როგორც გატყობინებდით, 26 აპრილს, ექიმი ოფთალმოლოგის ბაჩო შენგელიას მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ატვირთული ფოტოს გამო, სადაც იგი საწოლში ქალთან ერთად იყო აღბეჭდილი, “საფარმა” შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მიმართა და ზემოთხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ორგანიზაცია გამოძიების დაწყებას სსკ 157 პრიმა მუხლის საფუძველზე მოითხოვდა: იმ შემთხვევაში, თუ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი მიიჩნევდა, რომ ბაჩო შენგელიასთან მისი სქესობრივი კავშირი და ეს კონკრეტული ფოტო მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოება იყო და მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა კომენტარითურთ, ეს იქნებოდა სსკ 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლი განსაზღვრავს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ვინაიდან სისხლის სამართლის დანაშაულზე მოქმედებს საჯარო დევნა, ჩვენ აღნიშნული შესაძლო დანაშაულის შესახებ ვაცნობეთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს შსს-ში. მათგან კი მივიღეთ შემდეგი პასუხი: “შესწავლილ იქნა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით, განცობებთ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.”
სამწუხაროა, რომ შსს ვერ ხედავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს ბაჩო შენგელიას ქმედებაში და გადაწყვიტა, არ დაიწყოს გამოძიება. როგორც ირკვევა, შსს ელოდება თავად ფოტოზე გამოსახული ქალის საჩივარს გამოძიების დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ ფოტოზე აღნიშნული ქალი უცხოელია და მისი საცხოვრებელი ადგილის და ვინაობის შესახებ “საფარი” ინფორმაციას არ ფლობს, თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ქალის ვინაობის ან ადგილსამოყოფელის შესახებ, შეგვატყობინებთ, ჩვენ დავუკავშირდებით და შევთავაზებთ უფასო იურიდიულ დახმარებას.