ბლოგები

ჩვენს უკან ჩვენი ანუსებია – NO PASARAN!

ერეკლე გრიგოლიას ბლოგი

“პიდარასტები” მოდიან!

არაფერი ისე არ ამაღლებს თანამედროვე ქართველი, “წილნახვედრი’’ მრევლის საბრძოლო სულს, როგორც ეს შეძახილი. ენას ძვალი არ აქვსო, “ქართველობის დამცავთა” ენას მით უმეტეს და თურმე ნუ იტყვი – საქართველოსთვის ყველაზე დიდი უბედურება ანტიდისკრიმინაციული კანონი ყოფილა და არა – საქართველოს პატრიარქის მიერ სამოქალაქო ომის “გაპრავება’’ და სისხლით მოსულ ხელისუფალთა საჯაროდ “დემოკრატებად’’ და “გმირებად’’ გამოცხადება.

ლგბტ თემის აქტივისტები ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებიც კუდს არ უქიცინებენ მის ეგრეთ წოდებულ “უწმინდესობას’’, ეს ხალხი სამალავშიც არ შეიყუჟა შავბნელი ეკლესიისა და აგრესიული ჰეტერო უმრავლესობის მუქარის მიუხედავად და სწორედაც რომ ვაჟკაცურად (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე) იბრძვის თანასწორობისათვის (რისი შედეგიცაა თემის მოკლული და ნაცემი წევრები და აქტივისტები – ქალები, კაცები თუ ტრანსგენდერები).

მითოლოგიურ აზროვნებაში ჩარჩენილ “წილნახვედრ მებრძოლებს” გმირობის უზარმაზარი ამბიციები გააჩნიათ, რომლებიც კარგა ხანია ძირითადად ბრძოლის მთავარ ველზე – სუფრასა და სადღეგრძელოებში რეალიზდება. ბოლო ათწლეულებში მკვეთრად გაუარესებული სოციალური პირობების გამო, ქართული საზოგადოება უკიდურესად “ეკლესიური’’ და ‘’ღვთისმოშიში’’ გახდა, მტკიცედ დაიჯერა, რომ მისი ქვეყანა მართლაც ‘’ღვთისმშობლის წილხვედრია’’ და დაუსრულებლად, მისი “გაბრწყინების’’ მოლოდინშია. ქართულმა ეკლესიამ და მისმა ხელმძღვანელმა, რუსული სპეცსამსახურების ვეტერანმა და სტალინისა და პუტინის ოფიციალურმა ფანმა, პატრიარქმა ილია მეორემ კი საქართველოსთვის ყველა უბედურებისა სათავედ (ბუნებრივი სტიქიების ჩათვლით), ლგბტ ადამიანების არსებობა და მათი საკუთარი უფლებებისთვის გააქტიურებული ბრძოლა გამოაცხადა (კრემლის აგრესიული პოლიტიკის გამო, რუსეთის “ერთმორწმუნეობის’’ ფაქტორმა დიდად ვერ იმუშავა და ახლა ლგბტ-ს თემაა რუსული სპეცსამსახურების ძირითადი კოზირი და მთავარი “ბუა’’ ქვეყნის დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ ბრძოლაში – “გვაპიდარასტებენ!’’).

მოკლედ, სადღეგრძელოებში უხვად დაგროვილი “საბრძოლო’’ პოტენციალი და აგრესია ქართულმა ეკლესიამ ოსტატურად მიმართა სწორედ ამ თემის წინააღმდეგ.

შედეგი – 100 000 მოწამის ამაყი შთამომავლები, ‘’უშიშნი ვითარცა უხორცონი’’, რომელთაც მყარად სწამთ, რომ: ერთი ქართველი 10-15 მომხდურს მუსრავდა საშუალოდ (ამ ლოგიკის მიხედვით, მაიკ ტაისონი და მუჰამედ ალი ბრძოლის ბაიბურშიც არ ყოფილან – ჰა და ჰა ერთ მოწინააღმდეგეს თუ ერეოდნენ მთელი კარიერის განმავლობაში) და ქართველი მეფეები 25-30 კილოგრამიან ხმალს, ვითარცა ბუმბულს, იქნევდნენ დილიდან საღამომდე (და ყველამ “იცის’’, რომ ეს ხმალი მუზეუმში ინახება, ოღონდ არავის პირადად არ უნახავს, ‘’მტირალი’’ ხატების არ იყოს), დღეს შემდეგი ეროვნული მისიით არიან დაკავებულნი – როგორმე ლგბტ-ს ხელხყოფისგან იხსნან ქართული ანუსები, ნაციონალური იდენტობის უპირველესი ნიშანი და სიამაყე (მარად-ქალწულებრივ აპკებთან ერთად, რასაკვირველია). ასე რომ, ლგბტ თემთან ბრძოლა ‘’წილნახვედრი’’ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საქმედ გადაიქცა.

შესაბამისად, ისეთი ალიანსები შეიკრა ლგბტ თემის წინააღმდეგ, სტალინისა და ჩერჩილის ალიანსი ჰიტლერის წინააღმდეგ მოსატანიც არაა – დედისერთობის გამო ომში არნამყოფი და მაინც “ბრუტალური ობერშტურმბანფიურერიც’’ კი შეუერთდა დედა-ეკლესიას ეროვნული უკანა ტანების დაცვის წმიდათაწმიდა საქმეში.

გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებამ შუაგულ ევროპაში ხომ მთლად ახალ საფეხურზე აიყვანა “წილნახვედრ’’ ჰეტეროთა სამხედრო ოსტატობა – ახლადშექმნილი “ქართული მარშის’’ ლეგიონების (რომლის ერთ-ერთი სარდალი სანდრო ბრეგაძე პოლიციაში პირველი დაბარებისთანავე გულყრას მიეცა უჰაერობის მოტივით) მიერ ფაქტიურად
ცარიელი სტადიონების ჯერაც არგაგონილი სიმამაცით “დალაშქვრა’’ და ფეხბურთის ფედერაციასთან ლგბტ დროშის დაწვა ძველი რომის ლეგიონებსაც საშინლად შეშურდებოდა.

2018 წლის ანალოგიურ მიტინგზე, “პატრიოტი’’ მოზარდი, რომელმაც გეი ახალგაზრდას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლოზუნგის “სიყვარული არის სიყვარული. ყოველთვის და ყველგან!’’ გამო, ლამის ეროვნულ გმირად გამოცხადდა (“მეტიც უნდა ექნა’’! – ხარობს ერი და ბერი).

ასე, “არასწორ” ორიენტაციასთან უსასრულო შერკინებაში იხარჯება “წილნახვედრი” ეროვნული ენერგია და გახსოვდეთ –
ჩვენს უკან ჩვენი ანუსებია – NO PASARAN!