სექსუალობა

ქალის მენსტრუალური ტკივილი გულის შეტევის ტოლფასია

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა ჯონ გილბოდმა (John Guillebaud) ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, მენსტრუალური ტკივილები შესაძლოა ქალისთვის ისეთივე ავბედითი იყოს, როგორც გულის შეტევა. „რადგან კაცებს ეს პრობლემა არ აწუხებთ, მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხს მედიცინაში ისეთივე ადგილი უნდა ეთმობოდეს, როგორც სხვა დანარჩენს“, – ამბობს გილბოდი.

ქალის ჯანმრთელობის სპეციალისტი დოქტორი იმოჯენ შოუ (Imogen Shaw) დოქტორი გილბოდის ნათქვამს სრულიად იზიარებს: „ვერ ვიტყოდი, რომ მენსტრუალური ტკივილი სათანადოდ არის გამოკვლეული“, – აცხადებს იგი. კითხვაზე, მოეკიდებოდა თუ არა ოფიციალური მედიცინა დასახელებულ პრობლემას უფრო სერიოზულად იმ შემთხვევაში, კაცები რომ განიცდიდნენ ამგვარ ტკივილებს, მისი პასუხი იყო: „ძალიან ცინიკური კი ვარ, მაგრამ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა!“.

გასაკვირია, რა მცირე დოზით იკვლევს მედიცინა მენსტრუაციის ტკივილების საკითხს. მართალია, უკანასკნელ წლებში ამ თემაზე ტაბუ სოციალურ მედიაში გაჩენილმა კამპანიებმა დაარღვია, მაგრამ სამეცნიერო კვლევებსა და სერიოზულ სამედიცინო განხილვებში მას მაინც მოკრძალებული ადგილი უჭირავს. შეზღუდული კვლევებია ჩატარებული მენსტრუალური ტკივილების სპეციფიკური პროფილაქტიკისა და ამ დროს საჭირო ნივთებზე – ტამპონებზე, ჭიქებსა და ჰიგიენურ საფენებზე.

ნიშანდობლივია, რომ ამგვარი უგულებელყოფა ეხება არა მხოლოდ ქალის მენსტრუალურ ტკივილს, არამედ ზოგადად ქალის ტკივილს მედიცინაში. ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალის ტკივილს მთლიანობაში მედიკოსები ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან.

საშუალოდ, კაცი მუცლის არეში ტკივილს 49 წუთს უძლებს და შემდეგ მიმართავს დახმარებას, ქალისთვის კი იგივე სიმპტომებისას ეს დრო 65 წუთს შეადგენს. ეს იმიტომ ხდება, რომ სექსისტური სტერეოტიპების თანახმად მიიჩნევა, რომ ქალები თავიანთი ტკივილის დრამატიზებას ახდენენ, მაშინ, როდესაც კაცებს იგივე სიმპტომებისას უცებ უჯერებენ.

მართლაც, სიტყვა „ისტერიკა“ თავისთავად გამომდინარეობს სიტყვა hystericus-იდან (საშვილოსნო), რაც იმაზე მეტყველებს, თუ როგორ უკავშირებს საზოგადოება ქალურ საწყისს მერყეობასა და არასტაბილურობას.

მსოფლიოს დიდი ისტორიკოსები მენსტრუაციის შესახებ დუმან. ამ პერიოდს დედები, გოგონები, დები და დაქალები ჩურჩულით მოიხსენიებენ, რითიც ამ საკითხს სრულფასოვანი საუბრის რანგში განხილვის ღირსადაც კი არ მიიჩნევენ, ისტორიულ ანალებსა და ინტელექტუალურ დისკუსიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ის, რომ მენსტრუალური სისხლი ისტორიის ფურცლებს მიღმა აღმოჩნდა, ბევრ რამეზე თავისთავად მეტყველებს.

არისტოტელესთვის, ციკლის პერიოდი სიცოცხლის ელექსირია, რომელიც ბავშვების ჩასახების მიზნით სპერმას ერწყმის. ეს უკვე არაბუნებრივ ძრწოლას იწვევს და ქალის თანდაყოლილი არასრულფასოვნების დადასტურებაა. შედეგად, მივიღეთ დასკვნა: „ჩვენ ქალის ეს მდგომარეობა უნდა აღვიქვათ, როგორც სიმახინჯე, თუმცა იგი ბუნების ჩვეული კანონია“.

ძველ აღთქმაში ფარისევლური ძრწოლისა და კაცური ავტორიტეტის ანალოგიური ნაზავი გვხვდება: ლევიტელთა წიგნში (15) ნათქვამია, რომ ქალი მენსტრუაციის პერიოდში საზოგადოებისგან შვიდი დღითაა მოკვეთილი და ღვთისმსახურმა უნდა განწმინდოს „წიდოვნებისგან“:

„19. და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.
20. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
21. და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.
22. და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.
23. და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
24. უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.
25. გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.
26. და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.
27. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
28. უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.
29. და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
30. და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი – ცოდვისათჳს და ერთი იგი – მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა“.

მეთვრამეტე საუკუნეში, ასტრონომიით გატაცებას სამედიცინო დისკუსიაში მენსტრუაციასთან დამოკიდებულებაში ახალ ელემენტი შემოაქვს: მეფე ჯორჯ მეორის ექიმი, რიჩარდ მიდი, წერს: „ყველასათვის ცნობილია, რამდენად დიდია მთვარის როლი ქალის სქესისთვის“.

ამ კაცური წინასწარგანწყობებით დაწყებული, ფუნდამენტურმა კვლევებმაც დაადასტურა კავშირი მენსტრუაციის ციკლსა და საშვილოსნოდან სისხლდენას შორის. მას შემდეგ, დასახელებული თემა სამედიცინო დისკურსში სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუალური ტკივილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავ ქალსა და ტრანსგენდერ კაცს ტანჯავს, მისი შემსუბუქების სერიოზული მცდელობები არ განიხილება. ეს მნიშვნელოვანწილად იმიტომ ხდება, რომ მენსტრუაციული ტკივილები საზოგადოებაში წარმოჩენილია, როგორც ქალისთვის ბუნებრივი ტკივილი, თითქმის ისეთივე საკრალური, მისტიკური ტანჯვა, როგორც მშობიარობა.

მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებისა და სამედიცინო დისკურსში ამ საკითხის მოგვარების მოთხოვნის ნაცვლად, ჩვენ ყველგან გენდერულ შემგუებლობას ვაწყდებით, მტკივნეულად ვკუმავთ ტუჩებს და მტკივან მუცელზე სათბურას ვიკრავთ. მართალია, არისტოტელესა და ძველი აღთქმის შეხედულებები მენსტრუაციასთან დაკავშირებით უმაღლეს ჭეშმარიტებად აღარ მიიჩნევა, მაგრამ მედიცინის ყურადღების მიპყრობა მოცემულ საკითხზე კვლავ უკეთესს გვასურვებინებს. მენსტრუაცია უკვე აღარ არის ტაბუ, მაგრამ კვლავ რჩება სერიოზული სამეცნიერო კვლევებს მიღმა. ვიდრე ასე იქნება, ქალები კვლავინდებურად დაიტანჯებიან ყოველთვიურად.

სიობჰენ ფენტონი (Siobhan Fenton), Independent