კვლევა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, 2012 წელს ჩატარდა, თუმცა მისი შედეგების აქტუალობა დღეს საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას. ჰომოფობია, მისი აგრესიული გამოვლინებების მეშვეობით საზოგადოებაში თვითდამკვიდრების მცდელობები, ჰომოფობიაზე აგებული პოლიტიკური თუ რელიგიური პოპულიზმი, ინტერნალიზებული (გაშინაგნებული) ჰომოფობიის აგრესიული და შეუბრალებელი გამოვლინებები – ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სავარაუდოდ, დასახელებულ საკითხზე პოლიტიკური სპეკულირებები ჩვენს ქვეყანაში პიკს წინასაარჩევნო პერიოდში მიაღწევს. რასაკვირველია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ინტერნალიზებული ჰომოფობის მიერ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედია და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ჩვენს მეზობელ რუსეთში მძვინვარე ჰომოფობია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ ამ თემასთან დაკავშირებული აკადემიური კვლევების გახსენება. კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰომოფობები გაუცნობიერებელ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ ამის შესახებ საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, არათუ გარშემომყოფებს.
ჯერ კიდევ 1996 წელს ჩატარებულმა კვლევამ (Henry E. Adams, Lester W. Wright, Jr., and Bethany A. Lohr) დაადასტურა, რომ პირებში, რომლებიც საკუთარ თავს პირობითად ჰომოფობებად მიიჩნევდნენ, კაცების ჰომოსექსუალური სიუჟეტის გამოსახულებების ხილვისას დაფიქსირდა ერექცია, მაშინ, როდესაც არაჰომოფობების პირობით ჯგუფში მსგავსი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
2012 წელს ნიუ-იორკელმა (University of Rochester), ესექსელმა (University of Essex) და კალიფორნიელმა (University of California) მეცნიერებმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. კვლევის თანახმად, ჰომოფობებს ღია გეები და ლესბოსელები (ანუ ისინი, ვინც თავის ორიენტაციას არ მალავს) საკუთარ თავს აგონებთ. ამის გამო, ჰომოფობები, რომლებიც ქვეცნობიერად ჰომოსექსუალობისკენ მიდრეკილებას გრძნობენ, შოკსა და შიშს განიცდიან. ისინი მომართულნი არიან ამ გრძნობების ჩასახშობად, ვინაიდან ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილნი, სადაც არანორმატიული სექსუალობა კატეგორიულად მიუღებელია.
კვლევის კიდევ ერთი ავტორი, ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი რიჩარდ რაიანი (Richard Ryan), კვლევების შედეგების გათვალისწინებით, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საკუთარ თავთან მუდმივ კონფლიქტში მყოფი ჰომოფობები ამ კონფლიქტის დამალვას ვეღარ ახერხებენ და იგი ხშირად გარეთაც იფეთქებს ხოლმე.
სპეციალისტები ამგვარ დასკვნამდე ოთხი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მივიდნენ, რომლებშიც მონაწილეობა 160-მა სტუდენტმა მიიღო აშშ-დან და გერმანიიდან. მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს, თუ რას ამბობდნენ ისინი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და როგორი რეაგირება ჰქონდათ მათ ჰომოსექსუალური ან ჰეტეროსექსუალური წყვილების ფოტოების ჩვენებაზე. ჰომოფობიის ცნობიერი და ქვეცნობიერი დონეები სიტყვებისა და გამოსახულებების მეშვეობით იზომებოდა.
კვლევამ პროფესორ რაიანის თეორიის მართებულობა დაადასტურა, რომლის თანახმადაც, ადამიანის ცნობიერებისთვის ძალზე რთულია მორალის ნორმების გადაბიჯება. მან აღმოაჩინა, რომ მშობლებისგან მხარდაჭერილი ლგბტ ადამიანებისთვის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გათავისება გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე მათთვის, ვისაც ჰომოფობი მშობლები ჰყავდა.
