უკვე რამდენიმე თვეა, რაც პროექტმა „ქალები საქართველოდან“ ქართული ონლაინ სივრცე მოიცვა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქალის დისკრიმინაციის უამრავი პირობა არსებობს და ქალის მიმართ ძალადობა ნორმალიზებულია, ამ პროექტის საშუალებით საზოგადოებამ უამრავი ქალის ისტორია გაიცნო. ამ ისტორიების პერსონაჟების ცხოვრება თვითგადარჩენისთვის გამუდმებული ბრძოლით, ტკივილით, სირთულეებით და ყოველდღიური ჯაფით არის გაჯერებული. ქალები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, ხშირად იმაზე გვესაუბრებიან, რაზეც აქამდე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკიათ. პროექტის მეშვეობით, საზოგადოებამდე მათი ხმა, მათი სატკივარი, პრობლემები, ნაფიქრი მივიდა. ეს ის ქალები არ არიან, რომელთა შესახებაც მეინსტრიმ მედია დაუღალავად გვესაუბრება, ამ ქალების შესახებ ძირითადად პროექტიდან შევიტყვეთ.
რასაკვირველია, „ქალები საქართველოდან“ ქალების ავტორობით და მონაწილეობით არის შექმნილი, და მის განხორციელებას ქალთა უფლებების აქტივისტებს: იდა ბახტურიძეს, მაიკო ჩიტაიასა და ნინო გამისონიას უნდა ვუმადლოდეთ, პროექტის შთამბეჭდავი ფოტონარატივები კი სალომე ცოფურაშვილსა და ნინა ბაიდაურს ეკუთვნით.
მაიკო ჩიტაია: პროექტის შექმნის იდეა 2016 წლის 8 მარტის აქციის პერიოდში წარმოიშვა, როდესაც აქტიურად ვმსჯელობდით, თუ რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პარლამენტში ქალების მოსვლა. ამ საკითხის მიმართ საზოგადოების მგრძნობელობა თითქოს ნაკლები იყო. დისკუსიის დროს გაირკვა, რომ ამის მიზეზები შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად განსხვავებული და სპეციფიკური საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს ქალების ჯგუფს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჰომოგენური ჯგუფი და იგი რამდენიმე ქვეჯგუფს მოიცავს, სპეციფიკური საჭიროებებითა და პრობლემებით. მაგალითად, ქალაქში მცხოვრები საშუალო და მაღალი კლასის ქალების პრობლემები კარდინალურად განსხვავდება სოფლად მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პრობლემებისგან.
მაშინ პირველად გავიაზრეთ, რომ ამ პროექტის საშუალებით, სადაც სხვადასხვა სოციალური გამოცდილების ქალებს ვასაუბრებდით, შესაძლებელია იმ ფაქტორების ძალიან კარგად ილუსტრირება, თუ რამდენად მრავალფეროვანი გამოცდილება და პრობლემები აქვთ ქალებს. ერთი მხრივ, ამ უხილავი პრობლემების გამოაშკარავება იქნებოდა კარგი ინდიკატორი ამომრჩევლისთვის, მეორე მხრივ კი – კარგი ინდიკატორი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ქალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც უფრო მეტად დაინახავდნენ პოლიტიკაში ქალების ჩაბმის საჭიროებას და გენდერულ უთანასწორობას პოლიტიკური იდეოლოგიის ჭრილში განიხილავდნენ.
ნინო გამისონია: ამ პროექტის შექმნის იდეა, პირველ რიგში, მოვიდა იქიდან, რომ მიგვაჩნია, რომ ქალები ამ ქვეყანაში დაჩაგრულები არიან და მათი ხმა ნაკლებად ისმის. ქალებს მრავალმხრივი გამოცდილება, ცხოვრება, სხვადასხვა მიზნები აქვთ, წარმატებებს აღწევენ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მათი ხმა ნაკლებად ისმის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ონლაინ პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა სხვადასხვა გამოცდილების მქონე 150 ქალის ისტორია.
