შორენა გაბუნიას ბლოგი
1837 წელს, როდესაც იმპერატორი ნიკოლოზ I საქართველოს ეწვია, ქართველმა თავადაზნაურებმა მას საძინებელში „ძღვენის სახით“ ქალწული არისტოკრატი მაიკო ორბელიანი მიჰგვარეს. შეურაცხყოფილი ქალი მალევე ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა.
რა აზრი აქვს თარიღებს? მერე რა, რომ დღეს 2019 წელი დგას? 75 წლის დედა ხმამაღალი ქვითინით დამხვდა შინ, რადგან ქართველებმა დღეს მორიგი ძღვენი გაუკეთეს „მოძმე“ რუსეთს.
დღეს რაღაც გამოუსწორებელი საშინელი მოხდა, – უკვე მერამდენედ.
დღეს კვლავ პატივაყრილები და უთავმოყვარეები ვართ, – ისევ რუსეთის წინაშე.
არც 9 აპრილის, თბილისის ომის, ან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის შემდეგ მოგვიკლავს ჩვენში რუსის თაყვანისცემა.
კი, დღეს კვლავ ღირსებაგათელილები ვართ და დღეს ანწუხელიძეც, ტატუნაშვილიც და ოთხოზორიაც ტყუილად დაიხოცნენ ჩვენთვის.
დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მონები ვართ იმ ქვეყნის, რომელსაც ჩვენ მხოლოდ ფეხის საწმენდად ვჭირდებით.
დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ სტალინის შთამომავლები ვართ და არა – სოლომონ დოდაშვილის, მარიამ დედოფლის ან ქაქუცასი.
დღეს კიდევ ერთხელ დავაწექით თავზე ჩვენს შვილებს და ჭაობში დახრჩობისთვის გავწირეთ.
დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ჩვენში მონამ თავისუფალზე.
და ეს ყველაფერი იმიტომ,
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან მოყოლებული, ჩვენში რუსეთისადმი მონობის სიყვარული აღმოცენდა და დღემდე ამით ვართ გაჟღენთილნი. მას შემდეგ არაფერი გაგვიაზრებია და არც დასკვნები გამოგვიტანია.
სტალინი იმიტომ კი არ გვეძვირფასება, რომ ეთნიკურად ქართველი იყო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიის სიძლიერე გამოსჭედა.
მზად ვართ, ყველა რუსს ყველაფერი ვაპატიოთ, ოღონდაც მათ არ მიგვატოვონ და ფეხსაწმენდის ვაკანსიაზე სხვა არ დაასაქმონ.
რა პრობლემაა, მაიკო ორბელიანს, ანუ ჩვენს ქვეყანას, რუსებს ყოველდღე საჯიჯგნად ვუგდებთ – გვიყვარს და რა ვქნათ?
მაგრამ, საქმე ისაა, რომ თუ ასე გავაგრძელებთ,
ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ სულ მალე,
ჩვენი ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.
და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი იქნება, რომ ჩვენ, ქართველები, ყოველთვის ფეხქვეშ ვეგებოდით ჩვენში გაპარპაშებულ რუსს.