500-ზე მეტმა მხატვარი, კურატორი, მწერალი, გალერისტი და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენელი ქალი, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია #NotSurprised-ში ჩაერთო. ამის მიზეზი ჟურნალ Artforum-ის გამომცემლის ნაით ლანდესმანის (Knight Landesman) მისამართით სექსუალურ შევიწროებაში გაჟღერებული ბრალდებები გახდა. ლანდესმანის წინააღმდეგ უკვე შესაბამისი სარჩელია შეტანილი, სადაც ნათქვამია, რომ გამომცემლის მსხვერპლი, სულ ცოტა, ცხრა ქალი გახდა. ლანდესმანი იძულებული გახდა, 25 ოქტომბერს ჟურნალი დაეტოვებინა.
„ჩვენ არ გვიკვირს, როცა გამოფენის გამართვის ან მხარდაჭერის სანაცვლოდ, კურატორები სექსუალურ მომსახურებას გვთხოვენ. არც ის გვიკვირს, რომ გალერისტი ქალები ხშირად რომანტიზებას უკეთებენ, ამცრობენ და მალავენ იმ მხატვრების მხრიდან წამოსულ სექსუალურ შევიწროებას, რომლებსაც წარმოადგენენ. არც იმით ვართ გაოცებულნი, როცა კოლექციონერთან ან პოტენციურ სპონსორთან საქმიანი შეხვედრა ხანდახან სექსის შემოთავაზებით სრულდება. ჩვენ გვაიძულებენ, ამის შესახებ დავდუმდეთ, გვავიწროებენ, და როცა ხმას ვიღებთ, იმაში გვადანაშაულებენ, რომ ვაზვიადებთ. მაგრამ, ჩვენ ამიერიდან აღარ გავჩუმდებით და ამგვარ ისტორიებს აუცილებლად გავახმაურებთ!“, – ნათქვამია #NotSurprised-ის ღია წერილში.
წერილს უკვე ხელი მოაწერეს მხატვრებმა სინდი შერმანმა (Cindy Sherman), დომინიკ გონსალეს-ფორსტერმა (Dominique Gonzalez-Foerster) და ჯენი ჰოზლერმა (Jenny Holzer), მომღერალმა ლორი ანდერსონმა (Laurie Anderson), დრამატურგმა ლინ ნოტეჯმა (Lynn Nottage), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ Garage-ის მთავარმა კურატორმა კეიტ ფაულმა (Kate Fowle) და სხვებმა.
წყარო: nytimes.com