ხანუმ ჯეირანოვას ისტორია ძალიან ჰგავს თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხის” მარიტას ამბავს: ორი წლის წინ, 2014 წლის 18 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმს ქმრის ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი. ორი შვილის დედა სოფელში ფეხშიშველი ჩამოატარეს, უმძიმესი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. პატივაყრილმა და სასოწარკვეთილმა ხანუმმა თავი ჩამოიხრჩო.
მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა ხანუმის ერთ-ერთი შეურაცხმყოფელი ფეხში დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა. აჯი გასანოვს განზრახ მკვლელობის ბრალდებით სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით საქმე აღძრა. ოჯახის წევრები ოთხ ადამიანს სდებდნენ ბრალს, თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე მოწმე დაკითხა და ყველაფერი ამით ამოიწურა – ხანუმის სიკვდილში დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, 17 სექტემბერს, სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და საქმის გამოძიების გაჭიანურება გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორი, კავშირი საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული მთელი სოფლის თვალწინ მოხდა, პროკურატურა საქმის ეფექტურ გამოძიებას ვერ ახრეხებს. “უკვე ორი წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს, ბრალი არავის აქვს წაყენებული. მოვითხოვთ, ამ დანაშაულის ინიციატორ კონკრეტულ ოთხ ადამიანს ბრალი წაეყენოს და ეს საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცეს. საქმე გვაქვს როგორც გენდერულ, ასევე ეთნიკურ დისკრიმინაციასთან. სწორედ ამ მოტივით, სახელმწიფო მიზანმიმართულად აჭიანურებს გამოძიებას. თუ გამოძება დროულად არ დასრულდება, აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს და სხვა საერთაშორისო ინსტანციებს”, – დასძინა ბაია პატარაიამ.
აქციის წინა დღეს, 16 სექტემბერს, ხანუმის მეუღლე აჯი გასანოვი პრეზდენტის შეწყალების ფარგლებში ციხიდან გათავისუფლდა და აქციაში მონაწილეობასაც გეგმავდა, თუმცა, აქციის დაწყებამდე მას სახლში გამგებელი და ჟურნალისტები ესტუმრნენ, რის გამოც თბილისში დროულად ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.