ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსი შვილის ფოტომ, სადაც გოგონა ქვედა საცვალშია გამოსახული, ბავშვისთვის ძუძუს წოვებისას, საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვისთვის ძუძუს წოვების შესახებ დებატებსა და ზოგადად ქალის სხეულის სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ დებატებს გაუხსნა გზა.
20 წლის ალია შაგიევამ (Aliya Shagieva) ზემოთხსენებული ფოტო სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ აპრილის თვეში გამოაქვეყნა, წარწერით: „ჩემს ბავშვს ძუძუს მივცემ იმ დროს და იმ ადგილას, სადაც დასჭირდება“.
„მე აბსოლუტურად გულდამშვიდებით გავიშიშვლებ მკერდს ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩემს ბავშვს მოშივდება, – იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, მანქანის სალონი თუ სკამი საზოგადოებრივ პარკში. მე ვიქნები მაგალითი დანარჩენი მეძუძური დედებისთვის, რომლებიც პატრიარქალური საზოგადოების პირობებში, სრულიად შემზღუდავ ჩარჩოებში არიან გამომწყვდეულნი“, – ასე აკომენტარებს ალია საკუთარ ფოტოს.
მოგვიანებით, „ამორალურ ქცევაში“ დადანაშაულებების შემდეგ, ალია იძულებული გახდა, საკუთარი ფოტო ნეტიდან არა მხოლოდ წაეშალა, არამედ სოციალური ქსელებიდანაც გამქრალიყო. ბიბისისთან ინტერვიუში, იგი ამბობს, რომ მთელი ეს სკანდალი იმ კულტურის პირმშოა, სადაც ქალის ფორმებს გადაჭარბებულად სექსუალური დატვირთვა გააჩნია.
„სხეულში, რომელიც მე გამაჩნია, არაფერი ვულგარული არაა. იგი ფუნქციურია, მისი მიზანია ჩემი ბავშვის ფიზიოლოგიური საჭიროებების უზრუნველყოფა და არა სექსუალობის ობიექტად ყოფნა“, – ამბობს იგი.
ალიას ქცევა მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლებს არ განუსჯიათ. მისი მშობლები, პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და მისი ცოლი რაისა, მათი შვილის ფოტოთი აღტაცებაში სულაც არ მოსულან.
„მათ ეს ძალიან არ მოეწონათ. ეს გასაგებიცაა, რადგან ახალგაზრდა თაობა ისეთი კონსერვატული სულაც არაა, როგორებიც მათი მშობლები. დედაჩემს თავისმა „მეგობრებმა“ შეატყობინეს ჩემი ფოტოს შესახებ“, – ამბობს შაგიევა.
აქამდე, ალია შაგიევა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი იყო. იგი იქ საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებდა – სტილიზებულ პორტრეტებს, სადაც ძირითადად საკუთარ თავს და ოჯახს გამოსახავდა.
„როცა ბავშვს ძუძუს ვაწოვებ, მგონია, რომ მას საუკეთესოს ვაძლევ, რისი მიცემაც კი შემიძლია. ბავშვზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე დარდი, თუ რას იფიქრებს ჩემზე ხალხი“, – ამბობს ალია.
ალია აქტიურად უჭერს მხარს ისეთ წამოწყებებს, როგორიცაა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცხოველთა უფლებები და სხვ, თუმცა, სრულიად დაცლილია პოლიტიკური ამბიციებისგან.
ყირგიზეთში კარგად ახსოვთ ორი წინა პრეზიდენტის შვილები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკასა და ბიზნესში. მაშინ, ორივე ლიდერი ჩამოაცილეს ხელისუფლებას. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი შვილები პოლიტიკას არასოდეს გაეკარებიან.
მიუხედავად ყირგიზი საზოგადოების კონსერვატულობისა, ბავშვისთვის ძუძუს წოვების ჩვევა ამ მუსლიმურ ქვეყანაში სრულიად მისაღებად მიიჩნევა. ქალები პარკებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში აწოვებენ ძუძუს ბავშვებს, თუმცა, ამ დროს, ჩვეულებრივ, მკერდს ქსოვილის ნაჭრით იფარავენ.
