შორენა გაბუნიას ბლოგი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სპორტის სახეობებს შორის, ფეხბურთი ერთ-ერთია, სადაც რასიზმი და ჰომოფობია მძლავრადაა ფესვგადგმული. ეს ტენდენცია თვალშისაცემია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მოწინავე ქვეყნებშიც კი.
ყოველწლიურად, ფიფა და უეფა დიდ ძალისხმევას ახმარს ანტიჰომოფობიურ კამპანიებს, თუმცა, პროფესიულ ფეხბურთში ქამინგ აუთის გაკეთებას არავინ ჩქარობს.
კულისებს მიღმა, უამრავი მითქმა-მოთქმაა გავრცელებული ამა თუ იმ ცნობილი ფეხბურთელის ჰომოსექსუალობის შესახებ, მაგრამ უმტკიცესი ჰომოფობიური ზღუდის გარღვევის გამბედაობა ვერც ერთმა ცნობილმა მოქმედმა ფეხბურთელმა ვერ გამოიჩინა.
შესაძლოა, ისინი უფრთხოდნენ იმ ტრაგიკულ ხვედრს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯასტინ ფაშანუმ გაიზიარა. ფაშანუ პირველი შავკანიანი ფეხბურთელი იყო, რომლის სატრანსფერო ღირებულებამაც 1981 წელს მილიონ ფუნტს მიაღწია. ფეხბურთის ისტორიაში იგი ასევე პირველი იყო, ვინც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა. თუმცა, იმდროინდელი საზოგადოება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ჯასტინი მალე იძულებული გახდა, თანაგუნდელების და მწვრთნელების მხარდაჭერის მოლოდინში კლუბიდან კლუბში ეხეტიალა. მწვრთნელები და ფეხბურთელები მას მუდმივად ფსიქოლოგიურ სტრესში ამყოფებდნენ, გულშემატკივრები მოკვლით ემუქრებოდნენ, მედიამ 17 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის საქმე შეუთითხნა. ჯასტინმა ყველა მხრიდან წამოსულ სასტიკ ბულინგს ვერ გაუძლო და 1998 წელს, ლონდონის ერთ-ერთ გარაჟში თავი ჩამოიხრჩო.
პირველი გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც იატაკქვეშეთიდან გამოსვლის სიმამაცე აღმოაჩნდა, მეორე ბუნდესლიგის კლუბ “როტ-ვაისში“ მოთამაშე მარკუს ურბანია. ურბანს აღმოსავლეთ გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში ხშირად იწვევდნენ, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება 20 წლის ასაკში მიიღო. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ქამინგ აუთის სიკვდილივით ეშინოდა, მეორე მხრივ კი, საკუთარი თავის საპყრობილეში გამომწყვდევა არ სურდა.
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ტომას ჰიტცლშპერგერმა ქამინგ აუთი 2014 წელს გააკეთა, მაშინ, როდესაც საფეხბურთო კარიერა უკვე ერთი წლის დასრულებული ჰქონდა. ტომასი დღემდე ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილი ღია გეია.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი ორიენტაცია კარიერის დასრულების შემდეგ (2013 წელი) გაასაჯაროვა, ამერიკელი რობი როჯერსია. 25 წლის ფეხბურთელზე აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ამაოდ – მიუხედავად იმისა, რომ როჯერსის ქამინგ აუთი ისეთი ყოვლისშთანმთქმელი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა, მისი კარიერა მაინც ვერ გაგრძელდა.
დღესდღეობით, მსოფლიო ფეხბურთის მესვეურნი ყველანაირად ცდილობენ სპორტის ამ სახეობაში ჰომოფობიასთან ბრძოლას, თუმცა, მათი ეს აქტივობა მხოლოდ სხვადასხვა სახის ანტიჰომოფობიური აქტივობების განხორციელებაში გამოიხატება, ფეხბურთში ჰომოფობიის დაძლევის უმთავრესი ნიშანი კი – ცნობილი მოქმედი ფეხბურთელების ქამინგ აუთის პრეცედენტები – კვლავ არ არსებობს.
