სექსუალობა / სტატიები

„ქალწულობის გაყალბების“ წინააღმდეგ

საქალწულე აპკი ქალის სხეულის შესახებ არსებული დისკუსიების ერთ-ერთი ყველაზეხიფათო თემაა. წიგნის The Wonder Down Under ავტორები, მედიკოსები ნინა დოლვიკ ბროხმანი (Nina Dølvik Brochmann) და ელენ შტოკენ დალი (Ellen Støkken Dahl) იმის შესახებ გვესაუბრებიან, თუ რას ნიშნავს საქალწულე აპკი მთელი მსოფლიოს ქალებისთვის. მათი მიზანია, ახალგაზრდა ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთი სხეულების შესახებ.

ნინა დოლვიკ ბროხმანი: უმეტესობა ჩვენგანი ისე გაიზარდა, რომ მისი რწმენით, საქალწულე აპკი ქალწულობის დამადასტურებელი ნიშანია. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდით. ქალის უბიწოებაზე საუბრისას, ორ ანატომიურ მითს ვიყენებთ, მაშინ, როდესაც სამედიცინო საზოგადოებაში სინამდვილე საუკუნეზე მეტი ხანია, რაც იციან. რატომღაც, ეს ორი მითი მთელი მსოფლიოს ქალებისთვის ცხოვრების გამართულებელ ფაქტორად რჩება.

ელენ შტოკენ დალი: მითის თანახმად, როდესაც ქალს პირველად აქვს ვაგინალური სექსი, საქალწულე აპკი იხევა და სისხლის სდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ ქალს სისხლდენა არ აღენიშნება, იგი უბრალოდ ქალწული არაა.

მეორე მითი პირველის ლოგიკური გაგრძელებაა: რადგან საქალწულე აპკი იხევა და სისხლმდინარეა, ადამიანებს ჰგონიათ, რომ იგი ფაქტიურად ქრება, ქალი კი პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ რადიკალურად იცვლება.

ეს რომ ასე იყოს, ქალის სასქესო ორგანოების ქალწულობაზე შემოწმების გზით, მისი ქალწულობა-არაქალწულობის გასაზღვრა ძალზე ადვილი იქნებოდა.

ნინა ბროხმანი: მაშ ასე, ჩვენ წინაშეა ორი მითი: ქალწულებს სისხლი სდით, საქალწულე აპკის ნაფლეთები კი სამუდამოდ ქრება.

ახლა ეს ყველაფერი შეიძლება მეორეხარისხოვნად მოგვეჩვენოს. რატომ უნდა ვიდარდოთ ქალის სხეულში არსებული კანის გაურკვეველ ნაკუწზე? მაგრამ, სიმართლე იმაშია, რომ საქმე ბევრად რთულადაა, ვიდრე ამას ანატომიური გაუგებრობა გულისხმობს. მითები საქალწულე აპკის შესახებ საუკუნეების მანძილზე არსებობდა და მას კულტურული მნიშვნელობა გააჩნდა: თითოეულ კულტურაში, რელიგიასა და ისტორიულ მოცემულობაში ქალის სექსუალობის წინააღმდეგ მიმართულ უმძლავრეს იარაღად გამოიყენებოდა.

ქალს კვლავინდებურად არ ენდობიან, არცხვენენ, აზიანებენ და ხანდახან, „ღირსების მკვლელობების“ სახელით, ზვარაკადაც სწირავენ, თუ ქორწინების ღამეს სისხლი არ დაუნახეს. დანარჩენი ქალები იძულებულნი არიან, ქალწულობის შემოწმება აიტანონ იმის ფასად, რომ სამსახური მიიღონ, რეპუტაცია შეინარჩუნონ ან გათხოვდნენ.

ელენ შტოკენ დალი: მაგალითად, ინდონეზიაში, სამხედრო სამსახურში მიღებამდე, ქალებს სისტემატურად ამოწმებენ ქალწულობაზე. 2011 წლის ეგვიპტური ამბოხისას, ქალები, რომლებიც საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობდნენ, იძულებულნი იყვნენ, სამხედროთა მხრიდან ქალწულობაზე შემოწმება გაევლოთ.

