიან მარტივად გამოგეპაროს ამ ტიპის ძალადობის აშკარა ნიშნები.
ფსიქოლოგიური ძალადობის განმარტება რთულია. მკვლევართა[1] თანახმად, ეს არის პიროვნების თვითშეფასების და/ან უსაფრთხოების განცდის რეგულარული ნგრევა, მაშინ, როდესაც ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს შორის კონტროლი და ძალაუფლება არათანაბრადაა გადანაწილებული. სამართლებრივი ენით, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; უფრო მარტივად, ეს გულისხმობს შენი დაშინების, გაკონტროლების ან იზოლირების მცდელობებს, რითიც მოძალადე ურთიერთობაში წამყვან პოზიციას იკავებს. ამ უკანასკნელის სამოქმედო იარაღს მისი სიტყვები, ქცევები, ასევე ამ ქცევების განმეორებადობა და სიმტკიცე წარმოადგენს.
ფსიქოლოგიური ძალადობისა და მასთან ბრძოლის თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე – არასისტემატურ ფიზიკურ ძალადობას[2].
მოძალადე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს: შენი პარტნიორი, მეუღლე, შეყვარებული, მეურვე, ძიძა, უფროსი სამსახურში ან კოლეგა. განურჩევლად იმისა, თუ ვინაა მოძალადე, გახსოვდეს, რომ ეს შენი ბრალი არ არის და შენ გაქვს უფლება, შეწყვიტო ფსიქოლოგიური ძალადობა!
რა ფორმით შეიძლება შეგვხვდეს ფსიქოლოგიური ძალადობა
ფსიქოლოგიური ძალადობის შესაჩერებლად შენ უნდა იცნობდე მის ფორმებს. გაგაცნობ რამდენიმე მათგანს:
- იარლიყის მიკერება – ისინი ხმამაღლა გეძახიან წარუმატებელს, უვარგისს, სულელს ან სხვა უცენზურო სიტყვებს.
- დამამცირებელი „მოფერებითი“ სახელების შერქმევა – ეს იგივეა, რაც იარლიყების მიკერება, თუმცა მეტად შენიღბულია საალერსო სიტყვებით, მაგ. ,,ჩემი პატარა საქონელი“; ,,ჩემი ფუმფულა ვეშაპი“; ,,პაწაწინა ვირი“ და მსგავსი.
- პიროვნულობის მკვლელობა – ამას ხშირად თან ახლავს სიტყვა „ყოველთვის“. ,,შენ ყოველთვის აგვიანებ“, არ ხარ მართალი; ყველაფერს აფუჭებ; გეშლება და ა. შ. ფაქტობრივად, ამ სიტყვებით გეუბნებიან, რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ, რითიც გაჯერებენ, რომ ეს არასასურველი ქცევები შენი პიროვნულობის ნაწილია.
- ყვირილი – ყვირილი; ღრიალი და ლანძღვა-გინება მიზნად ისახავს, დაგაშინოს და თავი უმნიშვნელოდ გაგრძნობინოს. ამას, შეიძლება, თან ახლდეს ნივთების სროლა და მუშტების მოღერება.
- ზედმეტი მფარველობა (ზემზრუნველობა) – რატომ უნდა იყოს ცუდი, როცა შენზე ზრუნავენ? – ის, რომ შენ არ გაცდიან, გამოსცადო საკუთარი თავი და მიიღო გადაწყვეტილებები. „ეჰ, საყვარელო, ვიცი ცდილობ, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ“, „შენ ვერ გააკეთებ, მე ვიზამ!“.
- საჯარო შერცხვენა – საჯაროდ იწყებენ ჩხუბს, ამჟღავნებენ შენს საიდუმლოებებს ან დაგცინიან რაიმე უარყოფითი თვისების გამო.
- უარყოფა – უზიარებ შენთვის მნიშვნელოვან ამბებს, ისინი კი გეუბნებიან, რომ ეს არაფერია. იმავე სათქმელს იმეორებს თანხვედრაში სხეულის ენა: თვალების ატრიალება, ჩაცინება, თავის გაქნევა ან ამოოხვრა.
- კონტროლი და შერცხვენა – მუქარა, რაც კონტროლის იარაღია, შენი ადგილმდებაროების მუდმივი გამოკითხვა, ფინანსური კონტროლი, დამოძღვრა, გამოგონილი უმწეობა, იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ რაიმეს კეთება.
