“პლუს საიზ” (დიდი ზომის) მოდელი და ფოტოგრაფი სილვანა დენკერი (Silvana Denker) საკუთარ ნამუშევრებში ფოკუსს კვლავ ბოდიპოზიტივზე აკეთებს.
მისი ფოტოსერია Body Love-ის შემდეგ, სადაც შავი ფერის თეთრეულში გამოწყობილი ყველა ფორმისა და კანის ფერის 8 ქალი იყო აღბეჭდილი, დენკერმა ახალი ფოტოსესია გადაიღო, სახელწოდებით Metallic Curves („პრიალა მრუდები“)
ფოტოსერიაში შავ ფონზე წარმოდგენილია თხემით ტერფამდე ოქროსფერი და ვერცხლისფერი ბოდიარტით დაფარული შიშველი ქალები. ძლიერად კონტრასტული გამოსახულება მოდელი ქალების მთელს სხეულზე არსებულ მრუდე ხაზებს განსაკუთრებით ხაზს უსვამს. ერთ-ერთი მათგანი დენკერის 52 წლის დედაა.
პროექტი პირადულია: თავად „პლუს საიზ“ მოდელი დენკერი წლების მანძილზე კვებით აშლილობასა და დაბალ თვითშეფასებას ებრძოდა. მოდელების ქანდაკებებივით განლაგებით, ფოტოგრაფი შეგვახსენებს, რომ მათი სხეულები მშვენიერია და მფლობელთა მხრიდან სიყვარულს იმსახურებს. სილვანა იმედოვნებს, რომ მისი ფოტოები საკუთარი სხეულის ახლებურ გააზრებაში დაეხმარება ყველა იმ ქალს, ვინც მისნაირად იტანჯება.
„ფოტოსერია Body Love-ის შემდეგ, იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ როგორ გამომეყენებინა სხეულის მოხატვის ტექნიკა „საჩემოდ“. ინტერნეტში ძიება დავიწყე და აღმოჩნდა, რომ ბოდიარტი მხოლოდ გამხდარ ქალებზე კეთდება. მაშინ, მე გადავწყვიტე, ბოდიარტი ფუმფულა ქალებზეც გამომეყენებინა და მათი სხეულების ნაკეცები და მუცელი აღმებეჭდა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ფუმფულა სხეულებიც გასაოცარია, როდესაც ის ოქროს ან ვერცხლის სკულპტურებს ჰგავს“, – ამბობს ფოტოგრაფი.