როცა შაგიევამ პირველად გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ამგვარი ინტიმური პროცესის ფართოდ აფიშირების საჭიროება საერთოდ არ არსებობს. თუმცა, ბევრმა ალია „უსირცხვილობის“ გამო მკაცრად გაკიცხა.
ბავშვისთვის საზოგადოებრივ ადგლებში ძუძუს წოვების საკითხი ბევრ ქვეყანაში განიხილება. სულ რაღაც სამი წლის წინ, ლონდონის ცნობილ რესტორან „კლერიჯში“, ერთ-ერთ ქალს, ძუძუთი კვების დროს, სხეულის დაფარვა მოსთხოვეს, რამაც დიდი საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია.
ყოფილი ავსტრალიელი სენატორი ლარისა უოტერსი (Larissa Waters) საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმის გამო მოექცა, რომ ამა წლის მაისში, პარლამენტში, სხდომის დროს, ბავშვს ძუძუს აწოვებდა. „ძალიან მეცინება, რომ ბავშვისთვის ძუძუს წოვება საერთაშორისო ნიუსად იქცა“, – განაცხადა უოტერსმა მაშინ.
ავსტრალიის პარლამენტში ძუძუთი კვება 2015 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგაა დაშვებული, როდესაც მცირე ბიზნესის საკითხების მინისტრი კელი ო’დუაიერი (Kelly O’Dwyer) იძულებული გახდა, გამუდმებით გასვლა-გამოსვლაში ყოფილიყო, რათა თავისი ახალშობილი ეკვება. მისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ, რძე გამოეწველა, რათა სხდომის შეფერხება არ გამოწევია, ქალთა და ბავშვთა უფლებების აქტივისტების დიდი რისხვა გამოიწვია.
ირანელი ქალები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა სტრესის ფასად უჯდებათ მათ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვისთვის ძუძუს წოვება. „ამ დროს, ადამიანები თვალებგაფართოებულები მიყურებენ, და მეც იძულებული ვხდები, ჩემი თავიც და ბავშვიც საგულდაგულოდ შევფუთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბრალოდ საშინლად მშიერი დარჩება“, – ამბობს თეირანელი დედა. ამ მიზნით, თეირანის მეტროებში ახლახან ბავშვებისა და დედებისათვის სპეციალური ოთახები გამოყვეს.
ქაბულელი ზარიფა გაფარი ამბობს, რომ დედამისს საკუთარ ოჯახშიც კი, ბავშვის კვების დროს, სხვა ოთახში გასვლა უწევს. „მას სხვების თანდასწრებით ბავშვისთვის ძუძუს მიცემის უფლება არ აქვს, თორემ ოჯახის უხუცესი წევრების რისხვას დაიმსახურებს. ეს ძალზე მტკივნეული საკითხია, თუმცა, თანდათანობით, სიტუაცია იცვლება“, – ამბობს ზაფარი.
თურქი ფეისბუქ მომხმარებელი აღიარებს, რომ როდესაც ბავშვს ძუძუს აწოვებს, მთლიანად ეფლობა ქსოვილში. „არ მინდა, ხალხს თვალში მოვხვდე. უბრალოდ, სხეულს ვიფარავ. ძუძუში ბევრი უპირველესად სექსუალურ კონტექსტს ხედავს“, – ამბობს იგი.
რაც შეეხება ალია შაგიევას ფოტოს, რომელმაც სოციალურ ქსელებში ამდენი დავიდარაბა გამოიწვია, ალიამ იგი ერთი მიზეზის გამო წაშალა: მის მშობლებს ძალიან შეეშინდათ, რომ ამდენი ყურადღება მის ახალგაზრდა ოჯახს ძალიან დააზიანებდა.
თუმცა, ამან ვერ გააჩუმა თავად ალია და ვერ ჩააწყნარა ამ თემის ირგვლივ დაძრული მწვავე დებატები.