იდა ბახტურიძე: ამ პლატფორმის საშუალებით, ჩვენ კონკრეტული ადამიანების სახელით და გვარით ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ვაჟღერებთ. დასკვნები, შეფასებები და ქმედებები უკვე საზოგადოებიდან უნდა წამოვიდეს. ამ პლატფორმის მთავარი მიზანი და მისია ასე წარმოგვიდგენია: ის ხმები უნდა გავაჟღეროთ, რომელიც ხშირად დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის. ადამიანები მზად არიან, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რესპონდენტების მთავარი სათქმელი მკითხველამდე ზუსტად ისე მივიტანოთ, როგორც თავად ამბობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფები ინტერვიუებს არ იწერენ, ჩვენი ჯგუფი სინქრონულად მუშაობს: ისინი ძალიან გვეხმარებიან, რომ ფოტო და ტექსტური მასალა თანხვედრაში იყოს.
სალომე ცოფურაშვილი: ამ პროექტში მონაწილეობა ნამდვილად მთელ რიგ გამოწვევებს უკავშირდებოდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ პროექტის ფოტოები არ უნდა იყოს უბრალოდ კარგი პორტრეტი, არამედ გარკვეულწილად რესპონდენტის ისტორიასაც უნდა ასახავდეს, ეს კი ყოველთვის არ არის ადვილი. ამასთანავე, არიან რესპონდენტები, ვისაც სურს, არაიდენტიფიცირებული დარჩეს. ისეთი ფოტოს გადაღება, სადაც რესპონდენტის ანონიმურობა სრულიად უნდა იყოს დაცული, და ამავდროულად, მათი პიროვნების ნაწილიც ჩანდეს, ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევაა. თსუ-ში გენდერის სამაგისტრო პროგრამაზე ვასწავლი და სტუდენტებთან ერთად ყოველ წელს განვიხილავ სუზან ზონტაგის ესსეს ფოტოგრაფიის შესახებ, თუ როგორ არის ფოტოგრაფია ერთგვარი ძალადობის და ძალაუფლების ინსტრუმენტი: ფოტოგრაფი ირჩევს, რა გადაიღოს, როგორ დაუმიზნოს თავისი კამერა, რა მოახვედროს კადრში და რა არა და ამით განყენებულ რეალობას ქმნის. ამ მოსაზრებას ვიზიარებ კიდეც და ამის გათვალისწინებით, ყოველთვის ვცდილობ, ფოტოგრაფსა და მოდელს შორის არსებული ეს ერთგვარი იერარქია მაქსიმალურად შევამცირო და მოდელიც ასევე ყველანაირად იყოს ჩართული საკუთარი პორტრეტის შექმნაში. თვითონ ეს პროექტი თავისი ხასიათით ჩემთვის საკუთარი რეალობის გამრღვევად იქცა, საკუთარი თავიდან გამოსვლის შესაძლებლობად.
ნინა ბაიდაური: როდესაც რესპონდენტებს გადაღებაზე ვუთანხმდები, ხშირად წინასწარ მეკითხებიან, მითხარი, რა ჩავიცვა, რა გჭირდება, როგორი სახე მივიღოო? მე ვპასუხობ, შენში და შენი საშუალებით ავტოპორტრეტს არ ვიღებ, ამ ფოტოებით შენი ამბავი უნდა მოვყვე, ჰოდა, „მომიყევი“, რისი მოყოლაც გინდა-მეთქი. ამ შემთხვევაში, მე ნაკლებად ვქმნი, უფრო ილუსტრატორი ვარ და დამხმარე საშუალება, უფრო მეტად პერსონაჟის, ვიდრე საკუთარი თვითგამოხატვისთვის. მირჩევნია ხოლმე, გადაღება რესპონდენტების ტერიტორიაზე დავგეგმო, საკუთარი სახლი იქნება ეს, თუ მათთვის საყვარელი და სასიამოვნო ადგილი, – სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ. ურთიერთობა და ურთიერთქმედება გადაღებამდე თუ გადაღების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც პირველად ვხვდები, ვინც კამერით შეიარაღებულ და თვალმოჭუტულ, შემფასებლურ-დამკვირვებლური მზერით აღჭურვილ ადამიანთან პირველად მოდის და ეუხერხულება, როგორც წესი. ჩემს პირად კვალს, მზერასა და პერსპექტივას, ცხადია, ბოლომდე ვერ (და არც) ჩავაქრობ. მთავარი ამოცანა რჩება ის, რომ მათი ინდივიდუალობა დავინახო, თუ დაფარულია და მორიდებით მიჩქმალული, სიტყვაში ასახული, ვიზუალურადაც დავიჭირო და აღვბეჭდო.
