თანასწორობის პოლიტიკა

ქალებს აშხაბადის მთავარ ქუჩაზე მართვის მოწმობებს ართმევენ

ქალი მძღოლების დაკავება უკვე მასობრივად ხდება თურქმენეთის დედაქალაქის მთავარ, თურქმენბაშის პროსპექტზე, რომლის გასწვრივაც განთავსებულია პრეზიდენტის სასახლე და ოლიმპიური ქალაქის შენობა.

პოლიციელები ჩართული მაშუქით ედევნებიან ქალ მძღოლებს, აჩერებენ, ართმევენ მართვის მოწმობასა და მანქანას, შემდეგ საგზაო პოლიციის მთავარ ოფისში გადაჰყავთ.

დასახელებული აკრძალვა აშხაბადში სექტემბრის დასაწყისიდან მოქმედებს, თუმცა, ამის შესახებ ყველამ არც იცის. ოფიციალური ხელისუფლება არანაირ კომენტარს არ აკეთებს იმაზე, თუ რას უკავშირდება ეს ქმედებები. ქვეყანაში მომუშავე მედია ამ საკითხზე სამარისებურ დუმილს ამჯობინებს.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან, პოლიციის რეიდებისას, ქვეყანაში ქალ მძღოლებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ართმევენ მართვის მოწმობას, ხოლო ახლის აღების უფლებას აღარ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის კანონმდებლობა ქალებს და კაცებს თანასწორუფლებიანობას ჰპირდება.

წყარო: azathabar.com