სტატიები

შოჩიკეცალი – თავშესაფარი ხანდაზმული მეხიკოელი სექს მუშაკებისთვის

Mexico City, 2010, Lunchtime at Casa Xochiquetzal

ერთხელ, როდესაც მეხიკოელი სექს მუშაკი კარმენ მუნიოსი (Carmen Munoz) დაფიქრდა, თუ რა ბედი ეწეოდათ სექს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, როდესაც დაბერდებოდნენ, მას ხანდაზმულ სექს მუშაკთათვის თავშესაფრის გახსნის იდეა გაუჩნდა.

კარმენმა ამისათვის საგანგებო ადგილი შეარჩია ძველ მეხიკოში, XVI საუკუნის შენობებით გარშემორტყმულ ლორეტოს მოედანზე.

კარმენ მუნიოსი

თავის დროზე, როდესაც იგი მეხიკოში სამუშაოს საძებნელად ჩავიდა, ვიღაცამ მას უთხრა, რომ წმ. ტერეზას ეკლესიის მღვდელს შესაძლოა მისთვის დამლაგებლის სამუშაო ეშოვნა.

კარმენი მაშინ 22 წლისა იყო, განათლების გარეშე, შვიდი ბავშვით, რომლებსაც რჩენა და პატრონობა სჭირდებოდათ. ერთ-ერთს იგი ჯერ კიდევ ხელით ატარებდა. ოთხი წლის მანძილზე ელოდა იგი მღვდლის პასუხს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ მისგან დახმარების ლოდინი სისულელე იყო. „მან მხოლოდ ის მითხრა, რომ სამუშაო „ყრია“ და ამ რაიონში რამის მოძებნა თავად უნდა მოვახერხო, – იხსენებს იგი, – ატირებული წამოვედი, ძალიან მეწყინა, ღვთის მსახური ასე რომ მომექცა“.

ამ მომენტში, კარმენს დასამშვიდებლად ვიღაც ქალი მიუახლოვდა. „მან მითხრა, რომ ვიღაც კაცი 1000 პესოს მომცემდა, თუ გავყვებოდი. იმ დროს ეს თანხა ჩემთვის მთელი ქონება იყო. არც კი მესმოდა, ეს რას ნიშნავდა, ვიდრე ამ ქალმა ყველაფერი დაწვრილებით არ ამიხსნა და დასძინა, რომ ჩემს ქმარს საპნის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა, მე კი ამდენი ბავშვი მყავდა გამოსაკვები“, – იხსენებს კარმენი.

სრულ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კარმენი იმ კაცს სასტუმროში გაყვა, რომელმაც მას ათასი პესო შესთავაზა. თუმცა, კაცს მისგან არანაირი მომსახურება არ მოუთხოვია: უთხრა, რომ მისი გაჭირვებით სარგებლობას არ აპირებდა. კარმენი ატირდა, კაცმა კი მას ხელში ფული ჩაუდო.

ნორმა ანხელიკა, თავშესაფრის ბინადარი

მეორე დღეს, სასოწარკვეთის გრძნობა რისხვამ შეცვალა და ლორეტოს მოედანზე იმ რწმენით გავიდა, რომ მისი შვილები აღარ იშიმშილებდნენ.

შემდეგი 40 წლის მანძილზე, მისი შემოსავალი სექს მუშაკობით ნაშოვნი ფული იყო.

„როდესაც ამ საქმიანობაში ჩავერთე, ფულმა ჩემი გონება მთლიანად დაბინდა, – ამბობს მუნიოსი, – უცებ მივხვდი, რომ რაღაც ფასი მაქვს, რომ ჩემთან დროის გატარებაში ვიღაც ფულს იხდის. ჩემი ბავშვების მამა მუდმივად მიმეორებდა, მახინჯი ხარ და გახვრეტილ გროშადაც არ ღირხარო“.

კარმენის ამდენწლიან ქუჩაში დგომას უკვალოდ არ ჩაუვლია. პოლიცია და სუტენიორები თავიანთ წილს ითხოვდნენ. ხშირად სცემდნენ, სექსუალურად ავიწროებდნენ, ნარკოტიკებსა და სასმელს მიეჩვია.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მუნიოსი მაინც კმაყოფილია: „ამ სამუშაოს წყალობით, ბავშვებზე ზრუნვა შევძელი, მათი გამოკვება და ნორმალური საცხოვრისით უზრუნველყოფა“, – ამბობს იგი.

ერთხელ ღამით, ქუჩაში სიარულისას, ბრეზენტის ჭუჭყიანი ნაგლეჯის ქვეშ რაღაც მოძრაობა შეამჩნია. კარმენი მიუახლოვდა და ბრეზენტი ასწია, – იქ ბავშვები ეგონა, მაგრამ ხელში სამი ხანდაზმული ქალი შერჩა, რომლებიც გასათბობად ერთმანეთს ეკვროდნენ. მუნიოსმა მათში საკუთარი კოლეგები ამოიცნო – სექს მუშაკები.

 „ჩემთვის მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მტკივნეული იყო. ქალებს ადგომაში მივეხმარე, გასათბობად ყავა შევუძინე და იაფფასიან სასტუმროში ნომერი ავუღე“.