ნინო გამისონია: თავიდანვე რამდენიმე ჯგუფი გამოვყავით, მაგალითად, დევნილი ქალები, ემიგრანტები, ლბტ ქალები და ა.შ. ამ ნიშნით გადავწყვიტეთ რესპონდენტების ძებნა. მაგრამ, მალე მივხვდით, რომ 150 ქალი თუნდაც 10 თემით არ უნდა გვეძებნა. ამიტომაც, ძიების პროცესში, თავი აღარ შევუზღუდეთ. წეროვანში ორგანიზაციას დავუკავშირდით, რომელიც ადგილობრივ დევნილებთან მუშაობს. მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ადამიანის ერთი იდენტობით განსაზღვრა შეუძლებელია; ყველა ადამიანს ხომ ერთდროულად რამდენიმე იდენტობა გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ძალიან სენსიტიური ვარ მოწყვლადი ჯგუფების ადამიანების მიმართ, მაინც მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგანან ისინი. ამ პროექტის წყალობით, იმ ქალების ხმები გავიგეთ, ვისი პრობლემების შესახებ წარმოდგენაც კი არ გვქონდა.
მაიკო ჩიტაია: როდესაც პროექტის წერა დავიწყეთ, ცხადია, გავითვალისწინეთ ის ადამიანური და ფინანსური რესურსები, რაც ჩვენს განკარგულებაში იყო. შესაბამისად, პროექტის თემატიკა იმ თემებამდე დავავიწროვეთ, სადამდეც ჩვენი რესურსებით გავწვდებოდით. თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, რომ აუცილებლად ჩავუღრმავდებოდით ლბტ ქალების, შშმ ქალების და შშმ ბავშვების დედების, მარტოხელა დედების, მოხუცების, მრავალშვილიანი დედების, სოფლად მცხოვრები ქალების საკითხებს. მუშაობის პროცესში ქალი სპორტსმენების, სექსუალური შევიწროების, თინეიჯერი გოგონების, ეთნიკური უმცირესობების თემებიც გააქტიურდა. გარდა ამისა, ყურადღების გამახვილებას ვგეგმავთ ძუძუს კიბოსა და აბორტების საკითხებზე.
ჩვენი პროექტის ნარატივები არ უნდა ყოფილიყო მესამე პირში დაწერილი, რადგან ჩვენ, როგორც ფემინისტები, ვთვლით, რომ ყველა გამოცდილების ადამიანს საკუთარი აგენტობა უნდა მიეცეს და თავის პრობლემაზე თავად უნდა ისაუბროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ არ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ, ქალაქში მცხოვრებმა ქალებმა, პლატფორმა უნდა შევუქმნათ სოფლად მცხოვრებ, მარგინალიზებულ ქალებს, რათა მათ თავიანთ საჭიროებებზე ისაუბრონ.
იდა ბახტურიძე: თინეიჯერი გოგონების პრობლემების წარმოჩენისას, ყველაზე მეტად თვალშისაცემია მათ მიერ მომავალი პროფესიის არჩევის პროცესი. თინეიჯერი რესპონდენტები ხშირად გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც გვესაუბრნენ, ამ თემებზე ხშირად ფიქრობენ. ისინი უკვე სულ სხვა თვალით ხედავენ პროფესიის გენდერულ ჭრილში არჩევის საკითხს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რესპონდენტი თინეიჯერი გოგონებისთვის, არამედ მათი თანატოლებისთვისაც, რომლებიც ამ ინტერვიუებს წაიკითხავენ.
