ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

შვედეთს ქალთა მკვლელობების ტალღამ გადაუარა

მხოლოდ 5 კვირის მანძილზე, შვედეთში ექვსი ქალი მოკლეს. ამ ფაქტებმა ქვეყანაში ოჯახში ძალადობაზე კამათი განაახლა.

მკვლელობების მსხვერპლები სამი სხვადასხვა რეგიონიდან და თაობიდან იყვნენ, თუმცა ამ შემთხვევებს მაინც ჰქონდა საერთო: მკვლელი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც მსხვერპლი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა.

ორი მკვლელობა დღისით, მზისით მოხდა: ერთ-ერთი ქვეყნის სამხრეთით, პატარა ქალაქში, მეორე კი – ლინჩეპინგის რკინიგზის სადგურზე, დედაქალაქის სამხრეთით, საუნივერსიტეტო ქალაქში.

ფლემინგსბერგში, სტოკჰოლმის გარეუბანში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობით, ქალს მოძალადე დანით დაესხა თავს ბინაში, სადაც იგი ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი მსხვერპლს კარგად იცნობდა.

“ვფიქრობ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემა მეტად ღია უნდა იყოს, რადგან ეს არაა ნორმალური”, – ამბობს 51 წლის კრისტიან იანსონი, რომელიც ფლემინგსბერგის მაღაზიებში 18 წლის ქალიშვილთან, ემა-ლუიზასთან ერთად დადის.

გოგონა ამბობს, რომ ახლახან მომხდარმა მკვლელობამ ამ რაიონში, სადაც ხშირად მარტო დარჩენა უწევს, ქალთა უსაფრთხოების მხრივ შიში დათესა. “მე არ ვარ უსაფრთხოდ… რადგან აქ ბევრ ადამიანს კლავენ…”, – ამბობს იგი.

მკვლელობების ტალღა შვედეთში ქალთა მიმართ ძალადობის მზარდ მაჩვენებელზე შეშფოთებას იწვევს. შვედეთს დიდი ხანია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია აქვს.

2020 წელს შვედეთში ქალებზე მათივე პარტნიორების მხრიდან თავდასხმის 16 461 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 15,4%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს (14 261 ადამიანი)

შვედეთის მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში მარტა სტენევი (Marta Stenevi) ამბობს, რომ “ერთდროულად შეძრული და გულდაწყვეტილია” ძალადობის ტალღის გამო, თუმცა არა – გაკვირვებული. “ბევრ საკითხში პროგრესს მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ იმ საზოგადოებაში გვიწევს ცხვრება, რომელიც ქალებს სპობს”, – განაცხადა მან.

შვედეთში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ყოველდღიური სექსუალური შევიწროება ფართოდაა გავრცელებული. მისმა მთავრობამ, “ფემინისტურ მთავრობად” სახელდებულმა, 10-წლიანი ეროვნული სტატეგიის ნახევარი უკვე გაიარა, რომელიც განათლების გაუმჯობესებასა და საფრთხის ქვეშ მცხოვრები ქალებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევას მოიცავს.

bbc.com