ქეთრინი მწერალი, მსახიობი და კულინარი იყო, მაგრამ ყველა მისი ტალანტი ჩრდილში მოექცა იმის გამო, რომ სახელგანთქმულ ჩარლზ დიკენსთან ქორწინებაში იმყოფებოდა.
1835 წლის თებერვალში, ჩარლზ დიკენსი დაბადების 23-ე წლისთავს აღნიშნავდა. მოწვეულთა შორის ქეთრინ ჰოგარტიც (Catherine Hogarth) იყო, იმ ჟურნალის გამომცემლის ქალიშვილი, სადაც მწერლის ნაწარმოებები იბეჭდებოდა.
„პირადად გაცნობისას, მისტერ დიკენსმა ჩემზე გაცილებით სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა“, – მისწერა ქეთრინმა მოგვიანებით თავის ბიძაშვილს.
როგორც ჩანს, შთაბეჭდილება წარუშლელი აღმოჩნდა, და მალე ქეთრინმა ჩარლზთან ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. ქორწილი ლონდონში შედგა, 1836 წლის 2 აპრილს.
მათი ქორწინება ძალზე ბედნიერიც აღმოჩნდა და უიმედოდ სევდიანიც. მომდევნო 15 წლის მანძილზე, ქეთრინმა ათი ბავშვი გააჩინა და სულ ცოტა ორჯერ ადრეულად შეუწყდა ორსულობა.
ქეთრინი და ჩარლზი ლამაზ, მოყვარულ წყვილად იქცა, რომელიც წვეულებებზე პირდაპირ ბრწყინავდა. ისინი სულაც არ მიაგავდნენ ერთ ჭერქვეშ უცხოებივით მცხოვრებ წყვილებს.
თუმცა, ქეთრინი მხოლოდ ბევრი ბავშვის დედა არ ყოფილა. ქმარი მოგზაურობებში შესანიშნავ თანამგზავრად მოიხსენიებდა, მაგრამ იგი ასევე ერთობ ნიჭიერი მწერალი, მსახიობი და სწორუპოვარი კულინარი გახლდათ. ქორწინებამ მისი ეს უნარები სრულიად ჩრდილში მოაქცია.
დიკენსისა და ქეთრინის ქორწინებაზე, ასევე მათ ხმაურიან გაყრაზე 1858 წელს, ბევრი რამ დაწერილა. XX საუკუნის დასაწყისში, ორივე მათგანის სიკვდილის შემდეგ, საზოგადოებამ ამ საკითხში მყარად დაიკავა დიკენსის მხარე. უსიამოვნო ხმები გავრცელდა იმის შესახებ, თუ რატომ გასცილდა ცოლს მწერალი: ამბობდნენ, რომ ქეთრინი ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ხმები ახლაც აქტუალურია.
ამასთან დაკავშირებით, ქეთრინის პერსონა საზოგადოებამ დიკენსის ფიგურასთან დამოკიდებულების ჭრილში აღიქვა: ხან დევნილი წამებულის მანტია მოასხა, ხან „დიდი ადამიანის“ გამოფიტვა-დაღლაში დასდო ბრალი.
მათი ქალიშვილის, კეტის (Katey) ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ დიკენსისა და ქეთრინის ქორწინება სრულიად გასაგები მიზეზების გამო დასრულდა: ცოლ-ქმრის ურთიერთობა ისეთ მოულოდნელ გამოცდას შეეწირა, როგორიცა დიკენსის თავბრუდამხვევი წარმატებაა.
როდესაც ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს, ჩარლზმა ქეთრინი გააღმერთა. მისი ბავშვობა სიღარიბით იყო გამოხრული და მუდამ ვალებში ჩაფლული ცხოვრობდა. ქეთრინი საშუალო შეძლების, ბედნიერი, წარმატებული და მყუდრო ოჯახის შვილი იყო. როგორც ჩანს, დიკენსს მისი მიბაძვა სურდა, იგი სტაბილურობის გარანტ თანამეცხედრესა და დედაზე ოცნებობდა, რომელთან ცხოვრებაც უზრუნველობის საფუძველი იქნებოდა. ამ მხრივ, ქეთრინი იდეალური ქალი აღმოჩნდა.
ერთობლივი ცხოვრების დასაწყისში, ქეთრინი სოციალური და მატერიალური მდგომარეობით ქმარზე მაღლა იდგა, მაგრამ ძალიან მალე მამამისის დაქირავებული ჟურნალისტიდან, დიკენსი სახელგანთქმულ მწერლად იქცა, რომლის ნაწარმოებებსაც თავად დედოფალი ვიქტორია კითხულობდა. ქორწილიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, ჩარლზის შეხედულებებმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც კი იქონია გავლენა.
ქმრის დიდების სხივებში, ქეთრინის ბრწყინვალებამ გაუფერულება იწყო. თავდაპირველად იგი ქმარივით ბედნიერი იყო, მაგრამ მრავალრიცხოვანმა ორსულობამ, რომელთაგანაც ძლივს გამომჯობინდა, მისი ჯანმრთელობა, ძალები და ქორწინება შეიწირა. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მას უკანა პლანის მოსაწყენ, ძველმოდურ ქალად განიხილავენ.
სინამდვილეში, ქეთრინი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც სახელგანთქმულ მწერალთან ერთად ბევრს მოგზაურობდა. მან ისეთი გზა გაიარა, რაზეც მისი სოციალური ფენის ქალების უმეტესობა ვერც იოცნებებდა. მაგალითად, იგი და ჩარლზი სამოყვარულო თეატრით იყვნენ გატაცებულნი. ქეთრინი არა მხოლოდ საშინაო სპექტაკლებში მონაწილეობდა, არამედ ამერიკული და კანადური თეატრების სცენაზეც მდგარა.
აღსანიშნავია, რომ ქეთრინმა წიგნიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი მკვლევარი დიკენსის კალამს მიაკუთვნებდა. ამით ისინი ქედმაღლურად აცხადებდნენ, რომ ქეთრინს წიგნის დაწერის ჭკუა არ ეყოფოდა.
მაგრამ, ასევე დიდი სიბრიყვე იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს უმკაცრესი გრაფიკის პირობებში, ჩარლზს ქალის ფსევდონიმით წიგნის გამოქვეყნება მოსურვებოდა, იმ დროს, როდესაც ქალი მწერლების უმრავლესობა ნაწარმოებებს კაცის ფსევდონიმით აქვეყნებდა, რათა მათ წიგნებს დღის სინათლე ეხილა.
ქეთრინის წიგნის სათაურია „რა გვაქვს დღეს სადილად?“ (What Shall We Have for Dinner?). ეს არის არა მხოლოდ რეცეპტების კრებული, არამედ სასარგებლო რჩევები ახალგაზრდა დიასახლისებისთვის. რეალურად, ქეთრინი მისის ბიტონის (Mrs Beeton) წინამორბედი გახდა – ბრიტანელი დიასახლისის, რომელმაც 15 წლის შემდეგ კულინარიაში პირველი წიგნი გამოსცა.
მომზადებულია bbc culture-ის მასალების მიხედვით