ავტორების აზრით, კვლევის შედეგებმა შესაძლოა აგვიხსნას, თუ რატომ არის მიმართული ლატენტური ჰომოსექსუალების რისხვა არაჰეტეროსექსუალი ადამიანებისკენ. მეცნიერების ვარაუდის თანახმად, ჰომოფობები (ლატენტური გეები), რომლებმაც ვერ შეძლეს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გათავისება, შესაძლოა გეების მიმართ სიძულვილს განიცდიდნენ, რადგან ეშინიათ, რომ მათი ნამდვილი სურვილები არ გამჟღავნდეს.
„დაუოკებელი სიძულვილი, რომელსაც ჰომოფობი გეების, ბისექსუალებისა და ლესბოსელების მიმართ განიცდის, მასში ლატენტურ (ფარულ) ჰომოსექსუალობას ამჟღავნებს. მაშინაც კი, თუ ადამიანი თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევს, ფსიქოლოგიური ტესტები იმის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს, რომ იგი ლტოლვას საკუთარი სქესის პირების მიმართ განიცდის. ამგვარ ადამიანებს გეების და ლესბოსელების ეშინიათ, რადგან ისინი მათ თავიანთ ფარულ სურვილებს ახსენებენ. ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დაფარვა შესაძლოა ბევრი გეისთვის გამოსავალი იყოს. მშობლებისა და საზოგადოების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, მათ საკუთარ თავში საკუთარი იდენტობის ჩაკვლა-ჩახშობა უწევთ”, – განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი, ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი ნეტა ვაინშტაინი (Netta Weinstein).
რეალობის პირისპირ
მკვლევარები იხსენებენ ამერიკული ევანგელისტური ეკლესიის მქადაგებლის ტედ ჰაგარდის (Ted Haggard) ამბავს, რომელიც სასტიკად კიცხავდა ჰომოსექსუალურ ცხოვრებას. ბუშის მრჩეველი ჰაგარდი მუდამ გეებისა და ლესბოსელების უფლებების წინააღმდეგ ილაშქრებდა. იგი ებრძოდა ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას, თუმცა მხარს უჭერდა მათ სამოქალაქო პარტნიორობის იდეას და გეი ბარებსაც კი ხშირად სტუმრობდა. 2006 წლის ნოემბერში, ჰაგარდს ყველა თანამდებობა დაატოვებინეს, რადგან გეი სექსსა და ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს.
2007 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი სენატორის ლარი კრეიგის (Larry Craig) „თავგადასავლებზე“ მინეაპოლისის აეროპორტში. როგორც ცნობილი გახდა, კრეიგი აეროპორტის კაცებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოში სექსუალურ პარტნიორს დაეძებდა. ამ დროისათვის, მას სამი შვილი და შვილიშვილები ჰყავდა. საზოგადოება ყველაზე მეტად იმ ფაქტმა შეძრა, რომ რესპუბლიკელი აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ჰომოფობი იყო; მან ორჯერ მისცა ხმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კანონში სექსუალური ორიენტაციის ჩართვის წინააღმდეგ.
კვლევის ავტორები საუბრობენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებაც. მათი ვარაუდით, ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ფარული ჰომოსექსუალების მიერ ხორციელდება, რადგან ისინი საკუთარი ორიენტაციის ღიად განმცხადებელთა მხრიდან მწვავე საფრთხის შეგრძნებას განიცდიან. მედიაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გაშუქება ხშირად გეი მსხვერპლის მიმართ დამოკიდებულებებში გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამის მაგალითად, კვლევაში მოხმობილია სკოლის მოსწავლე ლარი კინგის (Larry King) მკვლელობის ისტორია, როდესაც იგი თანაკლასელმა იმის გამო მოკლა, რომ მას სიყვარულში გამოუტყდა.
„შესაძლოა, ფარული გეების ამ თვალთმაქცობაზე გვეცინებოდეს, მაგრამ რეალურად ეს სასაცილო სულაც არაა. ეს ადამიანები თავად შეიძლება ყველაზე საშიშ აგრესორებად მოგვევლინონ, რადგან მათ ორიენტაციასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდეთ. ჰომოფობია სასაცილო მოვლენა სულაც არაა. მას სრულიად ტრაგიკული შედეგები მოჰყვება ხოლმე“, – ამბობს რაიანი და 1998 წელს მეთიუ შეპარდისა (Matthew Shepard) და 2011 წელს ლარი კინგის მკვლელობებს იხსენებს.
