სახელგანთქმული პროდიუსერი ჰარვი ვანშტაინი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ხმამაღალ სკანდალში გაეხვა, რის გამოც იძულებული გახდა, თავისივე დაარსებული კომპანია Weinstein Company დაეტოვებინა.
მერილ სტრიპმა მას „ოსკარის“ მიღებისას ღმერთი უწოდა, მაგრამ ახლა განაცხადა, რომ ვაინშტაინის წინააღმდეგ აგორებულმა ბრალდებებმა იგი სულის სიღრმემდე შეძრა. მსახიობებმა ჯუდი დენჩმა, ქეით უინსლეტმა და ემა ტომპსონმა სახელგანთქმული პროდიუსერი ასევე საჯაროდ გააკრიტიკეს.
ჰარვის მიმართ ბრალდებებმა პირველად New York Times-ის ფურცლებზე გაიჟღერა. ვაინშტაინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ „ტანჯვა გამოიწვია“, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოქვეყნებული სტატია ცრუ და დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას შეიცავს და დასძინა, რომ გამოცემას სასამართლოში უჩივლებდა.
5 ოქტომბერს, The New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური შევიწროებების შესახებ. Weinstein Company-ს ყოფილი თანამშრომელი და ჰოლივუდის მსახიობი ქალების თქმით, ჰოლივუდის ინდუსტრიის გიგანტი 30 წელიწადზე მეტია, რაც სამსახურეობრივად დაქვემდებარებულ ქალებს ავიწროებდა, მათ წინაშე იხდიდა ან მათგან მასაჟის გაკეთებას მოითხოვდა. გამოცემის წყაროების ნაწილი ანონიმურია – დაზარალებულმა ქალებმა ამ საკითხზე ღიად საუბარი არ ისურვეს.
სტატიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია: ვაინშტაინმა მასში მოხსენიებულ ფაქტებს სიცრუე უწოდა და გამოცემას დაემუქრა, რომ ცილისწამებისთვის 50 მილიონ დოლარს შეედავებოდა, და თანამდებობიდან წავიდა, მისი თქმით, „დროებით“. ამასობაში, მისი მეგობრები ცდილობდნენ, მიმხვდარიყვნენ, თუ როგორ აღმოჩნდა ქალთა უფლებების გულმხურვალე მხარდამჭერი, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას მეგობარი სექსუალური სკანდალების გმირი.
როგორც The New York Times-მა დაადგინა, 30 წლის განმავლობაში, ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი იყვნენ პროდიუსერის ახალგაზრდა თანაშემწე (1990 წელი), ლონდონელი მსახიობი ქალი (1997 წელი), ანონიმი იტალიელი მოდელი (2015 წელი) აგრეთვე Weinstein Company-ს თანამშრომელი ლორენ ო’კონერი, იტალიელი მოდელი ამბრა ბატილანა და მსახიობი როუზ მაკგოუენი.
მსახიობი ეშლი ჯადის თქმით, 20 წლის წინ პროდიუსერმა მას საქმიანი შეხვედრის მიზეზით ოტელში განმარტოება შესთავაზა. ნომერში ვაინშტაინი გოგონას ხალათში გამოწყობილი გამოეცხადა და მას მასაჟის გაკეთება ან შხაპის მიღებისას ყურება შესთავაზა.
2014 წელს, ემილი ნესტორმა, რომელმაც ვაინშტაინთან სულ რაღაც ერთი დღე იმუშავა, პროდიუსერისგან ოტელში შეხვედრის შეთავაზება მიიღო. კაცმა დააკონკრეტა: თუ გოგონა მასთან ინტიმურ ურთიერთობებზე დათანხმდებოდა, მისი კარიერა სწრაფად წინ წავიდოდა.
მომდევნო წელს, ვაინშტაინი Weinstein Company-ს ანონიმი თანამშრომელი ქალის წინაშე სრულიად შიშველი გამოცხადდა და მას მასაჟის გაკეთება შესთავაზა. ქალს ქვითინი აუვარდა და გაიქცა.
