საპილოტე პროგრამის ფარგლებში, შოტლანდიაში ქალებს ჰიგიენური ტამპონები და საფენები უფასოდ დაურიგდებათ. შოტლანდია პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელმაც მსგავსი ინიციატივა განახორციელა.
შოტლანდიის მთავრობის მიერ წამოწყებული ექვსთვიანი ინიციატივის ფარგლებში, Community Food Initiatives North East (CFINE) ქალაქ აბერდინის მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ჰიგიენის პროდუქტებს უსასყიდლოდ დაურიგებს.
42 500 ფუნტი სტერლინგის ღირებულების პროექტით სარგებლობა დაბალი შემოსავლის მქონე 1000-ზე მეტ ქალს შეეძლება.
CFINE-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ სიმერსი (Dave Simmers) აღნიშნავს, რომ დასახელებული პრობლემა უკვე მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელი იყო.
„სრულიად აშკარაა, რომ ჰიგიენის საშუალებების ფასი ბევრი იმ ქალისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რომლებსაც თავისუფალი სახსრები არ გააჩნიათ. მთელი ცხოვრების მანძილზე, ქალისთვის საჭირო ჰიგიენური პროდუქტების ღირებულება 5000 ფუნტ სტერლინგს აჭარბებს, რაც დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან თანხას შეადგენს. ბევრ გოგონას ამ ფუფუნების საშუალება არ აქვს. ციკლის დღეებში ისინი არასათანადო მეთოდებს იყენებენ ან სკოლას საერთოდაც აცდენენ. ეს საპილოტე სქემა ნანატრი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დავეხმაროთ გოგონებსა და ქალებს, რომლებსაც საჭირო პროდუქტებზე წვდომის საშუალება არ გააჩნიათ“, – განაცხადა მან.
რამდენიმე თვის წინ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ Freedom4Girls განაცხადა, რომ ჰიგიენურ საფენებს ლიდსში უსასყიდლოდ დაარიგებდნენ. ცნობილი გახდა, რომ აქაური გოგონები სკოლას იმის გამო აცდენდნენ, რომ მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
შოტლანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ საცდელი პროგრამის შედეგებს პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის გაითვალისწინებენ. შოტლანდიის ლეიბორისტი პარლამენტარი მონიკა ლენონი (Monica Lennon) ამ კუთხით უფრო მეტი აქტიურობის მომხრეა.
„ეს საპილოტე პროგრამა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ გაცილებით შორს უნდა წავიდეთ, რათა ქვეყანაში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს იმ ყოველთვიური პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ, რასაც ისინი მათთვის საჭირო პროდუქტების მიუწვდომლობის გამო აწყდებიან. შოტლანდიაში უამრავი გოგონა და ქალი სიღარიბის გამო ჰიგიენის პროდუქტებს ვერ ყიდულობს“, – განაცხადა მან. მონიკა აპირებს წინადადების შემოტანას, რომლის თანახმადაც, მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტები უფასო იქნება ყველა შოტლანდიელი ქალისთვის, მიუხედავად მათი შემოსავლისა.