სექსუალური ძალადობა

ქალი საფრანგეთს სტრასბურგში უჩივის “ცოლქმრული მოვალეობის შეუსრულებლობის” გადაწყვეტილების გამო

This photo shows the inside of the European Court of Human Rights (ECHR) in Strasbourg, eastern France, on February 7, 2019. (Photo by FREDERICK FLORIN / AFP)

საფრანგეთში სასამართლომ განქორწინების მიზეზად ქალის მხრიდან ქმრისთვის ინტიმურ ურთიერთობებზე უარის თქმა დაადგინა. ვერსალის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

ქალის ადვოკატმა ამ გადაწყვეტილებას “შუასაუკუნეობრივი” და მოძველებული უწოდა. მისი თქმით, თავისი მნიშვნელოვნებით, ეს საქმე საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საფუძვლად იქცა.

“ცოლქმრული მოვალეობების” ცნებას საფრანგეთში კანონი იცავს, ხოლო მისი აუსრულებლობა დასჯადია. ქვეყნის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეები ვალდებულნი არიან, ერთობლივად იცხოვრონ და ეს ერთობა სექსუალურ ურთიერთობებსაც ეხება.

ბევრი ადგილობრივი იურისტი ამ მოძველებული “ვალდებულების” წინააღმდეგ ილაშქრებს.

მოსამართლეს, რომელმაც განქორწინების მიზეზად ქმართან ინტიმურ ურთიერთობებზე უარის მთქმელი ცოლი დაასახელა, მიაჩნია, რომ ქორწინების ცნება სექსუალური ურთიერთობების ვალდებულებებსაც მოიცავს.

“ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოძველებულია. აღმაშფოთებლად მიმაჩნია, რომ ქორწინების ინსტიტუტი ქალის დამონებისთვის გამოიყენება”, – განაცხადა ქალის ადვოკატმა. იგი აპირებს, მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, და ამით საფრანგეთის კანონმდებლობის შეცვლის პროცესი დაძრას. ამჟამად, სამოქალაქო კოდექსი ქორწინებაში მყოფი ადამიანებისგან ერთობლივ სექსუალურ ცხოვრებასაც მოითხოვს. ადვოკატი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის მეშვეობით გააუქმოს ადგილობრივი მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რომ იგი იჭრება კერძო ცხოვრებაში და არღვევს ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას.

ლიონის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალისტი კრისტიან ბიდო ამბობს, რომ მოსამართლეები საფრანგეთში სულ უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ განქორწინებისას სექსუალური ურთიერთობების არქონის ფაქტორს, ერთ-ერთი მეუღლის დადანაშაულების იარაღად, თუმცა ამბობს, რომ კოდექსი უდაოდ შესაცვლელია.

ცვლილებებს მხარს უჭერს აგრეთვე ზემო ელზასის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინალისტიკის სპეციალისტი ჟიული მატიუსი. “დღეს მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ცოლქმრული მოვალეობა თავისთავად ნაგულისხმევი პირობა არაა. პირიქით, ეს უნდა ვაკრიტიკოთ, და აღმოვფხვრათ უკვე სამართლებრივ სივრცეში”, – ამბობს იგი.

ორგანიზაციები “ქალთა ფონდი” და “ფემინისტური ჯგუფი სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ” აცხადებს, რომ ფრანგული მართლმსაჯულება “განაგრძობს ცოლქმრული მოვალეობებით ადამიანების დამძიმებას, და ამით სრულიად უგულებელყოფს ქალის უფლებას, სქესობრივ ურთიერთობაზე თქვას კი ან არა”.

ორივე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გაუპატიურების ან მისი მცდელობის 94 000 შემთხვევიდან, რაც ყოველწლიურად ქვეყანაში რეგისტრირდება, შემთხვევების 47%-ში მსხვერპლის ყოფილი ან ახლანდელი ქმარი ან პარტნიორია.

thelocal.fr