ბლოგები

ჩემი ანორექსიის ისტორია

(ლილას ბლოგი)

ლილა მქვია. 22 წლის ვარ. თუმცა ყველაფერი თინეიჯერობიდან დაიწყო:

ჯერ კიდევ სულ პატარაობიდან მიჩვეული ვიყავი ფაქტს, რომ ლამაზად ვითვლებოდი. ყველგან ეს მესმოდა. სახლში, ქუჩაში, უცხო ადამიანებისგან. ყელშიც კი მქონდა ამოსული.

თინეიჯერობის ასაკამდე საკმაოდ მაღალი თვითშეფასებით მივედი.

როცა 14 წელი შემისრულდა, ფუქსავატი ზამთრის დღეებისა და ზაფხულის მთაში დასვენების შემდეგ, ერთბაშად 20 კილო ისე მოვიმატე, როგორც არაფერი. ამ ყველაფერს მოყვა დედის კომენტარები, რომ გავსუქდი. აი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ უშნო ვიყავი. აღარაფერი მიხდებოდა. ჩემი ფერადი თვითშეფასება ნამსხვრევებად იქცა. სკოლას ვაცდენდი, სახლიდან გასვლა არ მინდოდა. ერთი ზაფხული ისე გავიდა, მთელი არდადეგები სახლში გავატარე. ასე მეორდებოდა ზამთარშიც. შევიკეტე, ყველა გარშემომყოფი მეგობარი ამოვკვეთე და ვირტუალურ სამყაროში ჩავეშვი. არსებობდა ერთი ფორუმი, სადაც გარკვეული სუბკულტურის წარმომადგენელი ადამიანები იყრიდნენ თავს. მათ მეც შევუერთდი და ისე მოხდა, რომ თავი მარტივად დავიმკვიდრე. სახლიდან ისევ არ გავდიოდი. ჩემი ცხოვრების ძირითად გასართობს  ეს ფორუმი და წიგნების კითხვა წარმოადგენდა, რასაც თავის წარმოსაჩენად და დასამკვიდრებლად კარგად ვიყენებდი. ეს ყველაფერი იმდენად გავითავისე, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად წლები დამჭირდა. ვირტუალური სივრციდან არავის ვხვდებოდი. ძალიან მიკვირდა, რომ ბიჭებს მოვწონდი, შესაბამის რეაქციად დაცინვას უფრო ვთვლიდი. წლები ისე გადიოდა, სოციალურ ქსელში ერთი ფოტოც კი არ მედო. არავის უყვარს „უსხეულო“ ადამიანები.

ალბათ, ყველაფერი გბეზრდება და ამ სუბკულტურის ბრჭყალებიდანაც ნელ-ნელა, ასაკთან ერთად გამოვედი. თუმცა, კომპლექსები ისევ მრჩებოდა. სახლიდან ერთი გასვლა, რასაც მარტო ვერც ვახერხებდი, კოშმარი იყო. მეგონა, გარეთ ყველა ჩემს სხეულს უყურებდა. აღქმა საზარლად დამახინჯებული მქონდა. ბევრად მსუქან ადამიანს ჩემზე   გამხდრებად ვთვლიდი.

ძნელია, როცა უცებ, ცხოვრების რომელიღაც მონაკვეთში, აცნობიერებ, რომ „აღარ“ ხარ ლამაზი იმ ასაკში, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება. ჩვენს რეალობაში ხომ უშნო გოგო, მით უმეტეს თინეიჯერი, არავის სჭირდება. მიჭირს, სიტყვებით გადმოვცე ის განცდები, რასაც ვგრძნობდი. თითოეული ადამიანის კომენტარი დანასავით მხვდებოდა და შიგნეულობას მიფლეთდა. არასდროს დამავიწყდება კლასელი, რომელიც მოვიდა ჩემთან და დაცინვით მითხრა, რომ მსუქანი ვიყავი. სულ მახსოვდა. ახლაც მახსოვს.