- დაბრალება და უარყოფა – მუდმივი და უსაფუძვლო ეჭვიანობა, გადმობრალება, რომ შენ ხარ დამნაშავე მათ სიბრაზეში, დანაშაულის გრძნობით მანიპულირება. დაბრალება, რომ იუმორის გრძნობა არ გაქვს. მაგალითად, ისინი დაგცინიან რაიმე თვისებაზე. საკმარისია შეეწინააღმდეგო, რომ იუმორის გრძნობას დაგიწუნებენ.
- ემოციური უარყოფა და იზოლაცია – უარის თქმა კომუნიკაციაზე, იგნორი, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან შეხვედრებისთვის ხელის შეშლა, სითბოს გამოხატვაზე უარის თქმა, არ გეხებიან, არ გიყურებენ ან დასჯის მიზნით სექსზე უარს გეუბნებიან, ინდიფერენტულობას იჩენენ.
- შენზე დამოკიდებულება – როდესაც შენი თითოეული ქცევა დაკავშირებულია მოძალადის ქცევებთან, როცა მათ თქვენ სჭირდებით საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად. მაგალითად, არ აქცევ საკუთარ თავს ყურადღებას, რადგან მასზე ზრუნვას უთმობ დიდ დროს, საკუთარ თავს მოძალადის სიტყვებითვე აკრიტიკებ, ფრაზაზე „შენ გარეშე არ შემიძლია“, მაშინვე ნებდები და რჩები მოძალადესთან. უკვე აღარც კი გახსოვს, როგორია სხვანაირად ცხოვრება. უკვე შენც ფიქრობ, რომ იმდენადაა შენზე დამოკიდებული, შენს გარეშე ვერ გადარჩება, თავს დამნაშავედ გრძნობ, თუ ეწინააღმდეგები და თვლი, რომ იმსახურებ ასეთ მოპყრობას.
რისი გაკეთება შეგიძლია დამოუკიდებლად?
- გააცნობიერე, რომ ძალადობა შენი ბრალი არ არის. ნუ ეცდები მოძალადის გამართლებას. შეიძლება, მისი დახმარება გსურს, მაგრამ საეჭვოა, მათ პროფესიონალების ჩარევის გარეშე ამ ქცევის განმეორებადი ჯაჭვი გაწყვიტონ და შეიცვალონ. ეს მათი პასუხისმგებლობაა, მიმართონ თერაპევტს ან შესაბამის სპეციალისტს.
- ჩამოშორდი და დააწესე პიროვნული საზღვრები. მიიღე გადაწყვეტილება, რომ არ უპასუხებ ძალადობას, არ ჩაერთვები კამათში. მიყევი ამ გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად შეზღუდე კონტაქტი მოძალადესთან.
- გაწყვიტე ურთიერთობა ან ჩამოშორდი ძალადობრივ გარემოს. თუ შესაძლებელია, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი მოძალადესთან. გახადე აშკარა, რომ ეს შენთვის დამთავრებულია და ნუღარ დაბრუნდები უკან.
- მიეცი საკუთარ თავს დრო განკურნებისთვის. ეძიე მხარდამჭერი ადამიანები – მეგობრები და ოჯახის წევრები. თუ სკოლაში ხარ, ესაუბრე მასწავლებელს ან სკოლის ფსიქოლოგს. თუ ფიქრობ, რომ თერაპია დაგეხმარება, მიმართე თერაპევტს ძალების აღდგენის პროცესში.
რა სერვისების მიღება შეგიძლია უსასყიდლოდ?
თუ აცნობიერებ, რომ ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი ხარ, ენდე ინსტინქტებს. იცოდე, რომ ეს არ არის სწორი და შენ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა.
თუ პირდაპირი ფიზიკური ძალადობის რისკია, დარეკე 112-ზე. ხოლო თუ ასეთი სასწრაფო ვითარება არ არის და სხვასთან დალაპარაკება გჭირდება, გადმოიწერე აპლიკაცია „Safe You”, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია, ანონიმურად დაუსვა კითხვები ფსიქლოგს, იურისტს, სოციალურ მუშაკს, ექიმ-რეპროდუქტოლოგს და მიიღო პროფესიონალების რჩევები.
გახსოვდეს, რომ ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა შესაძლებელია. მთავარია, მიიღო გადაწყვეტილება.
[1] Follingstand and Dehart 2000
[2] Davis and Frieze 2002; Duncan 1999, 45-55; Guthrie 2001; Hildyard and Wolfe 2002, 679; Martin and Mohr 2002, 472-495; Sackett and Saunders 1999, 105