81 წლის ვიქტორია, თავშესაფრის უხუცესი ბინადარი

ამ ისტორიამ იმაზე დამაფიქრა, თუ რამდენი ხანდაზმული ქალი მუშაობდა მოედანზე. მას შემდეგ, რაც ქუჩაში მძიმე ცხოვრებისგან მათი გარეგნობა და ჯანმრთელობა განადგურდა, მათი უმრავლესობა უსახლკაროდ დარჩა. მაშინ მუნიოსმა გადაწყვიტა, გულხელდაკრეფილი არ მჯდარიყო.

მომდევნო 13 წლის განმავლობაში, იგი ქალაქის ხელისუფლებას ოდესღაც სექს ინდუსტრიაში ჩართული ხანდაზმული, უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის შექმნას სთხოვდა. რამდენიმე ცნობილი მხატვრის და თანამოაზრის ხელშეწყობით, როგორც იქნა, ჩინოვნიკების დარწმუნება შეძლო. თავშესაფარს XVIII საუკუნის დიდი შენობა გამოუყვეს, რომელსაც ლორეტოს მოედნიდან ოთხიოდე კვარტალი აშორებდა.

როდესაც ქალები შენობაში პირველად შევიდნენ, მათ ბედნიერების სრული შეგრძნება დაეუფლათ. „ეს რაღაც სასწაული იყო! სიხარულისგან ვტიროდით, ვიცინოდით და ვყვიროდით: „ჩვენ უკვე საკუთარი სახლი გვაქვს!“, – იხსენებს მუნიოსი.

შენობის გაწმენდა-გარემონტებას ბევრი წელი დასჭირდა. როგორც იქნა, 2006 წელს, მასში პირველი ბინადრები შესახლდნენ. ახალ საცხოვრისს მათ შოჩიკეცალის სახლი (Casa Xochiquetzal) – სიყვარულის აცტეკური ქალღმერთის სახელი უწოდეს.

ახლა აქ ბიჟუტერიისა და ხელოვნური ყვავილების დამამზადებელი სახელოსნოები მუშაობს და მთელი სახლი ნამცხვრის სურნელითაა გაჟღენთილი – ათობით მობინადრე ფუსფუსშია ჩაბმული.

შოჩიკეცალის სახლში ქალები არა მხოლოდ ახალ ხელობებსა და უნარებს ეუფლებიან, არამედ მათ როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, საკუთარი ღირსების გრძნობას უვითარებენ.

ლუჩიტა

თავშესაფრის ერთ-ერთი მკვიდრის, მარბელია აგილარის (Marbella Aguilar) ოთახი მთლიანად გადავსებულია წიგნებით. მისი საყვარელი ავტორებია პაბლო ნერუდა, ლევ ტოლსტოი და ფრანც კაფკა. „9 წლის ასაკიდან, წიგნები ჩემი ნავთსაყუდელია“, – ამბობს იგი. თითქმის 60 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, იგი მშობლებმა ქუჩაში გააგდეს. საბედნიეროდ, ერთმა კეთილმა ქალმა შეიფარა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მარბელია, რომელიც მხოლოდ 16 წლის იყო, კვლავ მიუსაფრად დარჩა. მას ბინის ქირის, სწავლისთვის ფული ჰქონდა საშოვარი. როდესაც ვერანაირი სხვა სამუშაო ვერ იშოვა, მან სექს მუშაკობა დაიწყო, თუმცა დროდადრო გამოჩენილ სხვადასხვა სახის სამუშაოს ხალისით „ითავსებდა“. ამით საკუთარი ბავშვების გამოკვება და სწავლება შეძლო, მაგრამ როდესაც მისი გოგონა მოზარდობის ასაკში ლეიკიმიით გარდაიცვალა, აგილიარი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, მუშაობა ვეღარ შეძლო და საცხოვრისის გარეშე დარჩა.

მაშინ იგი შოჩიკეცალის სახლში შეიფარეს და ახლა ქუჩის დახლებზე ბიჟუტერიას ყიდის. „ ამ სახლმა გამაგებინა, რომ ჩემი ცხოვრება რაღაც ღირს, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა ქალს, ღირსების გრძნობა მეც მაქვს“, – ამბობს მარბელია. მისი ერთადერთი საწუხარი ის არის, რომ შვილები აღარ ეკონტაქტებიან.

ამჟამად, შოჩიკეცალის სახლში 55 წლის ასაკიდან ზევით 25 უსახლკარო ქალი ცხოვრობს. ბევრი მათგანი უკვე აღარ მუშაობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ საქმიანობენ. ბოლო 11 წლის მანძილზე, აქ თავშესაფარი 250-ზე მეტმა სექს მუშაკმა ჰპოვა. თუმცა, ფინანსებთან დაკავშირებით, ბევრი პრობლემაა: ქალაქის ხელისუფლებამ დაფინანსება შეკვეცა და თავშესაფარი ახლა საქველმოქმედო შენატანებით სულდგმულობს.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრებაგამოვლილ მის ბინადრებს ხშირად ერთმანეთში კონფლიქტები აქვთ, ამას კარმენ მუნიოსი „ოჯახურ კამათს“ ეძახის. თუ თავშესაფარში სრული ჰარმონია არ სუფევს, ყოველ შემთხვევაში, ყველასთვის უსარგებლო და საზოგადოების მიერ უარყოფილ ქალებს ქუჩაში სიკვდილი არ ემუქრებათ.

„ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ ადგილას ცხოვრებას, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ღირსეულ, მშვიდ გარემოში გავატარებთ“, – ამბობს მუნიოსი. იგი იმედოვნებს, რომ ოდესმე აქ თავადაც გადმოვა.

ფოტოგრაფი: Bènèdicte Desrus