პროდიუსერის მიერ შევიწროებული ქალების რიგებს გვინეთ პელტროუ, აზია არჯენტო და ანჯელინა ჯოლი შეუერთდნენ.
შევიწროებების კონცეფცია თითქმის ერთნაირი იყო: პროდიუსერი გოგონებს ოტელის ნომერში იწვევდა, მათ წინაშე შიშველი ან ხალათიანი ჩნდებოდა, სექსზე საუბრობდა, მასაჟის გაკეთებას მოითხოვდა ან მათ პირდაპირ ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობდა. სანაცვლოდ, იგი ქალებს ჰოლივუდში კარიერის გაკეთებას პირდებოდა. ზოგჯერ, ვაინშტაინი ქალებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ეხებოდა მკერდზე ან საშოზე.
დაზარალებულთა ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს, ისინი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი შევიწროების შესახებ მოწმეებისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ საუბრობდა, ზოგს მომხდარის რცხვენოდა. თუ დაზარალებული მაინც დააპირებდა მომხდარის გახმაურებას, ვაინშტაინი კონფლიქტის მოგვარებას ფულით ახერხებდა. მაგალითად, როუზ მაკგოუენმა სიჩუმისთვის 100 000$ აიღო.
Weinstein Company-ს რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა აღიარა, რომ უფროსის მხრიდან სექსუალური შევიწროებების ამბების შესახებ იცოდა. მათ ამის შესახებ ხმამაღლა საუბრის ეშინოდათ, რადგან კომპანიის კოდექსი ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას კრძალავს.
2015 წელს, დირექტორთა საბჭოს წევრმა ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა, მაგრამ მას გადააფიქრებინეს, და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. პროდიუსერის ადვოკატმა გოგონებთან სექსუალური ზეწოლის ფაქტების დამალვის შესახებ საუბარი არ ისურვა.
ვაინშტაინი ექვსი ოსკაროსანი ფილმის პროდიუსერია, მათ შორის „კრიმინალური საკითხავის“, „ჭკვიანი უილ ჰანტინგისა“ და „შეყვარებული შექსპირის“. მისი ფილმოგრაფია 40-ზე მეტ ფილმს ითვლის, ჰარვი ამერიკულ კინოინდუსტრიაში ძალზე გავლენიანი ფიგურაა. ტარანტინოსა და სოდერბერგის პროდიუსერს კინოს ჯადოქარს უწოდებენ: მას მცირებიუჯეტიანი კინოს ოსკარის მწვერვალებამდე აყვანის დიდი გამოცდილება აქვს. 2015 წელს საიტ Vocativ-ის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე ჯამურად 1,4 ათასი გამოსვლიდან, ვაინშტაინი მადლიერების კონტექსტში გაცილებით ხშირად მოიხსენიეს, ვიდრე ღმერთი.
პროდიუსერი თავს ლიბერალსა და ქალთა უფლებადამცველს უწოდებს. 2015 წელს, მისმა კომპანიამ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა სექსუალური შევიწროების შესახებ, სახელწოდებით The Hunting Ground. 2016 წელს, მან ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა და ინტერნად ბარაკ ობამას ქალიშვილი დაიქირავა. 2017 წლის იანვარში, ვაინშტაინმა ქალთა მარშშიც კი მიიღო მონაწილეობა.
„მე 60-იან და 70-იან წლებში ვიზრდებოდი, როცა სამსახურში ქცევის წესები სხვანაირი იყო. მას შემდეგ, მე მივხვდი, რომ ეს გამართლება არაა. რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ უკეთ უნდა მოვიქცე, და ჩემი ურთიერთობები თანამშრომლებთან შეიცვალა. მესმის, რომ ჩემი ქცევა მათთვის ტკივილის მიყენებას ნიშნავდა, და მე გულწრფელად ვითხოვ პატიებას. ყველაფრის გამოსწორებას ვგეგმავ“, – თქვა მან.
