ბლოგები

ჯერ მკურნალობა და მერე ლიბერალიზაცია, თუ პირიქით?

ავტორი: ბაია პატარაია

2011 წელს, მაშინ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, გადავწყვიტე ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლაში ჩავრთულიყავი. რამდენიმე ადამიანის ძალისხმევით შეიქმნა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოში მოვიწვიეთ თითქმის ყველა საქმის მცოდნე – დავით ოთიაშვილისგან, დაწყებული ჯანა ჯავახიშვილით დამთავრებული. სამუშო ჯგუფებში გადანაწილებულებმა დავიწყეთ ქვეყნის ახალი ნარკოსტრატეგიის წერა. პოლიტიკა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით შემუშავდა: ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირება, პირველადი და მეორადი პრევენცია, ზიანის შემცირება, მკურნალობა და რეაბილიტაცია, ნარკოტიკების მიწოდების შემცირება, საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევა და სხვა. ხედვა იყო ასეთი: თუ ყველაფერი განხორციელდებოდა გეგმის მიხედვით, ხუთ წელიწადში კანონმდებლობის ლიბერალიზაცია მოხდებოდა, ანუ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შერბილება და მოხმარების სრული დეკრიმინილიზაცია, ანუ ნარკოტიკების მომხმარებლებს აღარ დასჯიდა კანონი.

2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ჩვენს შედგენილ სტრატეგიაზე მუშაობა გაგრძელდა, ცოტა კიდევ დაიხვეწა და 2013 წელს დამტკიცდა კიდეც. დამტკიცდა და შემოიდო თაროზე. ნარკოპოლიტიკის რეალურ ცხოვრებაში დანერგვაზე ხელისუფლებას არ უზრუნია. დამტკიცდა და დაივიწყეს. აი, უკვე 7 წელი გავიდა და ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიყავით. ხელისუფლების მსჯელობა და რიტორიკაც კი არ შეცვლილა: კვლავ გვეუბნებიან, რომ ჯერ პრევენციის და რეაბილიტაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს და მერე იფიქრებენ ლიბერალიზაციაზე, ანუ კანონების გაადამიანურებაზე. კი მაგრამ სად იყო ხელისუფლება მთელი ეს წლები? ცხვირწინ ედო მისივე მოწონებული სტრატეგია, მაგრამ არც უცდია მისი აღსრულება. კიდევ რამდენი წელი უნდა გავატაროთ ტყუილ დაპირებებში?!

თუ 2011 წელს ვფიქრობდი, რომ სწორი ტაქტიკა იყო პრევენცია-რეაბილიტაციაზე ფოკუსი და შემდგომ კანონმდებლობის მოწესრიგება, დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ცხადად ჩანს, ხელისუფლებას არაფერი უკეთებია ეს წლები და არც აპირებს პრევენციასა და რეაბილიტაციაზე მუშაობას. როდემდე ველოდოთ? ციხეებში გამომწყვდეულებმა ველოდოთ, როდის მოეპრიანება ვინმეს ხელის განძრევა და მუშობის დაწყება? ეს ლოდინი ფუჭია და ჩვენ ვეღარ მოვიცდით.

ან კიდევ, ნარკომომხმარებელ ადამიანს ციხეში რა უნდა? ნარკოტიკისთვის თავის დანებების ადგილი არ არის ციხე. არც არავის დაუნებებია ციხის გამო ნარკოტიკისთვის თავი და არც მომავალში დაანებებს. და ვის ვატყუებთ? მე არ მინდა თავის მოტყუება.

თუ ჩვენ გვინდა შევამციროთ ნარკომანია ამ ქვეყანაში, უნდა დავიწყოთ ბავშვების და ახალგაზრდების განათლებით, ნარკოდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობის შეთავაზებით და მდგომარეობის შესწავლით: რას? რატომ? როგორ მოვიხმართ და როგორ უნდა შემცირდეს ეს მოხმარება. ყველა ქვეყანამ, რომელმაც შეძლო ამ პრობლემის დაძლევა, ეს გზა გაიარა.

ამიტომ რეაბილიტაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის კი არ უნდა დავადგინოთ თანმიმდევრობა, არამედ ყველაფერი ერთად უნდა დავიწყოთ: კანონმდებლობის შერბილება, ნარკოტიკებზე და მის საფრთხეებზე სწორი ინფორმაციის გავრცელება, მკურნალობის შეთავაზება ნარკოდამოკიდებული პირებისათვის და კვლევა. არ გვჭირდება ბრტყელ-ბრტყელი, უპასუხისმგებლო განცხადებები და პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა ქართული ნარკოვითარების გათვალისწინებით, სადაც ცენტრალური ფიგურა ადამიანია.