თუმცა, რაღა თქმა უნდა, უდიდესი დატვირთვა გააჩნია ამ ანტიჰომოფობიურ აქტივობებსაც.
მაგალითად, სულ ახლახან, კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდ ბრიტანეთში პირველ საფეხბურთო კლუბად დაფიქსირდა, რომელმაც პარტნიორობა გააფორმა ლგბტ საქველმოქმედო ორგანიზაცია “სტოუნვოლთან”. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვატყობინებს, მსგავსი ინიციატივა კლუბს სპორტში ლგბტ პრობლემების გადაჭრისა და ფეხბურთში თანასწორობის იდეის განმტკიცების საშუალებას მისცემს.
ასევე, არბიტრი რაიან ატკინის სახით, დიდი ბრიტანეთის პროფესიონალი მსაჯების რიგებში პირველი ღია გეი გამოჩნდა. ინგლისის მეხუთე დივიზიონის მსაჯი თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ამა წლის აგვისტოში ალაპარაკდა.
გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სექტემბერში საზოგადოებას კლუბის ცისარტელას დროშის კაპიტნის სამკლაური წარუდგინა.
ზოგადად, ფეხბურთელების ცისარტყელას სამკლაურით და თასმებით მოედანზე გასვლა უეფას ამჟამინდელი ანტიჰომოფობიური კამპანიების Captains of Change-ისა და Respect-ის ნაწილია. სწორედ ამ სახით შემოიჭრა დასახელებული ანტჰომოფობიური სულისკვეთება ქართული ფეხბურთის სივრცეშიც: საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელიც პარალელურად არნემის „ვიტესის“ კაპიტანიცაა, 15 ოქტომბერს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში, მოედანზე ცისარტყელას სამკლაურით გავიდა.
ჰომოფობ ქართველ გულშემატკივარში კაშიას ამ საქციელმა განსაკუთრებული რისხვა გამოიწვია. უკვე მესამე კვირაა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ლგბტ ადამიანების სოლიდარობის გამო მის მიმართ წამოსული შეურაცხყოფებისა და აგრესიის ნიაღვარის წინაშე აღმოჩნდა. რადიკალი გულშემატკივრების რისხვა გაათკეცდა, როდესაც კაშიას მხარი სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა: ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა, კახა კალაძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გამოუცხადეს.
დღეს, ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან, ექსტრემისტი ჰომოფობები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. დაზუსტებული არაა, რა ჰომოფობიური პერფორმანსის გამართვას აპირებენ ისინი აქციის დროს: ლგბტ დროშების დაწვას თუ ფეხბურთის ფედერაციის შენობის ცისარტყელას ფერებში გადაღებვას, თუმცა ამ ამბავში, ეს ისტორია მთავარი ნამდვილად არ არის: ბოლო-ბოლო, ჩვენი ჰომოფობები ცისარტყელას დროშების კერვას დაიწყებენ – რა არის ამაში ცუდი?
მთავარი და უმთავრესი აქ ისაა, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ უამრავი პრობლემაა, სადაც ჟურნალისტები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ეკრანიდან თავზე უშურველად გვაფრქვევენ ჰომოფობიას, – ჩვენი ფეხბურთელების სიმამაცეს საზღვარი ნამდვილად არ აქვს. მათ მოახერხეს ის, რაც ამ ქვეყანაში ძალზე რთული, ხშირად კი შეუძლებელიცაა – ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის სახელით, დინების საპირისპიროდ ცურვა. ამგვარი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმის სიმამაცე დღეს საქართველოში ცოტას თუ აქვს.
და, ამ პირობებში, ძნელია, ეს ყველაფერი სენტიმენტების გარეშე აღიქვა. ამიტომაც: RESPECT!