3 ოქტომბრის დილას, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ვარშავის ცენტრში შავებში ჩაცმული 30 ათასზე მეტი ქალი შეიკრიბა, რათა „შავი ორშაბათის“ სახელით გამართულ საპროტესტო აქციაში მიეღო მონაწილეობა. საკუთარ რეპროდუქციულ უფლებებზე გლოვის ნიშნად შავებში ჩაცმული პოლონელი ქალები ქუჩაში აბორტზე სრული აკრძალვის დაწესების საკანონმდებლო წინადადების გასაპროტესტებლად გავიდნენ. გარდა ვარშავისა, საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყნის ქალაქები მოიცვა – კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი, ბელოსტოკი, შჩეცინი, პოზნანი და სხვ. აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში პოლონელი კაცებიც აქტიურობენ. საპროტესტო ტალღა უკვე კვირაზე მეტია, რაც გრძელდება – მას შემდეგ, რაც პოლონეთის სეიმმა პირველივე მოსმენით მოიწონა კანონი აბორტის სრულ აკრძალვასა და მისი გაკეთებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე. დემონსტრანტთა განსაკუთრებულ გულისწყრომას ის ფაქტი იმსახურებს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც აბორტების მოწინააღმდეგეთა პეტიციამ 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
აბორტის აკრძალვის გამპროტესტებელი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩია. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სინდისი სისხლის სამართლის კოდექსმა შეცვალოს, რომ პოლონელ ქალებს არჩევანის უფლება წაერთვათ. პოლონელი ქალი პოლიტიკური თამაშების მძევალი არაა!“, – განაცხადა კოპაჩმა. პოლონელი ქალების ბრძოლას საკუთარი სხეულის ავტონომიურობისთვის სოლოდარობა გამოუცხადეს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდანაც: ბერლინიდან, ბრიუსელიდან, დიუსელდორფიდან, ბელფასტიდან, ლონდონიდან, პარიზიდან. ტვიტერის მეშვეობით, აქციას მხარს უჭერს ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშიც.
„აბორტის კანონის გასაახლებლად მეოთხედი მილიონი ხელმოწერა ქარს გაატანეს, – აცხადებს დარიუშ იონსკი მემარცხენე დემოკრატიული ძალების კავშირიდან, – სამაგიეროდ, ის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც აბორტის გაკეთებისთვის ქალებს 5-წლიანი ციხე ემუქრებათ, შემდეგი დამუშავებისთვის შემოინახეს. ახლა სიბრმავის და სიყრუის დრო არაა! ამიტომ მონაწილეობენ ამ აქციებში ქალებიც და კაცებიც!“.
აბორტზე აკრძალვის დაწესების წინააღმდეგ გამოსულმა პოლონელმა ქალებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ დღეს მათ უარი განაცხადეს როგორც სამსახურებსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე, ასევე საოჯახო საქმის შესრულებაზე. ამის მაგალითად, პროტესტის მონაწილეებმა 1975 წელს ისლანდიელი ქალების მსგავსი გაფიცვის შემთხვევა დაასახელეს.
თუ ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტი დამტკიცდება, იგი პოლონეთში აბორტების შესახებ არსებულ კანონს იმდენად გაამკაცრებს, როგორც ეს ორ კათოლიკურ ქვეყანაში, მალტასა და ვატიკანშია.
კანონპროექტი სრული აბორტის გაკეთებისთვის ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. აგრეთვე, ციხე ემუქრება ყველა ექიმს, ვინც ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაში ეჭვმიტანილთა რიცხვში ის ქალებიც მოხვდებიან, რომლებსაც უნებლიეთ მოეშალათ მუცელი.
ცალკე კანონპროექტი ეხება ხელოვნური განაყოფიერების პროცედურასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შემოღებას: ხელოვნური განაყოფიერება მხოლოდ ერთი ჩანასახისთვის უნდა იყოს ნებადართული, ემბრიონის გაყინვა კი იკრძალება.
კათოლიკე ეკლესია აბორტებზე სრული აკრძალვის დაწესების მომხრეა. პოლონეთის ეპისკოპოსების კონფერენციამ ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებს თხოვნით მიმართა, ილოცონ „ყველა პოლონელისთვის, ვინც ჩასახვიდან სიკვდილამდე სიცოცხლის დამცველად გვევლინება, რათა მათ სულიწმიდას მადლი არ მოაკლდეთ“.
ამ მოვლენებს აბორტის მომხრეებიც გამოეხმაურნენ და ქუჩაში თეთრებში გამოწყობილნი გავიდნენ. „თუ ჩვენ ქალის მიერ საკუთარი ბავშვის მკვლელობაზე ვართ თანახმანი, როგორ უნდა მოვითხოვოთ, რომ სხვა ადამიანებმა ერთმანეთი არ ხოცონ?“, – წერს ერთ-ერთი ქალი.
პოლონეთში ამჟამად აბორტზე ისედაც სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული. აბორტი ნებადართულია მხოლოდ შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:
- სიტუაცია, როდესაც ქალის სიცოცხლე საფრთხეშია;
- სიტუაცია, როდესაც ნაყოფის სერიოზული და შეუქცევადი დაზიანების საფრთხე არსებობს;
- სიტუაცია, როდესაც ორსულობა ძალადობის ან ინცესტის შედეგია, რაც სასამართლო გზით უნდა იყოს დადასტურებული.
აბორტთან დაკავშირებული სასტიკი კანონმდებლობის გამო, პოლონეთში გაცილებით დიდი რიცხოვნების არალეგალური აბორტები ხდება, ვიდრე ლეგალური – წელიწადში 10-დან 150 ათასამდე, მაშინ, როდესაც ლეგალური აბორტების რიცხვი 1-3 ათასს უტოლდება.
მას შემდეგ, რაც პოლონეთში აბორტი ოფიციალურად აიკრძალა (1993 წლის 7 იანვარი), ქვეყანაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბევრი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომელთა ნაწილმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიმარჯვა. მაგალითად, ამგვარი საქმეა ალიცია ტიშიაკის ისტორია, რომელსაც ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ნებართვა გააჩნდა. ალიციას ორი შვილი უკვე ჰყავდა, მაგრამ ექიმებმა მისთვის აბორტის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ამის შედეგად, მშობიარობის შემდეგ ქალი დაბრმავდა. სტრასბურგში საქმის მოგება მისთვის დიდი ვერაფერი შვება ვერ აღმოჩნდა – მხედველობას ხომ ვერაფერი დააბრუნებს…
არაოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში კარგად არის განვითარებული იატაკქვეშა კლინიკები და სააბორტე ტურიზმი. ორსულობის შეწყვეტის მიზნით, ქალები გერმანიაში, უკრაინაში, ბელარუსში, კალინინგრადის ოლქში მიდიან. გარდა ამისა, ჩინეთიდან პოლონეთში ყვავის საშინაო პირობებში ორსულობის თვითნებურად შესაწყვეტი მედიკამენტების შემოტანის ბიზნესი.