ოსლოში ექიმები გოგონებს ქალწულობაზე ამოწმებენ, რათა მათი მშობლები დაამშვიდონ, რომ ქალწულობა „ადგილზეა“. სამწუხაროდ, სია გრძელდება. ქალები თითქოს აღარ ელოდებიან მითებს საქალწულე აპკის შესახებ, ისინი ქალწულობის სწრაფ „გამოსწორებას“ ირჩევენ, რათა სისხლდენა გარანტირებული ჰქონდეთ. შესაძლოა, „გამოსწორების“ ეს ხერხი პლასტიკური ქირურგიაც იყოს, ცნობილი, როგორც „ხელახლა გაქალწულება“, ან პირველი ღამის შემდეგ ზეწარზე დაღვრილი სისხლის წვეთები, ან ონლაინ შეძენილი ყალბი აპკი, თეატრალურ სისხლთან კომპლექტში.

ნინა ბროხმანი: როდესაც გოგონებს ვეუბნებით, რომ მათ სხეულებში საიდუმლოს გამჟღავნება იმალება, ჩვენ მათში შიშს ვთესავთ: მათ ეშინიათ, თავი არ დაიზიანონ სპორტული აქტივობების, თამაშის, ჰიგიენური ტამპონის ან სექსის დროს. ჩვენ მათ შესაძლებლობებსა და თავისუფლებას ვუზღუდავთ. დროა, „ქალწულობის გაყალბების“ ცნებას წერტილი დაესვას. დროა, ერთხელ და სამუდამოდ დაიმსხვრეს მითები საქალწულე აპკის შესახებ.

ელენ შტოკენ დალი: ჩვენ მედიკოსი სტუდენტები, სექსუალური ჯანმრთელობის სპეციალისტები და Wonder Down Under-ის ავტორები ვართ. ეს სამეცნიერო წიგნია ქალის გენიტალიების შესახებ. ჩვენი დაკვირვებით, ადამიანებს ჰგონიათ, რომ საქალწულე აპკი ერთგვარი ქსოვილია, რომელიც საშოს შესასვლელზეა გადაკრული. ნორვეგიულ ენაზე, მას საქალწულე მემბრანა ჰქვია. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ იგი მყიფე, ადვილად დაზიანებადი რამაა, რისი დახევაც პლასტიკის შეფუთვასავით ადვილია.

ამ ყველაფრის დასასურათებლად ეს რგოლი მოვიხმეთ. როდესაც იგი იხევა, ამის დამალვა შეუძლებელია, ასე არ არის? ვიდრე მე მას გავხევდი, იგი სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ამიტომ, თუ მას მოვიშველიებდით ქალწულობის შესამოწმებელ ხერხად, ძალზე ადვილი იქნებოდა. სათქმელად ადვილია, რომ ეს რგოლი ქალწული უკვე აღარაა.

ნინა ბროხმანი: მაგრამ, საქალწულე აპკს ამ რგოლს ნუ შევადარებთ. იგი გაცილებით სხვა რამაა, ვიდრე პლასტიკის ნაგლეჯი, რომლითაც ჩვენს საკვებს ვფუთავთ. ფაქტიურად, იგი თმის რეზინს ან რეზინის ლენტს წააგავს. საქალწულე აპკი საშოს გარე მხარეს არსებული ქსოვილია. ჩვეულებრივ, მას სქელი რკალის ან ნახევარრკალის ფორმა აქვს, ცენტრში დიდი ღიობით. აგრეთვე, არსებობს სხვადასხვაგვარი სახესხვაობის საქალწულე აპკები: გამობურცული ფორმის, რამდენიმე ღიობის მქონე და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქალწულე აპკის ბევრი ნაირსახეობა არსებობს, რაც ქალწულობის შემოწმების პროცესს ძალიან ართულებს.

ელენ შტოკენ დალი: ახლა, როდესაც ცოტა რამ უკვე ვიცით საქალწულე აპკის ანატომიაზე, მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენს ორ მითს. ქალწულებს სისხლი სდით, საქალწულე აპკი ერთხელ და სამუდამოდ ირღვევა. მაგრამ, სინამდვილეში, საქალწულე აპკი სულაც არ უნდა დაიხეს. ჩვენ შეგვიძლია თმის რეზინის გაწელვა, ხომ ასეა? ზუსტად ასეა შესაძლებელი საქალწულე აპკის გაწელვაც. იგი ძალზე ელასტიკურია და ვაგინალურ სქესობრივ აქტს დაზიანების გარეშეც უმკლავდება. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში საქალწულე აპკი დაიხეს, რათა ადგილი პენისს გაუთავისუფლოს, მაგრამ იგი არ ქრება, უბრალოდ სხვაგვარად გამოიყურება.