ნინა ბაიდაური: როდესაც რესპონდენტებს ვიღებდით, მათი ისტორიები წაკითხული უნდა გვქონოდა – ასე იყო სასურველი და ასე ვგეგმავდით, მაგრამ მოკლე დროში ამდენი ადამიანის გადაღება და თან თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, არ გვაძლევდა საშუალებას, ინტერვიუების ჩაწერა, მომზადება და გადაღება ასეთი თანმიმდევრობით დაგვეგეგმა. რეგიონებში რომ დავდიოდით, რესპონდენტს ფოტოგრაფიც და ინტერვიუერიც პირველად და ერთად ვხვდებოდით. იშვიათ შემთხვევაში, ტექსტები წაკითხული მქონდა, უმეტესად – არა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების შემთხვევაში, ყველა ამ ადამიანს ისედაც ვიცნობდი, რამდენადაც ჩემი ძირითადი საქმიანობა ბოლო რამდენიმე წელია შშმ ადამიანების ინტერესების დაცვას უკავშირდება. ამ ადამიანების 99 პროცენტს მანამდე კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობ კიდეც. მათ გადასაღებად წინასწარი მომზადება არც მჭირდებოდა. დანარჩენებთან ინტერვიუს ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჯერ, ან თუ მარტო ვხვდებოდი, ჯერ ყოველთვის ვსაუბრობდით და მაინც მათგანვე ვისმენდი საკუთარ ისტორიას.
სალომე ცოფურაშვილი: რესპოდენტებთან მუშაობას აზარტის განცდა მოაქვს, თუმცა ადვილი ნამდვილად არ არის. ძალიან ხშირად, გადაღებაზე რომ მივდივარ, არ ვიცი, ვის შევხვდები და რა გარემო დამხვდება. იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც გადამიღია, ძალიან ბევრი სრულიად უცხო ადამიანი იყო ჩემთვის, რომელთაც გადაღების დროს პირველად ვხედავდი, მაგრამ იყვნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებთანაც ხანგრძლივი, კარგი ნაცნობობა და მეგობრობა მაკავშირებს. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გადაღება ბევრად ადვილია, უფრო გახსნილად გრძნობენ თავს ჩემთან და შესაბამისად მეც. როცა უცხო ადამიანს ვიღებ, რა თქმა უნდა, უფრო რთულადაა საქმე, ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვისაც, და მათთვის, როგორც კამერის ობიექტებისთვისაც. თუმცა, აქაც სხვადასხვა ქვედა დინებებია, რომელიც ფოტოსესიას ახლავს. ბუნებრივია, ადამიანი ყველასთან ერთნაირად გახსნილი ვერ იქნება, და ყველა ადამიანი ვერ იქნება ერთნაირად კამერასთან გახსნილი. ხდება ისეც, რომ ეს ორი სახის გახსნილობა შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგალითად ჩემთან, როგორც ადამიანთან უფრო მეტად ღია და თავისუფალი იყოს, ხოლო კამერასთან ჩაკეტილი და დაძაბული, ან სულაც პირიქით. როცა ეს ორივე ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, სრულიად იდეალურია.
ნინო გამისონია: რესპონდენტებს თავიდანვე ვაფრთხილებთ, რომ მისი სურვილისამებრ, ანონიმურობა დაცული იქნება. ძირითადად, ანონიმურად ჩაწერა ლბტ თემის წარმომადგენლებს სურთ, ვისაც ქამინგ აუთი გაკეთებული არ აქვს.
არის შემთხვევები, როდესაც რესპონდენტებს ინტერვიუზე ვუთანხმდებით, მაგრამ უკვე მოგვიანებით, უარს ამბობენ.
როგორც წესი, როდესაც ტექსტი მზადაა, მას რესპონდენტს ვუგზავნით, რომ გადახედოს. თითო ინტერვიუ საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადია.
იდა ბახტურიძე: ეს ქალები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, სხვადასხვა იდენტობა, გამოცდილება გააჩნიათ. შესაბამისად, ერთმანეთის პრობლემების მიმართ სენსიტიურობას ვერ მოვთხოვთ. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ პროექტში მონაწილე ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. ეს ღია მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გულში შესაძლოა ადამიანი ვიღაცას უჭერდეს მხარს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობდეს, რადგან ფიქრობდეს, რომ ამით საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება. ჩემთვის ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი სასიხარულო შედეგი აბსოლუტურად განსხვავებული ქალების მხრიდან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოვლინებაა. შესაძლოა, ჯერჯერობით ეს სულ მცირე ჯგუფი იყოს და რამდენიმე ათეულ ქალს მოიცავდეს, მაგრამ ვიცი, რომ პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მათი რიცხვი გაიზრდება.
