წუხელ, საკუთარ სახლში, ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილი იპოვეს.
მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობის მქონე არტისტს სინამდვილეში მარტოსული და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა.
პირველი წარმატება ჯორჯს ჯგუფი Wham!-ის შემადგენლობაში ხვდა წილად, რამაც უამრავი ჯილდო და დიდება მოუტანა. თუმცა, ამის პარალელურად, მას მუდმივად თან სდევდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები და პოლიციასთან კონფლიქტები.
მუსიკოსის ნამდვილი სახელია გეორგიოს კირიაკოს პანაიოტუ (Georgios Kyriacos Panayiotou). იგი ლონდონში, 1963 წლის 25 ივნისს დაიბადა. მამამისი კვიპროსიდან ბრიტანეთში 50-იან წლებში ჩავიდა და პატარა ბერძნულ რესტორანს ფლობდა. დედა ინგლისელი ჰყავდა, მოცეკვავე.
მომავალი ვარსკვლავის ბავშვობა უღრუბლო სულაც არ ყოფილა. ჯორჯი იხსენებდა, რომ მისი მშობლები ოჯახის შესანახად მუდმივად შრომობდნენ და მისთვის სითბოს განაწილების დრო არც ჰქონდათ. „არასოდეს არავის შევუქივარ, არც არავინ ჩამხუტებია. ჩემი ბავშვობა ბედნიერი, ზღაპრული ბავშვობისგან ძალიან შორს იყო“, – დაიჩივლა ერთხელ ინტერვიუში.
როდესაც გეორგიოსი მოზარდი იყო, მისი ოჯახი ჰერფორდშირის საგრაფოში გადავიდა. იქ, მუსიკის მიმართ ინტერესის საფუძველზე, თანაკლასელ ენდრიუ რიჯლის (Andrew Ridgeley) დაუმეგობრდა. მალე, რამდენიმე მეგობართან ერთად, ჯგუფი შექმნა, რომელიც სკას უკრავდა. ჯგუფი მალე დაიშალა.
1981 წელს, მაიკლმა და რიჯლიმ ჯგუფი Wham! დააარსეს. პირველი სინგლი არავის შეუმჩნევია, თუმცა მეორემ – Young Guns (Go For It), მათ პოპულარობა მოუტანა. ბიჭები პოპულარულ ტელეშოუში Top of the Pops მიიწვიეს, რის შედეგადაც კომპოზიციამ ბრიტანულ ჩარტებში მესამე ადგილი დაიკავა.
თავდაპირველად, Wham!-ის ბიჭები მეამბოხე იმიჯს ირგებდნენ, ტანზე მოტმასნილ ტყავებს იცვამდნენ და Bad Boys-ის სტილის სიმღერებს ასრულებდნენ. თუმცა, თანდათან, დუეტი სტანდარტული პოპმუსიკისკენ გადაიხარა. Wake Me Up Before You Go-Go-ს ვიდეოკლიპი ოკეანის ორივე მხარეს ჰიტად იქცა. მალე, ჯორჯის ტყავის სამოსი მოდური ბიჭების იმიჯით შეიცვალა.
ჯორჯ მაიკლი ჯგუფის უდავო ლიდერი იყო და მისი სოლო კარიერა ფაქტიურად გარდაუვალი იყო. 1984 წელს გამოსული სინგლი Careless Whisper, მართალია, რიჯლისთან ერთად დაიწერა, მაგრამ პრაქტიკულად ჯორჯის სოლო ალბომად იქცა.
Wham! საბოლოოდ 1986 წელს დაიშალა, და უკვე მომდევნო წლის გაზაფხულზე, ჯორჯ მაიკლმა თავისი თინეიჯერობის კერპთან, ამერიკელ მომღერალ არეთა ფრანკლინთან (Aretha Franklin) ერთად, ახალი სინგლი გამოუშვა, სახელწოდებით I Knew You Were Waiting (For Me).
ამ პერიოდს უკავშირდება პირველი საჯარო განცხადება საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე. Independent-თან ინტერვიუში, Wham!-ის დაშლით გამოწვეული დეპრესიის მიზეზად ჯორჯმა მზარდი დაეჭვება დაასახელა იმაში, რომ თავს ბისექსუალად კი არა, გეიდ აღიქვამდა.
1987 წლის დიდი ნაწილი ჯორჯმა პირველ სოლო ალბომზე, Faith-ზე მუშაობაში გაატარა, რომელიც იმავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ალბომი ბრიტანეთისა და ამერიკის ჩარტების სათავეში მოექცა, 25 მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა და მუსიკოსს 1989 წელს გრემის პრემიაც მოუტანა.
ალბომიდან ერთ-ერთმა სინგლმა, სახელწოდებით I Want Your Sex, უკიდურესად წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია. ბევრმა ამერიკულმა რადიოსადგურმა უარი განაცხადა მის გაშვებაზე, სხვებმა კი უფრო „წესიერი“ ვერსია გაუშვეს ეთერში, სადაც სიტყვა sex სიტყვა love-ით ჩანაცვლდა. მიუხედავად ყველაფრისა, კომპოზიცია ბრიტანეთშიც და აშშ-შიც მესამე ადგილზე გავიდა.
1988 წელს მსოფლიო ტურნემ ჯორჯ მაიკლის, როგორც სუპერვარსკვლავის, სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. თინეიჯერი თაყვანისმცემელი გოგონების არმიები და დაუსრულებელი გასტროლები მომღერალს დეპრესიის რეგულარულ შეტევებს კიდევ უფრო უმძაფრებდა.