16 წლისამ, სოციალური ქსელით ერთი ბიჭი გავიცანი. ვირტუალურ ვნებებში თანდათან შევდიოდი, სანამ ერთხელ არ წამოსცდა, რომ ქალში ყველაზე მეტად ლამაზ ფეხებს აფასებდა და აი, აქ დაიმსხვრა მთელი ჩემი „გულის ჩქროლვები“. მკაცრად გადავწყვიტე, არ შევხვედროდი და აქედან გამომდინარე, მასთან ურთიერთობის საწყისმა ეტაპმაც კრახი განიცადა.

ეს კლასიკა გრძელდებოდა მანამ, სანამ ინტერნეტში ერთ არასტანდარტულ დიეტას არ წავაწყდი. აქამდე ნაცადი „შიმშილები“ ძალიან ცუდად მქონდა გამოცდილი – უშედეგო, სტრესული, გამომფიტავი. დაკლებულ კილოგრამებს ორგანიზმი უცებვე ითვისებდა. მოკლედ, მთელი ტრაგედია იყო. ახალი დიეტის პრინციპი ნახშირწყლების გამორიცხვის ხარჯზე სხეულის მასის კლებას წარმოადგენდა, რის გამოც შიმშილის გრძნობა არ გაწუხებდა. რაც მთავარია, დიეტის ულიმიტოდ გაგრძელება შეგეძლო. იმდენად შევედი აზარტში და მართლა საბოლოო იმედად ვთვლიდი, რომ ერთხელაც არ დამირღვევია. ფსიქოლოგიურად ძალიან ჩავიციკლე. მეგონა, თუ ოდესმე თავს დავანებებდი, დაკლებულ კილოგრამებს მაშინვე უკან მოვიმატებდი. წონას ნელ-ნელა ვკარგავდი და რამდენიმე თვეში ჩემს სასურველ და საოცნებო მასას მივაღწიე. იმდენად ჩამთრევი იყო გახდომის პროცესი და სურვილი, ვყოფილიყავი „მისაღები“, რომ ვერც მივხვდი, ამ „დიეტობანაში“ როგორ გავიდა ერთი წელი.

გადავსებული რვეულები, სადაც ყოველდღიურ რაციონსა და ქულებს ვაჯამებდი, ისტერიაში გადადიოდა. შუადღის ხუთი საათის შემდეგ არაფერს პირს არ ვაკარებდი. გაწერილი საათები, გრამობით აწონილი საკვები, ნახშირწყლების გამოთვლა, ქუჩაში მომარჯვებული არაჟანი, კატეგორიული უარი ნამცეც განსხვავებულ პროდუქტზე, ღამის კოშმარები, სადაც მესიზმრებოდა, რომ ვჭამდი, ისევ ვიმატებდი და ამის გამო გათენებული ღამეები… ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე შეიძლება დამენგრია ეს სიგიჟე, ან გადამეხვია მისგან. სურათი იყო ასეთი: დიეტამ მთლიანად მშთანთქა და დამიმონა, თავს ვეღარ ვაღწევდი.

შემდეგი, უარესი ეტაპი იწყება ერთი წლის თავზე, ზაფხულიდან, როდესაც წონა გამეყინა, რადგან ორგანიზმი ამგვარ რეჟიმს შეეჩვია. გადავწყვიტე, უარესად მეშიმშილა. საკვები მინიმუმამდე შევამცირე  და ისტერიულად მეგონა, რომ თითოეული ლუკმა მერგებოდა, ვსუქდებოდი, მთელი შრომა წყალში მეყრებოდა. ზუსტად ორ კვირაში, ამის შედეგად 41 კგ-ზე ჩამოვედი. ჩემი წონა მაინც არ მაკმაყოფილებდა. ქუჩაში შემხვედრი ნაცნობები თანაგრძნობით მიყურებდნენ და მეკითხებოდნენ, რა მჭირდა, რომ ასე გავხდი. მე ვთვლიდი, რომ დამცინოდნენ, რადგან  ჯერ კიდევ არ ვიყავი საკმარისად გამხდარი.

ანორექსია ის დაავადებაა, როცა პრობლემა ფსიქიკურია. იყურები სარკეში გაძვალტყავებული და გგონია, რომ იქიდან საზარელი არსება გიყურებს – მსუქანი,  უკანასკნელი. გამოსახულება – ეს შენ ხარ და მას უნდა გაექცე, რაც შეიძლება შორს. უნდა მოკლა საშინელი სხეული. სწორედ აქედან იწყება „თვითმკვლელობის“ ეტაპი.