კვლევის შესახებ
ნეტა ვაინშტაინის აზრით, ინდივიდები, რომლებიც საკუთარ ჰეტეროსექსუალობაში არიან დარწმუნებულნი, მაგრამ ფსიქოლოგიური ტესტების დროს ინტერესს ამჟღავნებენ თავიანთივე სქესის წარმომადგენლების მიმართ, ღიად გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ ადამიანებში პოტენციურ საფრთხეს ხედავენ, რადგან ისინი უნებლიეთ მათ სოციუმის გავლენით ძლივს ჩახშობილ საკუთარ ლტოლვებს ახსენებენ.
კვლევის მონაწილეებს აჩვენებდნენ გამოსახულებებს და თხოვდნენ, განემარტათ, როგორც „ჰეტერო“ ან „ჰომო“. ამ ტექსტში ფარულ ფაქტორად იქცა ცნებები „სხვები“ და „მე“. მის ირგვლივ მკვლევარები კვლევაში მონაწილე მოხალისეებს სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ დროის ხანმოკლე მონაკვეთში, რათა მათ ამ ყველაფრის რაციონალური გაცნობიერება ვერ მოესწროთ.
ეს მეთოდი წინა კვლევებშიც გამოიყენებოდა: რესპონდენტებს კითხვისთვის დროის მცირე მონაკვეთში უნდა ეპასუხათ, რაც მკვლევარებს იმის გამოვლენაში ეხმარებოდა, თუ რომელი გაუცნობიერებელი ასოციაციებია ძლიერი ან სუსტი კონკრეტულ შემთხვევაში. ფარული ჰომოსექსუალობის გამოვლენა აგრეთვე შესაძლებელია ისეთი მარტივი კავშირების მეშვეობით, როგორიცაა ქვეცნობიერი სწრაფი რეაქცია სიტყვებზე „მე“ ან „გეი“.
მკვლევარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ჰომოსექსუალობისა და ბავშვობაში მიღებული აღზრდის ურთიერთკავშირი. ამიტომ, მათ სპეციალური კითხვარები შექმნეს, რის მეშვეობითაც კვლევაში მონაწილეთა მშობლების დამოკიდებულება იზომებოდა ჰომოსექსუალობის მიმართ. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კვლევაში მონაწილე მოხალისეები, რომელთა დამოკიდებულებაც ერთი სქესის ადამიანთა ურთიერთობების მიმართ უკიდურესი ნეგატიურობით გამოირჩეოდა, ბავშვობაში ჰომოფობი მშობლებისგან მიღებული კომპლექსების წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ბოლო ნაბიჯი იყო თავად კვლევის მონაწილეთა შორის ჰომოფობიის ხარისხის გაზომვა.
როგორც შედეგები გვიჩვენებს, იმ მონაწილეთა შორის, რომელთა მშობლები ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ, თვითგანსაზღვრული სექსუალური ორიენტაცია მართლაც დადასტურდა. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღქმასა და მისსავე შეფასებას შორის შეუსაბამობა გამოვლინდა მათში, ვის აღზრდაშიც მნიშვნელოვან როლს ჰომოფობი მამა ასრულებდა. გარდა ამისა, გეებისა და ლესბოსელების მიმართ ღია სიძულვილს უდიდეს უმრავლესობაში კვლევის ის მონაწილეები ამჟღავნებდნენ, ვისი ტესტების შედეგებმაც ექსპერიმენტის დაწყებამდე მისივე მითითებული ჰეტეროსექსუალობა არ დაადასტურა.
როგორც ავტორები წერენ, კვლევას რამდენიმე პრობლემა გააჩნია. მისი ყველა მონაწილე სტუდენტია, ამიტომაც, უპრიანი იქნებოდა, თუ მსგავს კვლევაში ჩაერთვებოდნენ ჯერ კიდევ ოჯახთან მცხოვრები მოზარდები. მომავალში, როდესაც ისინი სტუდენტები გახდებოდნენ, ასევე კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება იქნებოდა საჭირო.
ფოტოზე: ორლანდოს ტერორისტი ომარ მატინი