პოლიტიკაshe

შარის დეივიდსი ამარცხებს კევინ იოდერს კანზასის მესამე საარჩევნო ოლქში და ქმნის ისტორიას

6 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში შარის დეივიდსმა კანზასის მესამე საარჩევნო ოლქში დაამარცხა კევინ იოდერი – მოქმედი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან. 37 წლის დეივიდსი იქნება  ერთ-ერთი პირველი აბორიგენ ამერიკელ ქალებს შორის, რომლებიც კონგრესში იმსახურებენ და პირველი ლესბოსელი, რომელიც კანზასის შტატს ვაშინგტონში წარმოადგენს. იოდერი ოლქის წარმომადგენელი იყო 2011 წლიდან.

საარჩევნო რბოლის დაწყებისას დეივიდსის შანსები – მოეპოვებინა ადგილი კონგრესში –  მცირე იყო. 2016 წელს იოდერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ტრამპის ფაქტორმა,  დეივიდსის ზომიერმა პოლიტიკამ და აქცენტმა „ჩვეულებრივ“ ამერიკელებზე მის სასარგებლოდ იმუშავა.

დეივიდსი, რომელიც არმიაში მომსახურე მარტოხელა დედამ გაზარდა, ადვოკატია და ობამა-ტრამპის გარდამავალ პერიოდში თეთრ სახლში მუშაობდა.  კანზასის მესამე ოლქში, რომელიც ქალაქ კანზასსა და მის შემოგარენს აერთიანებს, დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ კონგრესის წევრობისთვის იბრძოლებდა და აგვისტოში გამართულ პრაიმერიში 5 დემოკრატი კანდიდატი დაამარცხა. დეივიდსმა კანზასის შტატის გამოცემის „კანზას სითი სტარისა“ და EMILY’S List – ის (პოლიტიკური კომიტეტი, რომელიც აბორტის უფლების დამცველ დემოკრატ ქალებს  ეხმარება) მხარდაჭერა მოიპოვა.

დეივიდსი აქამდე არასდროს ყოფილა საჯარო მოხელე, რაც მას ისტორიული ტალღის ნაწილად აქცევს იმ ქალების გვერდით, რომლებმაც წელს პირველად იყარეს კენჭი (და წარმომადგენლობით ორგანოში მოხვდნენ). დეივიდსი ზომიერ დემოკრატიულ პლატფორმას წარმოადგენს და მხარს უჭერს კანონს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ*,  რაც მის მიერ იოდერის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ქვაკუთხედი იყო, რადგან იოდერმა კონგრესის წევრობის განმავლობაში არაერთხელ მისცა ხმა აღნიშნული კანონის გაუქმებას. გარდა იმისა, რომ დეივიდსი პირველი ინდიელი ლგბტქ+ თემის წარმომადგენელია კონგრესში –  წარმოშობით ის ვისკონსინის შტატიდანაა, ჰო-ჩუნკის აბორიგენ ამერიკულ ტომს მიეკუთვნება – ასევე არის პირველი ყოფილი პროფესიონალი მებრძოლი ქალი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, რომელიც კონგრესში იმუშავებს. დეივიდსმა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში საბრძოლო ხელოვნებაში საკუთარი გამოცდილების დემონსტრირებაც მოახდინა.

დეივიდსის გამარჯვება დემოკრატებს ერთი სკამით აახლოებს კონგრესში უმრავლესობის დაბრუნებასთან.

____________________________________

*Patient Protection and Affordable Care Act – ს ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას მოეწერა ხელი და მას სხვანაირად Obamacare – ს უწოდებენ.

 

თარგმანი: ანა გვალია