ეტაპი – ნელი სვლა სიკვდილისკენ

ფიზიკურად ძალიან დავსუსტდი. იმ წელს აბიტურიენტობა მიწევდა, მე კი გონება მეფანტებოდა. წყვეტილი აზროვნება, მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა, ფრიგიდულობა, ყველაფრის მიმართ აპათიური განწყობა – ეს იყო ქრონიკული სიმპტომები. კონცენტრაციას ვერ ვახდენდი. ძალიან მიჭირდა მეცადინეობა. მუდმივი დეპრესიულობა, თითოეულ ზედმეტ ხილის ლუკმაზეც ტუალეტში სირბილი და ხელოვნურად გულის რევა… ახლა ერთ დიდ კოშმარად მახსენდება მთელი ის პერიოდი. რამდენიმე გრამიან საკვებზე საშინელ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, სინანულს, თვითდანაშაულს… თმის ცვენა დამეწყო. ჩემი ყოველთვის ლამაზი, გრძელი და სქელი თმა წარსულს ჩაბარდა. ფრჩხილების მტვრევა. მენსტრუალური ციკლის სრული შეწყვეტა (რომელიც 7 თვეს გაგრძელდა და სახლშიც ვერ ვამბობდი, რადგან დიეტის შეწყვეტა მომიწევდა). ეს იყო საზარელი, სიკვდილისკენ მიმავალი ანორექსიის შედეგი.

ხსნა (?)

საბედნიეროდ, წლების შემდეგ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც მიმიღო, საკუთარი თავი დადებითი კუთხით დამანახა. როცა მომატებულ კილოგრამებზე მეუბნებოდა, რომ მიხდება და ლამაზი ვარ, ეტაპობრივად, შედარებით გამომიყვანა ამ მარაზმიდან (მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს წლები დასჭირდა და ძალიან დიდი რესურსის ნერვებად დაჯდა). ამდენი დიეტომანიის შემდეგ, დღემდე, რაც არ უნდა ვჭამო, ვეღარ ვიმატებ. ალბათ მე გამიმართლა, ხშირ შემთხვევებში პირიქით ხდება, ან ორგანიზმი მთლიანად წყვეტს საკვების მიღებას და ვეღარ ითვისებს. ეს ანოროექსიის ყველაზე საშინელი და სასიკვდილო სტადიაა, რომელსაც მე გადავურჩი.

უკვე დღეს, ხშირად მომწონს ჩემს სხეულზე სხვადასხვა სამოსი, სარკეში ყურება, საიდანაც სექსუალური ქალი მიყურებს. ვფიქრობ, სასურველი ვარ, თუმცა ამ ყველაფერს მუდმივად მომენტალური, უკიდურესი აღქმები ადამიანების ფრაზებზე საზარელი დამოკიდებულება მოსდევს. სულ მგონია, ჩემ გვერდით მყოფ კაცს, უკეთესი სხეულის გამო, შეიძლება სხვა ქალი მოეწონოს. ვიცი და კარგად ვაცნობიერებ, რომ ასე არ წვრილმანდება სამყარო, თუმცა დამახინჯებულ აღქმას, რომელიც ფსიქიკას მუდმივად მიპრესავს, ვერსად გავურბივარ, ეს ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. ყველაფერი იმდენად ორგანულად გაჯდა ტვინსა და არსებაში, რომ ხანდახან მგონია, რომ თავს ვეღარასოდეს დავაღწევ და თავდაჯერებული ქალი გავხდები.

მე ლილა ვარ, მომენტებში ლამაზიც და სექსუალურიც. თუმცა,  ხანდახან ადამიანები მძულს, ხშირად იმის გამო, რომ ჩემზე უკეთესი სხეულები აქვთ, ან იმის გამო, რომ ფრაზებს არ ზომავენ ჩემს გარეგნობასთან მიმართებით და ვერ ხვდებიან, რად დამიჯდა საკუთარი თავი. კიდევ იმის გამო, რომ საკმარის კომპლიმენტებს არ მეუბნებიან.

მე ვარ გოგო, რომელიც სხვების ფრაზებისგან შედგება და სხვანაირად თანაარსებობა აღარ შეუძლია.