მაიკო ჩიტაია: პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ ბევრი ქალისთვის მის წინაშე მდგარი პრობლემები ხილული, იდენტიფიცირებული არ იყო და მან ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც ამ პრობლემებზე მოსაუბრე სხვა ქალებს მოუსმინა. აღსანიშნავია ასევე სოლიდარობის ის საშური მუხტი, რომელსაც სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალები ერთმანეთის მიმართ განიცდიან. ერთგვარი ქალური სოლიდარობის ქსელი იბმება, რისი მიღწევაც ყოველთვის პრობლემური იყო და ეს ძალიან მახარებს. ბევრი ქალი უკვე თავისით მოდის ჩვენთან და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს გვთავაზობს.
ნინა ბაიდაური: მსგავს პროექტზე აქამდე არ მიმუშავია. არც გუნდთან ერთად მიმუშავია რომელიმე სხვა პროექტზე, ან რაიმე სახის შეკვეთაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არცთუ ცოტა ხანია, რაც ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, ამ პროექტამდე ფოტოგრაფია ჩემთვის თავშესაფარი უფრო იყო, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, დაცლილი პროფესიული მიზნებისა და ამბიციებისგან. ვიღებდი მხოლოდ იმას, რაც მინდოდა თავად, მსიამოვნებდა, ან რასაც მოვახერხებდი ძირითად პროფესიულ საქმიანობებს შორის გამოჩხრეკილი დროის და ემოციური რესურსის ფარგლებში. ეს იყო ჩემი ძალიან კატეგორიული გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროექტმა შეცვალა. სიხარულით დავთანხმდი მონაწილეობას, რადგან ეს იყო ის იდეა, რაც შეიძლება დამნანებოდა კიდევაც, რომ მე არ მომსვლია. ეს იყო პროექტი და ის ვალდებულება, რომელიც არ მირღვევდა მთავარ პრინციპს – პირველ რიგში სიამოვნების წყარო რომ უნდა იყოს გადაღება და ერთგვარი საზრდო ემოციური თვალსაზრისით. რესპონდენტებთან დამოკიდებულების და თავად ფოტოების თვალსაზრისით, ძალიან ბევრია საერთო ჩემს ფოტოგრაფიულ წარსულთან, რამდენადაც ფოტოგრაფიაში ჩემთვის ყოველთვის ადამიანი იყო საინტერესო. ჩემს ყველა ფოტოში ადამიანია მთავარი ამბავი, ან მისი მკაფიო კვალი მაინც. ცხადია, შეიძლება პარალელი გაავლო ამ და რამდენიმე სხვა პროექტს შორის, თუმცა, „ქალები საქართველოდან“ სრულიად გამორჩეული და უნიკალურია იმ სიღრმეების და გააზრებული მრავალფეროვნების გამო, სადამდეც ჩავიდა ქალების გამოცდილებების, მათი სათქმელის, მეხსიერების, ხედვის, პიროვნებების, სულიერი სამყაროების წარმოჩენის მხრივ.
სალომე ცოფურაშვილი: ჩემთვის ამ ზღვარის გავლება ცოტა რთულია, – თუ სად მთავრდება მოდელი/რესპონდენტი და სად იწყება ავტორი. სხვა ადამიანისთვის ფოტოს გადაღება, თუკი, რა თქმა უნდა, ეს დადგმული ფოტოსესია არ არის, ფოტოგრაფისა და მოდელის კოლაბორაციის შედეგია, თუმცა დადგმული ფოტოსესიის დროსაც, მოდელს თავისი შტრიხები შეაქვს: ოდნავი უნებური ჟესტი და უკვე სხვა ფოტოა და არა ის, რომელიც გადაღებამდე წარმოგედგინა. როცა ეს ფოტო პირადი ისტორიის ერთგვარ ილუსტრაციად უნდა იქცეს, განსაკუთრებით ვცდილობ ბალანსის დაცვას. თუკი რესპონდენტთან სახლში მივდივარ გადასაღებად, აქ უკვე თავისთავად არის მისი აურა და გარემოში ხასიათის თავისებურებანიც გამოკვეთილია. თუკი გარეთ, ქალაქში უნდა შევხვდე, ყოველთვის მათ ვარჩევინებ გადაღების ადგილს, სადაც ხშირად არიან, სადაც ყოფნა მოსწონთ, რაც მეტ-ნაკლებად მათი ცხოვრების ნაწილია, ან რაც მათ ხასიათს გამოხატავს რაიმე მხრივ. შემდეგ უკვე ერთგვარი ქიმიური პროცესი ხდება: გარემოს, რესპონდენტსა და ჩემ ხედვას შორის.