ნინა ბროხმანი: აბა, სადღა დარჩა ამ ორი მითის ადგილი? ჯერ ერთი, თუ ელასტიკური საქალწულე აპკი გვაქვს, სექსის დროს სისხლდენა არასოდეს გვექნება, – მნიშვნელობა არ აქვს, ქალწულები ვართ თუ არა. ეს ანატომიურად შეუძლებელია. და ამგვარი შემთხვევა ქალების ნახევარს აღენიშნება.

ანუ, ზოგიერთ ქალწულს პირველი ვაგინალური სექსის დროს სისხლდენა აღენიშნება, მაგრამ ზოგიერთს – არა. ასე რომ, ჩვენი პირველი მითი გაქარწყლებულია. აქედან გამომდინარე, თქვენ ვერ ჩაიტარებთ გამოკვლევას ქალწულობის სტატუსის დასადგენად. ეს ჯერ კიდევ საუკუნის წინ, 1906 წელს აღნიშნა ნორვეგიელმა ექიმმა მარი ჯინსეტმა (Marie Jeancet). საშუალო ასაკის სექს მუშაკის დათვალიერების შემდეგ, მან გააკეთა დასკვნა, რომ პაციენტის გენიტალიები ქალწული მოზარდის გენიტალიებს მიაგავდა.

ელენ შტოკენ დალი: რადგან საქალწულე აპკის ფორმა ნებისმიერი ვარიაციით შეიძლება შეგვხვდეს, ძნელი გასარკვევია, არსებობს თუ არა აქ სექსუალური აქტისგან გამოწვეული დაზიანება, თუ ეს ჩვეულებრივი ანატომიური ვარიანტია.

ქალწულობის შემოწმების აბსურდულობას გვიდასტურებს კვლევა, რომელში მონაწილეობაც 36-მა ორსულმა მოზარდმა მიიღო. როდესაც ექიმებმა მათი საქალწულე აპკი გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ მათგან სქესობრივი შეღწევის ნიშნები მხოლოდ ორს აღენიშნებოდა. ასე და ამგვარად, თუ 34 უბიწოდ ჩასახებისა არ გჯერათ, მაშინ იმას მაინც უნდა დაეთანხმოთ, რომ მეორე მითსაც სასიკვდილო დარტყმა მიადგა.

თქვენ არ შეგიძლიათ, უბრალოდ დაათვალიეროთ ქალის ვაგინა და მისი სექსუალური აქტივობის ისტორია წაიკითხოთ. როგორც მითების უმეტესობა, მითი საქალწულე აპკის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს რაღაც რგოლი, რომელიც პირველი სექსის შემდეგ ქრება, და ქალწულთა ნახევარს პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სისხლდენა არ აღენიშნება.

ნინა ბროხმანი: კარგი იქნებოდა, რომ ამ მითების გაქარწყლებით, სირცხვილი, ზიანი და „ღირსების მკვლელობები“ გაქრებოდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე მარტივი არაა.

ქალების სექსუალური ჩაგვრა გაცილებით ღრმა ფესვებიდან მოდის, ვიდრე ეს საქალწულე აპკის თავისებურებების ანატომიური გაუგებრობაა. საქმე ეხება ქალის სექსუალობის კულტურულ და რელიგიურ კონტროლს, და ამის შეცვლა გაცილებით რთულია. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ.

ელენ შტოკენ დალი: ეს ჩვენი, როგორც მედიკოსების, წვლილია. ჩვენ გვსურს, თითოეულმა გოგონამ, მისმა მშობელმა და მომავალმა ქმარმა იცოდეს, თუ რა არის სინამდვილეში საქალწულე აპკი და როგორი აგებულება აქვს მას. ჩვენ გვსურს, მათ იცოდნენ, რომ საქალწულე აპკი არ გამოდგება ქალწულობის დასადასტურებლად და ამით შეგვიძლია მოვაშთოთ ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტი, რომელიც ახალგაზრდა ქალებზე კონტროლის იარაღად გამოიყენება.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა: თუ საქალწულე აპკი ქალის ქალწულობის დამადასტურებელ საბუთად არ გამოდგება, მაშ რა არის მისი ალტერნატივა? ჩვენ ვარჩევთ, რომ ამის ალტერნატივად არაფერი გამოვიყენოთ. თუ გსურთ, გაიგოთ, ქალი ქალწულია თუ არა, ჰკითხეთ მას. გიპასუხებთ თუ არა იგი ამ კითხვაზე, ეს მისი არჩევანია.