ხვალ, ორშაბათს, 17 სექტემბერს, 12.00-ზე, “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკოფერენცია ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით.
ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ე. წ. “ღირსების დანაშაულზე” – საჯაროდ ცემისა და სიკვდილის ფაქტზე, “საფარმა” და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართეს.
პრესკონფერენციაზე საფარის დირექტორი ბაია პატარაია, იურისტი მარი კურტანიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი მარიამ ზაქარეიშვილი ისაუბრებენ საქმის დეტალებზე და “ღირსების დანაშაულთან” დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
2014 წლის 18 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი. ორი შვილის დედა მათ სოფელში ფეხშიშველი ჩამოატარეს, უმძიმესი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. სულ მალე, ხანუმი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ხანუმის მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. რაც შეეხება მის სიკვდილს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმის გამოძიება უკვე ოთხი წელია, ჭიანურდება და მიუხედავად საქმეში არსებული მოწმის ჩვენებებისა და მტკიცებულებებისა, დღემდე ბრალი არც ერთ პირს არ წაყენებია.