მაიკო ჩიტაია: ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პროექტის ბაზაზე აუცილებლად შეიქმნას მულტიმედიური პლატფორმა. ანუ, ჩვენ აღარ გავჩერდებით მხოლოდ ფოტოისტორიებზე, აუცილებლად გადავალთ აუდიოვიზუალურ ვერსიებზე. ეს იქნება ერთგვარი „ქალთა ვიდეორესურსი“, სადაც ყველას შეეძლება სხვადასხვა ქალების გამოცდილების მოსმენა. ეს ჩვენი შორს მიმავალი გეგმაა, თუმცა მის განხორციელებას დიდი თანხები სჭირდება.
მეორე, რაც ჩვენს პლატფორმას უნდა მივაბათ, რეალურ სივრცეში დისკუსიებია. ეს ქალები, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, თემატურად უნდა დავაჯგუფოთ და უკვე რეალურ სივრცეში მოვიწვიოთ. ყველა დაინტერესებული პირი – სტუდენტები, პოლიტიკოსები, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, – ვისაც სურვილი ექნება, მოისმინოს ქალების პრობლემები, დისკუსიების ფორმატში მისთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას მიიღებს. ჩვენ ამგვარი ფორმატის დისკუსია პროექტის პრეზენტაციის დროს უკვე გამართული გვაქვს – NDI-ის კონფენერციაზე ლბტ და შშმ ქალები მოვიწვიეთ. პროექტის პრეზენტაცია ავტორებმა კი არ გავაკეთეთ, არამედ რესპონდენტებმა, რომლებმაც თავიანთი საჭიროებების და ყოველდღიური პრობლემების შესახებ ძალზე ემოციურად ისაუბრეს. ამას მოქმედი პარლამენტარი ქალები ესწრებოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ბოლოს დანანებით თქვა, სამწუხაროდ, ამ პრობლემების შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდიო. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მან, არამედ ძალიან ბევრმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა არ იცოდა, მაგალითად, რა საჭიროებები აქვთ უსინათლო ქალებს…
იდა ბახტურიძე: რა თქმა უნდა, ამ შესანიშნავ ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ. პროექტმა უამრავი იმ ქალის ხმა გააჟღერა, რომლებსაც უამრავი შესანიშნავი იდეა აქვთ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა, რომ ბევრი კარგი იდეა აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, ამ იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს. მე ვუპასუხე, რომ თუ ამისთვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსია საჭირო, შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდგები. ამ მხარდაჭერამ მას დიდი მოტივაცია გაუჩინა. ასე რომ, ჩვენი პროექტის მონაწილეების ირგვლივ მოკავშირეები და მხარდამჭერები ნელ-ნელა ჩნდებიან. საკუთარ თავზე გამომიცდია: როდესაც მხარდაჭერის იმედი არ გაქვს, მოტივაციაც ნაკლებია.
ნინა ბაიდაური: ყველა რესპონდენტი, თითოეული ადამიანი, თითოეული ისტორია, პროექტში და პროექტს მიღმაც, საინტერესოა. მინიმუმ, ყველას აქვს საინტერესო რაკურსი. მაგრამ არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ ამისდა მიუხედავად, პირადად ჩემი რჩეულები არ მყავს. ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომელთა გაცნობა და/ან გადაღება წინასწარვე განსაკუთრებით მინდოდა. ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც პირველად გადაღებისას ვნახე და სხვანაირად დამრჩნენ. ნამდვილად არის ფოტოები, რომლებიც განსაკუთრებულია ჩემთვის, იმისდა მიუხედავად, ობიექტური (თუ არსებობს ასეთი) თუ სხვების სუბიექტური შეფასება, რამდენად ემთხვევა ჩემს აღქმასა და ემოციებს. ამას აუცილებლობით სულაც არ აქვს კავშირი მათ მოთხრობილ ისტორიასთან და ამ ისტორიის ჩემთვის მეტად ან ნაკლებად საინტერესოობასთან. ეს სწორედ მყარად გაბმული ძაფებია ჩემსა და რესპონდენტებს შორის.
