საუკუნეზე მეტი ხანია, რაც არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა ივარაუდეს, რომ შვედეთში, ბირკაში (ვიკინგების მსხვილი სავაჭრო ცენტრი) აღმოჩენილი, იარაღისა და ცხენების თანხლებით დაკრძალული ადამიანის შთამბეჭდავი სამარხი კაცს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ ისინი ცდებოდნენ. ოსტეოლოგიური და დნმ-ის ტესტები გვიჩვენებს, რომ სამარხის პატრონი ქალია, რომელიც ძლევამოსილი სამხედრო ლიდერი იყო.
„სინამდვილეში ეს არის დაახლოებით 30 წელს გადაცილებული, საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 170 სმ. სიმაღლის ქალი. მასთან ერთად დამარხულია მეომრის სრული ინვენტარი – მახვილი, ცული, შუბი, ისრები, დანა, ფარები და ორი ცხენი. მას კალთაში მცირე ზომის საბრძოლო თამაში ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც, სავარაუდოდ, ბრძოლის ტაქტიკებსა და სტრატეგიებში ვარჯიშობდა. სავარაუდოდ, იგი გეგმავდა, მეთაურობდა და მონაწილეობდა ბრძოლებში“, – აცხადებს უფსალას უნივერსიტეტის არქეოლოგი შარლოტ ჰედენსტიერნა-ჯონსონი (Charlotte Hedenstierna-Jonson) ამერიკის ფიზიკური ანთროპოლოგიის ჟურნალში.
სამარხი, რომელსაც ჰედენსტიერნა-ჯონსონი აღწერს, როგორც „მსოფლიოს უკანასკნელი მებრძოლი ვიკინგის“ განსასვენებელს, XIX საუკუნის ბოლოს გათხარა შვედმა არქეოლოგმა ჰიალმარ სტოლპემ (Hjalmar Stolpe). იმის გამო, რომ სამარხში „კაცის“ საბრძოლო ინვენტარი იქნა აღმოჩენილი, ავტომატურად ყველამ ივარაუდა, რომ მისი მფლობელიც კაცი იქნებოდა.
მაგრამ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ოსტეოლოგმა ანა კიელსტრიომმა (Anna Kjellström) ნეშთი სრულიად სხვა პროექტის ფარგლებში გამოიკვლია, მან ბევრი უცნაური დეტალი აღმოაჩინა. გარდაცვლილს ნატიფი ყვრიმალები აღმოაჩნდა, მისი მენჯის ძვლები კი ქალისას მიაგავდა. ოსტეოლოგიურმა ანალიზმა მეცნიერის ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა.
ამჟამად, დნმ-ის ტესტის ჩატარების შედეგად, სრულად დადასტურდა, რომ მებრძოლი ვიკინგი მართლაც ქალი იყო.
„კაცი მებრძოლის სახე პატრიარქალურ საზოგადოებაში მეცნიერული ტრადიციებითა და თანამედროვე ცრურწმენებითაა გამყარებული. შესაბამისად, ინდივიდუუმის ბიოლოგიური სქესი თავისთავად მამრობითად მიიჩნიეს. მართალია, იარაღთან ერთად დაკრძალული ქალი ვიკინგების შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვნების ქალი მებრძოლი პირველად აღმოაჩინეს. მკვლევარები ქალის იარაღთან ბმის აღიარების წინააღმდეგნი იყვნენ“, – წერენ თავიანთ ანგარიშში ჰედენსტიერნა-ჯონსონი და კვლევაში მონაწილე სხვა მეცნიერები.
ჰედენსტიერნა-ჯონსონი ვარაუდობს, რომ ქალი თავად იყო მეომარი. ეს ფანტასტიკური აღმოჩენა, მისი თქმით, მთლიანად ამოაყირავებს ისტორიკოსების თვალსაზრისს ვიკინგების, როგორც პატრიარქალური, ძირითადად კაცი მეომრებისგან შემდგარი საზოგადოების შესახებ.
„ბრძოლებში მონაწილეობის გარეშე, წარმოუდგენელია ასეთი მაღალი სამხედრო მდგომარეობის მიღწევა. ამიტომაც, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ იგი ჩვეულებრივ იბრძოდა. სავარაუდოდ, ქალი მხედართმთავარი საკმაოდ უჩვეულო მოვლენა იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, იგი დიდი გავლენით სარგებლობდა თავის საზოგადოებასა და ოჯახში. ამ გავლენამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე მისმა სქესმა“, – განგვიმარტავს მეცნიერი.
ჰედენსტიერნა-ჯონსონის თქმით, მას შემდეგ, რაც პირველი ნიშნები გაჩნდა იმისა, რომ მებრძოლი ქალი იყო, მკვლევარებმა ეს ამბავი სკეპტიციზმით მიიღეს. მათ ეჭვის ქვეშ დააყენეს ის ფაქტი, რომ ანალიზი სწორედ ამ კონკრეტული სამარხიდან აღებულ ნეშთს გაუკეთდა.
„ვფიქრობ, რომ ეს იმის შედეგია, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ისტორიას. ბევრ ჩვენგანს სურს, იფიქროს, რომ დღეს ჩვენ უკეთეს, გენდერულად უფრო თანასწორ სამყაროში ვცხოვრობთ“, – აღნიშნავს იგი.
წყარო: thelocal.se