ახლა, „კრიმინალური საკითხავისა“ და „შეყვარებული შექსპირის“ ავტორი იძულებულია, თავისივე დაარსებული კომპანია დატოვოს. მას შემდეგ, რაც ვაინშტაინი ადვოკატმა ლიზა ბლუმმა და იურიდიულ საკითხებში კონსულტანტმა ლენი დევისმა მიატოვეს, უცნობია, აპირებს თუ არა იგი The New York Times-ის წინააღმდეგ თავისი მუქარების განხორციელებას.
Weinstein Company-ში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებულ იქნა „ახალი ინფორმაციის გამოაშკარავების შემდეგ“, ასე რომ, ამ საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალების გამოჩენაა მოსალოდნელი.
ვაინშტაინის გათავისუფლებას სექსუალური სკანდალების შედეგად რიგი მაღალი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობების იძულებითი დატოვება უძღოდა წინ.
მათ შორის არიან ოჯერ ეილსი, ბილ ო’რაილი და ერიკ ბოლინგი Fox News-დან, საიტი Ain’t It Cool News-ის დამაარსებელი ბილ კროსბი, რომელსაც მოგვიანებით ასევე სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.
ო’რაილიმ განაცხადა, რომ მის მიმართ გაჟღერებული პრეტენზიები „სრულიად უსაფუძვლო“ და „სასწაულად უსამართლო“ იყო. ნოულზმა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „100%-ით შეთითხნილი“ უწოდა და პორტალი Ain’t It Cool News-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
“ჰოლივუდელი კაცები დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალონ!“ – განაცხადა მსახიობმა როუზ მაკგოუენმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში, – ჰოლივუდის რეპუტაცია ილახება იმის გამო, რომ მისი საზოგადოების განვითარების პირობებში, აქაური კაცები ისევ ძველებურად იქცევიან. ეს სულაც არ გამოიყურება კარგად!“.
ჯენი კონერმა, HBO-ს სერიალ „გოგონების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, განაცხადა, რომ კინოს სამყაროში სექსუალური შევიწროების მხრივ, ამიერიდან „ყველაფერი სხვაგვარად“ იქნება.
ვაინშტაინის კომპანიაში, მისი წასვლის შემდეგ, იურიდიული ფირმა დაიქირავეს, „დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიების“ ჩასატარებლად. Forbes-ის თქმით, ეს გამოძიება შესაძლოა კომპანიას სერიოზულ ფინანსურ ტვირთად (20-დან 40 მილიონ დოლარამდე) დააწვეს.
ვაინშტაინი და მისი ძმა კომპანიის 42%-ის მფლობელები არიან, მაგრამ, ბუნდოვანია, რამდენად ეფექტურად მუშაობდა იგი ბოლო წლების მანძილზე. ახლახან, Weinstein Company-ს ხელმძღვანელობამ მიზნად სატელევიზიო პროექტების შექმნა დაისახა, თუმცა, ხელმოწერილი კონტრაქტების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან გუნდს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.
გასულ კვირას, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, ვაინშტაინმა განაცხადა, რომ ერთი წლის წინ მან 5 მილიონი დოლარის კაპიტალის ფონდი დააარსა, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კინოხელოვნების სკოლაში ქალი რეჟისორების სტიპენდიებს მოხმარდება.
2004 წელს, ბრიტანეთის კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო, ვაინშტაინი ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ორდენით დაჯილდოვდა, თუმცა, მისთვის ამ საპატიო წოდების ჩამორთმევის მოწოდებები უკვე აქტიურად ჟღერს.
ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მართალია, იგი შეშფოთებულია ვაინშტაინთან დაკავშირებული ბრალდებებით, მაგრამ ორდენის საქმეების მოგვარება დაუნინგ-სთრითის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.