სალომე ცოფურაშვილი: ყველა რესპოდენტი განსხვავებული და განსაკუთრებულია, შთამბეჭდავი ისტორიებით, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგი ჩემთვის ახლობელი ადამიანია. ყველა მათგანთან მუშაობა მართლა უნიკალური გამოცდილებაა. ფავორიტ მოდელს ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთი ანონიმური რესპოდენტის ფოტოსესიას კი გამოვყოფ, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც გადავიღე. ამ ადამიანს მანამდე არ ვიცნობდი. პარკში ველოდებოდი და რომ დავინახე, გავიფიქრე, რომ სიამოვნებით გადავიღებდი. როგორც ჩემი პირადი ფოტოსესიისთვის გამოვაწყობდი მოდელს, ზუსტად ისე ეცვა. ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, ის რომ აღმოჩნდა, ვინც უნდა გადამეღო. თან იმ სირთულის გათვალისწინებით, რომ ანონიმურობაც უნდა დამეცვა, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ფოტოსესია გამოვიდა ამასობაში, სრულიად მოულოდნელად.
ნინო გამისონია: მართალი გითხრათ, ამ პროექტის ამხელა წარმატებას არ მოველოდი. ამ ისტორიების გამოქვეყნებით, ადამიანების აზროვნებაზე დადებით ზეგავლენას ვახდენთ. ქალები, რომლებიც ჩვენი რესპონდენტების მსგავსი გამოცდილება აქვთ და ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარს აქამდე ვერ ბედავდნენ, ახლა სულ სხვა სტიმულს ხედავენ. ყველაზე საამაყო სიტყვები, რომელიც ამ პროექტზე ჩემი რესპონდენტისგან გამოხმაურების სახით მივიღე, იყო ის, რომ ანონიმური ისტორიის სახით გასული მასალის გმირმა მითხრა, საკუთარ თავზე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია და მადლობა, რომ ეს პროექტი საკუთარი თავის გახსნაში ძალიან დამეხმარაო.
მაიკო ჩიტაია: უპირველესად, იმის გამო, რომ ჩვენი პროექტის რესპონდენტების პრობლემების შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიტყო, მათ პირადი განვითარების შანსები მიეცათ. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, რადგან პროექტი სწორედ ამ ადამიანების თვითრეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ნინა ბაიდაური: თითოეული ეს ისტორია ძალიან ბევრის მთქმელია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, ჩემთვის. ძალიან ბევრის მთქმელი უნდა იყოს კაცებისთვის, რომლებიც მეტწილად მდუმარედ ეცნობიან ამ ამბებს, ძალიან ბევრის მთქმელია იმ ადამიანებისთვის, ვინც მსგავს მდგომარეობაში არიან. ჩვენი რესპონდენტების მრავალფეროვანი სპექტრის გამო, ყველა ქალისთვის ახლობელია ის საკითხები, რაზეც ვსაუბრობთ პროექტის გუნდი, ჩვენს რესპონდენტებთან ერთად. ზოგჯერ ნუგეშია, ძალის მომცემია, სტიმულია, რომ შეცვალო რაღაც. პირადი და ნამდვილი, ყოფითი ამბები იმაზე მეტყველებს, რაც მანამდეც ბევრჯერ თქმულა, – რომ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რომ დამოუკიდებლობაზე, არჩევანის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე მაღლა არ დგას არაფერი და ესაა, რაც გვჭირდება საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებისათვის, ღირსეული ცხოვრებისათვის.
ნინო გამისონია: პროექტი მარტის ბოლომდე გრძელდება. სავარაუდოდ, 8 მარტს იქნება ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც 150-ივე რესპონდენტი შევა. ასევე, პროექტის დასასრულს, ფოტოგამოფენა მოეწყობა, სადაც 50 ფოტო გამოიფინება.
ესაუბრა შორენა გაბუნია