რობერტ დე ნიროს ყოფილმა თანაშემწემ ჩეიზ რობინსონმა (Chase Robinson) მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე დე ნიროს არაჯეროვან მოპყრობასა და გენდერულ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. სარჩელის დეტალები, რომელშიც ქალი კომპენსაციის სახით 12 მილიონ დოლარს ითხოვს, გამოქვეყნებულია The New York Times-ის ვებგვერდზე. რობინსონის თქმით, მსახიობმა იგი “საოფისე ცოლად” გაიხადა – ტანსაცმელზე ღილებს აკვრევინებდა, ზურგს აფხანინებდა, დათქმულ დროზე გამღვიძებლად, თეთრეულის მრეცხავად და დამლაგებლადაც ამუშავებდა. დე ნიროს მოთხოვნები მაშინაც გაგრძელდა, როდესაც ჩეიზი მის კომპანია Canal Productions-ში დააწინაურეს და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
ასევე, დე ნიროს შეეძლო რობინსონის უკანასკნელი სიტყვებით გალანძღვა მაშინ, როცა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. გარდა ამისა, იგი თავის ქალ ასისტენტს გაცილებით ნაკლებს უხდიდა, ვიდრე – ანალოგიური მოვალეობების მქონე კაც თანაშემწეს. რობინსონის სარჩელს ხმოვანი შეტყობინებები ერთვის, სადაც ისმის, თუ როგორ მოიხსენიებს დე ნირო მას „ძუკნათი“.
ვარსკვლავის ადვოკატი ტომ ჰარვი ამ ბრალდებას “აბსურდულს” უწოდებს. აგვისტოში, Canal Productions-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის თანახმადაც, ჩეიზი რობინსონი კორპორაციულ სახსრებს (საქმე ათობით ათას დოლარს ეხება) ფლანგავდა პირადი საჭიროებებისამებრ (ტაქსით მგზავრობა, ძაღლის მომვლელი, ვახშმები რესტორნებში), მათ შორის ფუფუნების ისეთ საგნებზე, როგორიცაა Louis Vuitton-ის ჩანთები. გარდა ამისა, სარჩელში მითითებულია, რომ ჩეიზი სამუშაო დროის დიდ ნაწილს უთმობდა კორპორაციული ანგარიშით Netflix-ის სერიალების ყურებას.
თავის სარჩელში, ჩეიზი რობინსონი Canal Productions-ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მისი დაშინების ფანდია – მისმა ადვოკატმა დე ნიროს წარმომადგენლობას დაგეგმილი სარჩელის შესახებ წინდაწინვე შეატყობინა.
რობინსონმა დე ნიროს კომპანიაში 2008-2018 წლებში იმუშავა და ბოლოს “გაუსაძლისი” სამუშაო პირობების გამო, სამსახური თავისი ნებით დატოვა.
წყარო: nytimes.com