ბლოგები

ცელულიტთან ბრძოლის თავგანწირვაზე

ბაია პატარაიას ბლოგი

რა ხანია, ცელულიტზე მინდა ბლოგის დაწერა და თავი ვერ მოვაბი. წეღან კი ფეისბუქზე შესულს მიგდებს ტანსაცმლის რეკლამის ფოტოებს (სწორედ ამ ფოტოებს, რაც ბლოგს ადევს ფოტოდ). რას ვხედავ: პომპეზური პერანგის, მოწკუპული შორტების და ერთობ სიმპატიური ფორმების მქონე მოდელის გარდა, მე ვხედავ რაღაცას! იმას, რასაც ალბათ ყველა ქალი და ცოტა კაცი ხედავს – ცელულიტს. მოდელის ცელულიტი არ დაუფოტოშოფებიათ! მიკვირს და თან მიხარია. ცელულიტი 21-ე საუკუნის მიერ “აღმოჩენილი” და ამოჩემებული მოვლენაა. ცელულიტი, როგორც წესი, მხოლოდ ქალებს აქვთ, შესაძლოა გოგოსაც გამოაჩნდეს მომწიფების პერიოდში, ასაკთან ერთად კი უფრო იჩენს თავს (თუ ფოტოებისა და ამ ტექსტის მერეც ზუსტად ვერ ხვდებით, რაზე ვსაუბრობ, დავაკონკრეტებ: ცელულიტს უწოდებენ უსაწორმასწოროდ გადანაწილებულ ცხიმს ქალის უკანალსა და ბარძაყებზე). სხვათა შორის, ცელულიტი ძალიან გამხდარ ქალებსაც აქვთ ხოლმე.

სიტყვა “ცელულიტი” პირველად 15 წლის წინ ვნახე რეკლამაში. ბილბორდზე იყო რაღაც კრემის რეკლამა ცელულიტის საწინააღმდეგოდ. დაქალსაც ვკითხე, ცელულიტი რა არის-მეთქი, არც მან იცოდა. არც დედაჩემმა იცოდა. მერე მიმავიწყდა კიდეც. თუმცა, მოგვიანებით, ისე მომრავლდა ეს რეკლამები, რომ დავგუგლე: ვიცოდე მაინც, რასთან ბრძოლასთან მოგვიწოდებენ-მეთქი კოსმეტიკური საშუალებები. ცელულიტი ძალიან ნაცნობი რამ აღმოჩნდა. რატომ არ ერქვა მას სახელი წინა საუკუნეში? რატომ არ ებრძოდნენ დედაჩემი და მისი დაქალები ცელულიტს გაშმაგებით? – იმიტომ, რომ ადრე ის ჩვეულებრივ რამედ ითვლებოდა, ახლა კი სირცხვილად და სიმახინჯედ ითვლება.

ცელულიტთან გაშმაგებულ ბრძოლაში, ქალებთან გარჩევებში და “განკურნების” ძიებაში, დამაინტერესა კაცების აზრი. დავიწყე მამრობითი სქესის მეგობრების გამოკითხვა შეპარვით. კაცების უდიდესმა უმრვალესობამ არ იცოდა ამ სიტყვის ზუსტი შინაარსი და ახსნის შემდეგაც გულგრილობას გამოხატავდა საკითხის მიმართ. უმეტესობა ამბობდა, რომ არ უნახავს. რა თქმა უნდა, უნახავთ, ბოლოს და ბოლოს, პლაჟზე მაინც ვართ ნამყოფები. უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ. სამაგიეროდ, ქალები ვაქცევთ ისტერიულ ყურადღებას. დაქალების მუდმივი განსჯის თემაა, ვის აქვს, ვის ჯერ არ აქვს, ვის აქვს, მაგრამ არ ეტყობა და ვინ როგორ ებრძვის.

ცელულიტთან ბრძოლა ძალიან ძვირია – მალამოები, მასაჟები, ვაკუუმი, ათასი უცნაური პროცედურა. მაგრამ, ყველაზე კომიკური ის არის, რომ ცელულიტს არაფერი შველის – საერთოდ არაფერი. ამას ვამბობ საკუთარი და ათობით ქალის პირადი გამოცდილებით და უფრო მეტი წაკითხული ისტორიით. ცელულიტთან ბრძოლა არის ბლეფი. ვებრძვით იმას, რაც ქალის ბუნებრივი ამბავია და თან ვებრძვით უშედეგოდ, თუმცა თავგანწირვით. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ჩვენი ცელულიტი სულ ცალ ქუსლზე ჰკიდიათ; ხოლო კაცების დიდი ნაწილი ვერც კი ამჩნევს.  ჰოდა, რას ვებრძვით? რატომ ვებრძვით? რაში ვხარჯავთ დროს, ნერვებს და ბევრ ფულს? ცელულიტთან ბრძოლაში, რომელიც კოსმეტიკურმა კომპანიებმა შემოგვტენეს და წავიდა ფულების ხარჯვა… ფულს კი არ ვჩვივი, იმ თვითშეფასებას ვჩივი, რომელიც ისედაც დაბალი გვაქვს ქალებს და სულ მთლად ჩუსტებში გვივარდება ცელულიტების, ღინღლების, სტრიების, ნაოჭების და სხვა გარდაუვალი ფიზილოგიური მახასიათებლების გამო.

ჰოდა, ქალებო, ლამაზებო, საყვარლებო და უნიკალურებო, დაიკიდეთ რა ეს ცელულიტი. ცელულიტთან ბრძოლის მომგონის და ჩამომთრევის… (აქ პრემიერის ციტატა უნდა იყოს) ☺

ქალებო, შეიყვარეთ საკუთარი სხეულები <3