სასტიკი ან დაუდევარ მოპყრობას დაქვემდებარებულ თითქმის ყველა ბავშვს განუცდია ფსიქიკური ტრავმა, რის შედეგადაც ისინი შემდგომში გარკვეული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებების პირობებში ვითარდებიან. რა თქმა უნდა, ეს მათ შემდგომ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
ნებისმიერი სახის ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვი თავად განიცდის რისხვას, რომელსაც ავტომატურად თავისზე სუსტზე ანთხევს: ასაკით უმცროს ბავშვებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე. ბავშვის აგრესიულობა ხშირად თამაშის დროსაც ვლინდება. შესაძლოა, ბავშვის მხრიდან აგრესიის გამოვლინებას იმ მომენტში კონკრეტული საფუძველი არც გააჩნდეს.
ზოგიერთი ბავშვი პირიქით, ზედმეტად პასიურია, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, მას არ შეუძლიათ თანატოლებთან სრულფასოვანი კონტაქტი. უყურადღებოდ მიტოვებულ, სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო პირობების არმქონე ბავშვებში ზოგადად ნებისმიერ ფასად უფროსების ყურადღების მიპყრობის დაუოკებელი სურვილი შეიმჩნევა. მათი გამომწვევი, ექსცენტრული ქცევა ხშირად ამის ნიშანია.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სექსუალური ურთიერთობების მათი ასაკისთვის უჩვეულო ცოდნას ამჟღავნებენ. ეს აისახება მათ ქცევებზე, სხვა ბავშვებთან ან სათამაშოებით თამაშზე. თვით სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც შესაძლოა მომავალში დანაშაულებრივი სექსუალური მოქმედებების ინიციატორები გახდნენ და მასში ბევრი მონაწილეც ჩაითრიონ.
ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მას თითქმის ყოველთვის უყალიბდება დაბალი თვითშეფასება, რომელიც ძალადობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს. დაბალი თვითშეფასების მქონე პიროვნება ხშირად განიცდის დანაშაულის, სირცხვილის შეგრძნებას, იგი მუდმივად ფიქრობს, რომ სხვებზე უარესი, ყველაზე უკანასკნელია. ამგვარ ბავშვს ძალიან უჭირს გარშემომყოფთა პატივისცემის, წარმატების მიღწევა, გართულებულია თანატოლებთან ურთიერთობაც.
ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში, ზრდასრულ ასაკშიც მაღალია დეპრესიულობის მაჩვენებელი. ეს გამოიხატება შფოთიანობაში, უმიზეზო სევდიანობაში, მარტოობის შეგრძნებაში, ძილის დარღვევაში. უფროს ასაკში, შესაძლოა მოზარდებს თვითმკვლელობის სურვილიც გაუჩნდეთ და ამის მცდელობაც ჰქონდეთ.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი საკუთარ თავს მიუსაფარ, უბედურ არსებად მიიჩნევს. მას სურს, შეეგუოს და გაითავისოს ცხოვრების არანორმალური წესი – ძალადობრივი გარემო, და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში, იგი შესაძლოა თავად გახდეს თავდამსხმელი, მოძალადე და შანტაჟისტი. ეს სექსუალურ ძალადობასაც ეხება, როდესაც საიდუმლოს შენახვის დაპირების სანაცვლოდ, ბავშვი მოძალადეს ფულს, ტკბილეულს და საჩუქრებს სძალავს.
ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის სოციალური შედეგები
ამგვარი შედეგებიდან ერთდროულად ორი ასპექტი გამომდინარეობს: 1. მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანი; 2. საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი.
ნებისმიერი სახის ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვი დიდ სირთულეებს აწყდება სოციალიზაციის დროს: მას დარღვეული აქვს უფროსებთან ურთიერთობა, ურთიერთობის მისეული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება მისი თანატოლების უნარ-ჩვევებს, მას არ გააჩნია ცოდნისა და ერუდიციის საკმარისი ხარისხი სკოლაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად და ა.შ. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები საკუთარ პრობლემების გადაწყვეტის გზად ხშირად კრიმინალურ, ასოციალურ გარემოში ხედავენ, ეს კი მათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულებას აჩვევს. მათ შესაძლოა ქურდობისა და სისხლის სამართლებრივად დასჯადი სხვა ქმედებების პრაქტიკაში განხორციელებასაც მიმართონ.
ძალადობაგამოვლილი ბავშვების ზრდასრული ცხოვრება ხშირად ვერ თავისუფლდება სიყმაწვილეში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების ტვირთისგან. საკუთარი ოჯახის შექმნისას, ისინი საკუთარ შვილებსაც ვერ უზრუნველყოფენ სათანადო ყურადღებით და სითბოთი, რადგან საკუთარი ემოციური გადაუჭრელი პრობლემებიც ბევრი აქვთ.
რაც შეეხება ბავშვზე ძალადობის შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, პირველ რიგში ეს არის თავად საზოგადოებაში სისასტიკის გამოვლინების სიმძიმე, რადგან ყოფილი მსხვერპლები ხშირად თავადვე მოძალადეებად ყალიბდებიან.