7 იანვრის საღამოს, ლოს-ანჯელესში ამერიკულ კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოჯილდო „ოქროს გლობუსის“ გადაცემის 75-ე ცერემონია გაიმართა. ჰოლივუდში უცხოური პრესის ასოციაციის მიერ ჯილდოს გადაცემის ცერემონია გუშინ განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა.
ცერემონიაში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა წითელ ხალიჩაზე შავებში ჩაცმული გამოცხადდა. როგორც უკვე გატყობინებდით, ეს ჟესტი მსახიობებმა იმ ადამიანების მხარდასაჭერად გააკეთეს, რომლებიც ოდესმე სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ყოფილან. გარდა ამისა, ჰოლივუდელმა ვარსკვლავებმა ამ ფორმით გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ ახალშექმნილი მოძრაობისთვის Time’s Up და ონლაინ კამპანიისთვის #MeToo.
ცერემონიაზე შავი სამოსი ეცვათ ანჯელინა ჯოლის, პენელოპა პრუსს, ნიკოლ კიდმანს, კენდალ ჯენერს, ემა სტოუნს, ჯესიკა ჩესტეინს, მერილ სტრიპს, სირშა რონანს, რიზ იუზერსპუნს, ნატალი პორტმანს, ემა უოტსონსა და სხვ. ქალთა მიმართ შევიწროების წინააღმდეგ კამპანიას სოლიდარობა გამოუცხადა ბევრმა კაცმა მსახიობმაც: იუენ მაკგრეგორმა, აზიზ ანსარიმ, რობერტ პატინსონმა, გარი ოლდმანმა. ისინი ცერემონიაზე Time’s Up-ის გულსაბნევებით გამოცხადდნენ, კრის სალივანმა კი ფრჩხილები შავად შეიღება.
დაჯილდოების ცერემონია ტელეწამყვანმა სეტ მეიერსმა გახსნა. „საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და დარჩენილო ჯენტლმენებო, მე სეტ მეიერსი ვარ და დღეს წამყვანი ვიქნები. 2018 წელს, როგორც იქნა, მარიხუანა ნებადართულია, სექსუალური შევიწროება კი – არა! ნამდვილად კარგი წელი იქნება!“, – იხუმრა მან. საღამოს განმავლობაში, მან რამდენჯერმე ახსენა ჰარვი ვაინშტაინი და კევინ სპეისი.
ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი მომენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ სცენიდან საგანგებო სიტყვა წარმოთქვა. იგი პირველი მუქკანიანი ქალი გახდა, რომელსაც სესილ დემილის საპატიო ჯილდო ერგო. ოპრამ იმ ქალების მიმართ მადლიერება გამოხატა, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ და სექსუალური შევიწროების მათ ცხოვრებაში მომხდარ ისტორიებზე ალაპარაკდნენ. „სიმართლე ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ხელთ გვაქვს“, – დასძინა მან.
სიტყვის დასასრულს, უინფრიმ გოგონებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ახალი დღე უკვე ჰორიზონტზე ჩანს. როდესაც ეს დღე დადგება, ეს იქნება იმ მშვენიერი ქალების დამსახურება, რომელთა ნაწილიც დარბაზში ზის, და იმ არაჩვეულებრივი კაცების ბრძოლის შედეგი, რომლებიც ლიდერობისთვის და ისეთი მომავლის შექმნისთვის ილტვიან, სადაც Me Too-ს თქმა საჭირო აღარ იქნება“.