მან მეორე ალბომის, Listen Without Prejudice Vol. 1 რეკლამირებაზეც კი უარი თქვა. ამ ალბომის არც ერთი სინგლი ვიდეოკლიპად არ გადაუღია. პირველ ალბომთან შედარებით, Listen Without Prejudice Vol. 1-ში მუსიკოსის გაცილებით მეტმა პირადმა პრობლემამ გაიჟღერა. ამის გამო, ალბომი შედარებით უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. ამერიკაში მან წინამორბედების პოპულარობა ვერ მოიხვეჭა, თუმცა ბრიტანეთში პირიქით, იგი გაცილებით ადვილად გაიყიდა, ვიდრე Faith.
რიო დე ჟანეიროში გასტროლების დროს, ტურ Cover to Cover-ზე, 1991 წელს ჯორჯმა ანსელმო ფელეპა (Anselmo Feleppa) გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი ხდება, თუმცა საჯარო ქამინგ აუთისგან მუსიკოსი კვლავ თავს იკავებს.
ფელეპასთან ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა – 1993 წელს იგი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.
Listen Without Prejudice Vol 2-ის, ანუ ახალი ალბომის, გამოშვებას კომპანია Sony-სთან იურიდიული პრობლემების გამო გამოსვლა არ ეწერა. ეს იურიდიული დავა სერიოზულად გაჭიანურდა, რამაც საბოლოოდ მაიკლისა და Sony-ს საქმიანი ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა გამოიწვია.
1994 წლის ნოემბერში, ჯორჯმა ახალი სინგლი Jesus to a Child გამოუშვა, რომელიც მის გარდაცვლილ შეყვარებულ ფელიპეს ეძღვნებოდა. კომპოზიცია მაშინვე ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. იგი 1996 წელს გამოსულ ალბომ Older-ში შევიდა, რომელზეც სამი წლის მანძილზე მუშაობდა.
მელანქოლიურ და დროდადრო პირქუშ Older-ში ბევრი მინიშნებაა ავტორის სექსუალურ ორიენტაციაზე. მუსიკოსმა გარეგნობაც შეიცვალა – გრძელი თმა და წვერი მოკლე ვარცხნილობამ და ტყავის სამოსმა ჩაანაცვლა.
ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში, ალბომი ძალზე პოპულარული გახდა, აშშ-ში კი მისი გაყიდვა ჩავარდა: აუდიტორიას ჯორჯ მაიკლის ძველი იმიჯი ენატრებოდა – პოპვარსკვლავი და არა სერიოზული არტისტი, რისკენაც ჯორჯი მუდამ ისწრაფოდა.
Brit Awards-ის ყოველწლიურ პრემიაზე, ჯორჯი საუკეთესო სოლო შემსრულებლად დაასახელეს. ასევე, როგორც საუკეთესო ავტორმა, მან მესამედ მიიღო აივორ ნოველოს (Ivor Novello awards) პრემია.
მაგრამ, დედის სიკვდილმა მისი დეპრესიის სიმძიმე კიდევ უფრო გაამწვავა. ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში მან აღიარა, რომ თვითმკვლელობისგან მხოლოდ ახალი პარტნიორის კენი გოსის (Kenny Goss) მხარდაჭერამ იხსნა.
1998 წელს, საჯარო ადგილებში უცენზურო ქმედებისთვის მაიკლი ბევერლი-ჰილზის საზოგადოებრივ საპირფარეშოში დააპატიმრეს. იგი 80 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დააჯარიმეს. ამ ინციდენტმა მას საჯარო ქამინგ აუთისკენ უბიძგა. როგორც იქნა, მუსიკოსმა აღიარა, რომ ურთიერთობაშია დალასელ ბიზნესმენ კენი გოსთან.
1999 წელს, მან Songs from the Last Century-ს ქავერ ვერსია გამოსცა, 2004 წელს დღის სინათლე იხილა ახალმა ალბომმა Patience.
ამერიკაში ალბომი ძველ ფორმაში დაბრუნებად მიიღეს. ბრიტანეთში მან მომენტალური წარმატება მოიპოვა, აშშ-ში კი 12 ადგილი დაიკავა.
Patience-ის გამოსვლის შემდეგ, ჯორჯმა განაცხადა, რომ მეტ ალბომს აღარ გამოუშვებდა. ამის ნაცვლად, იგი საკუთარ ახალ მუსიკას ინტერნეტით გამოაქვეყნებდა და თაყვანისმცემლებს სთხოვდა, რომ ფული საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაერიცხათ.
2006 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, იგი საგასტროლო ტურნეში გაემართა.
იმავე 2006-ში, მუსიკოსი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. იმავე პერიოდში მაიკლმა განაცხადა, რომ სექს მუშაკებთან შეხვედრის მიზნით, ღამით პარკებს ხშირად სტუმრობდა.
2010 წელს, ჯორჯს ნარკოტიკული თრობის პირობებში საჭესთან ჯდომის გამო, 8 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს.
2011 წელს, პრაღაში კონცერტის წინა დღეს, ჯორჯმა განაცხადა, რომ თავის პარტნიორ კენი გოსს დაშორდა, რის მიზეზადაც გოსის ალკოჰოლისკენ სწრაფვა და ნარკოტიკებთან საკუთარი დამოკიდებულება დაასახელა.
საკუთარი ტალანტის წყალობით, მგრძნობიარე და მარტოსული ჯორჯი მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსად იქცა, მაგრამ ამ როლში იგი თავს მუდამ არაკომფორტულად გრძნობდა. ერთხელ აღიარა კიდეც, რომ თინეიჯერების კერპის იმიჯი „სამუშაო“ ნიღაბი იყო, რომელსაც სცენაზე გასვლისას ირგებდა.