ბლოგები

შვილის ყოლა როგორც თვითმიზანი – რატომ “სჭირდებათ” საქართველოში ქალებს შვილები?

ავტორი: ანა ფაცაცია

„სწავლა კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ შვილი აუცილებელია“, – ეუბნება ბებია ავტობუსში გვერდით მჯდომ შვილიშვილ გოგონას. მსგავს საუბარს ბევრჯერ შევსწრებივარ, ოღონდ დღესაც თუ პატარა ბავშვებს ამ იდეებით ასაზრდოებდნენ, არ მეგონა.

„უკვე კრიტიკულ ასაკში ხარ, დროა, შვილზე იფიქრო“ ან „შვილი თუ არ გააჩინე, ვინ მოგივლის სიბერეში?“ – ეს ფრაზები უკვე კარგად გამჯდარია ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში.

ოცდაათ წლამდე, ბავშვებს ბებია-ბაბუებს უჩენენ, ბავშვების აღზრდის დიდი ტვირთი სწორედ მათზე გადადის. 30 წლის ზევით ქალები, რომლებიც შვილის ყოლას გადაწყვეტენ და მათი რჩენა შეუძლიათ, პროცენტულად ნაკლებნი არიან. ხოლო 40 წლის შემდეგ თუ ქალები შვილის ყოლას გადაწყვეტენ, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ექცევიან, რადგან „აქამდე სად იყვნენ“ ან „რაღა დროს შვილის ყოლაა, შვილიშვილებს უნდა უვლიდნენ“.

ქალები სამ კატეგორიად იყოფიან. პირველი კატეგორია ფიქრობს, რომ აბა რისთვის არის ქალი გაჩენილი, თუ არა მისი ერთადერთი ფუნქციის –  შთამომავლობის დასატოვებლად? ძირითადად ეს ის კატეგორიაა, რომელიც მიიჩნევს, რომ შვილებს კაცებს უჩენენ.

მეორე კატეგორიაა ქალებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ შვილის/შვილების ყოლა, რადგან შეუძლიათ სამყაროს მოუვლინონ ადამიანები, რომელთაც ექნებათ სათანადო განათლება და გამოადგებიან ქვეყანას. ეს ქალები აჩენენ შვილებს და აძლევენ მათ არჩევანის თავისუფლებას.

მესამე კატეგორია ქალებისა კი აჩენს შვილებს, რათა არ გაირიყოს საზოგადოებისგან. ეშინია უშვილო ქალის სტატუსისა. შინაბერად დარჩენისა. ეშინიათ „სიბერწისა“. ასეთ ქალებს ასაკში ვინ მოუვლით? ვინ ეყოლებათ წყლის მომწოდებელი?

„წყლის მომწოდებლობა“ სწორედ ერთ-ერთი მიზეზია შვილების ყოლისა. ასევე, შიში იმისა, რომ ქმრებმა არ მიატოვონ – ძირითადად ხომ კაცებს ქალები შვილების ყოლის მიზნით მოჰყავთ. ოჯახის აუცილებლობაზე გვესაუბრება ეკლესია და სახელმწიფო. ეკლესია ქალს დათმენას ასწავლის, სახელმწიფო კი დემოგრაფიული მდგომაროების გაუმჯობესებაზე ესაუბრება. უბრალოდ ესაუბრება და გვერდით, რა თქმა უნდა, არ უდგას.

საქართველოში ქალებს შვილები სჭირდებათ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია უქმნადობის, უუნარობის, უმოქმედობის შენიღბვა. შვილის ყოლა, როგორც საქმე, შვილი უკვე ქალს ანიჭებს „დაკავებული“ ქალის სტატუსს. შვილს ბევრი დრო მიაქვს, მას სჭირდება დაბანა, ჭამა, გასეირნება, თამაში. პლუს ცალკე ქალს სახლის საქმეები აქვს. ვის რჩება დრო განვითარებისთვის? ამ ქალებს სჯერათ, რომ მათთვის განსაზღვრული ცხოვრება სწორედ ესაა. „აბა ვინ გააჩენს და გაზრდის შვილებს? ეს ხომ ვინმემ უნდა გააკეთოს?“, – ასე მპასუხობენ ხოლმე კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს შვილის გაჩენა ნაადრევ ასაკში. შემდეგი მიზეზი, რატომაც არის შვილის ყოლა თვითმიზანი, ძალიან მარტივია – ქალებს არ სურთ ოჯახის დანგრევა ან გაცილებული ქალის სტატუსი. ამ სტატუსის მქონე ქალებს ალმაცერად უყურებენ.

საქართველოში  ქალებს სჭირდებათ დედობა, ეს აუცილებელი სტატუსია ყველგან. სჭირდებათ შვილები, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნაყოფიერება, მათ ჰყავთ მოვლის ობიექტი, ისინი არიან დაკავებულები, მათ შეასრულეს ღვთისგან ბოძებული მოვალეობა.

ასევე, არიან ქალები, რომელთაც სჭირდებათ შვილები, როგორც პარტნიორები, მეგობრები. ქალები, რომლებსაც მარტო დარჩენისა ეშინიათ და ამ მიზნით აჩენენ შვილებს. ესენი არიან ქალები, რომლებიც თავიანთ თავს უჩენენ მეგობრებს.

სად არიან ამ დროს შვილები? სურთ კი შვილებს, იყვნენ მეგობრები? ან თუნდაც შემთხვევითობის მსხვერპლნი? სურთ კი შვილებს, თავიანთი დედების ოცნებები აახდინონ?

თუ უბრალოდ, ესენი არიან შვილები, რომლებიც აგრძელებენ მშობლების გზას და უბრალოდ აგრძელებენ კაცობრიობის უწყვეტ ჯაჭვს?