კატეგორიები ჰომო- და ჰეტეროსექსუალი სხვა არაფერია, თუ არა სოციალური გამოგონება. შესაძლოა, მომავალში მათი საჭიროება სრულიად გაქრეს.
ასი წლის წინანდელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ჰეტეროსექსუალი, დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
1901 წლის დორლენდის სამედიცინო ლექსიკონში (Dorland’s Medical Dictionary), ჰეტეროსექსუალობა განმარტებულია, როგორც „არანორმალური ან გარყვნილი ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი“. ორი ათწლეულის შემდეგ, 1923 წელს, მერიამ-ვებსტერის ლექსიკონში (Merriam Webster’s dictionary), ცნების მნიშვნელობა ოდნავ დავიწროებულია – „არაჯანსაღი ლტოლვა საპირისპირო სქესის ერთი ადამიანისადმი“.
მხოლოდ 1934 წელს მიიღო ჰეტეროსექსუალობამ ის განსაზღვრება, რაც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი – „სექსუალური სურვილის გამომჟღავნება საპირისპირო სქესის მიმართ; ნორმალური სექსუალობა“.
ყოველ ჯერზე, როდესაც ამის შესახებ ვსაუბრობ, ადამიანები არ მიჯერებენ. ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. მართლაც, ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენს კულტურაში ჰეტეროსექსუალობის ცნება მუდამ არსებობდა.
რამდენიმე წლის წინ, ქსელებში ვიდეო გამოჩნდა, რომლის ავტორი გამვლელებს ეკითხებოდა აზრს იმის შესახებ, ჰომოსექსუალობა თანდაყოლილია თუ არა. პასუხები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ბევრი აღნიშნავდა, რომ ჰომოსექსუალობა ბუნებრივი ფაქტორებისა და აღზრდის ნარევი შედეგია.
ამის შემდეგ, ჟღერდა მთავარი შეკითხვა: „მაშ, როდის გადაწყვიტეთ ჰეტეროსექსუალად ჩამოყალიბება?“. ამ დროს, ადამიანები გრძნობდნენ, რომ წინასწარგანწყობებში გამოიჭირეს, და სწრაფად ეთანხმებოდნენ რეპორტიორის თვალსაზრისს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციით ისევე იბადებიან, როგორც – ჰეტეროსექსუალურით.
ექსპერიმენტის ავტორები და მონაწილეები, როგორც ჩანს, ვარაუდობდნენ, რომ ნებისმიერი სექსუალობა უდავო ფაქტია, რომელიც არანაირ ახსნას არ ითხოვს.
ჰომოსექსუალური იდენტობის, როგორც სოციალური კონსტრუქტის შესახებ, უამრავი სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომი არსებობს. უკვე აღარავის უკვირს მტკიცება იმის შესახებ, რომ „ჰომოსექსუალობის“ ცნება კულტურაში კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ მომენტში შევიდა. მაგრამ, რატომღაც, ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რომ მსგავსი რამ მოხდა ცნება „ჰეტეროსექსუალობასთან“ დაკავშირებითაც.
ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რომელთა შორისაა რელიგიური წინასწარგანწყობები და ჰომოფობია. მაგრამ, სინამდვილეში, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არასოდეს დავფიქრებულვართ ცნება „ჰეტეროსექსუალობის“ წარმომავლობაზე, იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვლენას „ბუნებრივად“ აღვიქვამთ.
მაგრამ, ჰეტეროსექსუალობა ყოველთვის როდი არსებობდა. უფრო მეტიც: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ცნება კულტურაში სამუდამოდ დამკვიდრდება.
პირველი, რაც ჰეტეროსექსუალობის ცნების ხელოვნურობის დაშვებას უარყოფს, რეპროდუქციის შესახებ არგუმენტია. თითქოს აშკარაა, რომ სექსუალური აქტი საპირისპირო სქესთა შორის კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს. სხვანაირად აბა როგორ გადარჩებოდა ჩვენი მოდგმა? მაგრამ, ეს არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ ჰეტეროსექსუალობა იგივეა, რაც რეპროდუქციული აქტი.
სინამდვილეში, ეს ასე სულაც არაა.
„სექსს ისტორია არ გააჩნია, – წერს მიჩიგანის უნივერსიტეტის ქვიარ თეორეტიკოსი დევიდ ჰალპერინი (David Halperin), – რადგან იგი ორგანიზმის ფუნქციაა“.
სექსუალობა კი, პირიქით, კულტურის პროდუქტია და ამიტომ, მას ისტორიაც გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსი ბევრი სახეობის არსებობის განუყოფელი ნაწილი, ბიოლოგიური ფუნქციაა. ის კი, თუ რას უწოდებენ სექსუალურ აქტებს და რა კატეგორიებად ჰყოფენ მას, – ისტორიული მოვლენაა, რომლის შესწავლაც შესაძლებელი და აუცილებელია.
სექსუალური ინსტინქტები (სექსი) ცხოველთა მთელს სამყაროში არსებობს. მაგრამ, გარკვეულ მომენტში, ადამიანებმა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა (სექსუალობა) მიანიჭეს. როდესაც ჰეტეროსექსუალობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში სწორედ მეორე შემთხვევა გვაქვს.
„1968 წელს არ არსებობდნენ არც ჰეტეროსექსუალები, არც ჰომოსექსუალები“, – წერს ჰანე ბლანკი (Hanne Blank), კვლევის „ჰეტეროსექსუალობის გასაოცრად მოკლე ისტორია“ (The Surprisingly Short History of Heterosexuality with an analogy from natural history) ავტორი.
როგორც ჩანს, ადამიანებს თავშიც არ მოსვლიათ, ერთმანეთი სექსუალური სურვილების მიხედვით დაეყოთ. რაღა თქმა უნდა, განირჩეოდა სექსუალური ქცევა და მისი ზოგიერთი სახეობა აკრძალულიც იყო, მაგრამ აქცენტი ყოველთვის აქტზე კეთდებოდა და არა – ადამიანზე.
1868 წელს, უნგრელმა ჟურნალისტმა კარლ მარია კერტბენიმ (Karl Maria Kertbeny) სექსუალური გამოცდილების აღსაწერად, ოთხი ტერმინი მოიგონა: ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი და კიდევ ორი, აწ უკვე დავიწყებული ტერმინი, რომელიც მასტურბაციასა და ზოოფილიას აღწერს: „მონოსექსუალი“ და „ჰეტეროგენიტალი“.
მაგრამ, ლიტერატურაში პირველად ტერმინი „ჰეტეროსექსუალური“ მხოლოდ 1880 წელს გაჩნდა. 1889-ში იგი სექსუალურ აშლილობათა დასახელებების კატალოგში Psychopathia Sexualis ჩართეს. კვლევის ინგლისური თარგმანი აშშ-ში მხოლოდ 1993 წელს გამოიცა. კატალოგის თითქმის 500 გვერდზე სიტყვა „ჰეტეროსექსუალური“ გამოიყენება მხოლოდ 24-ჯერ, ისიც ინდექსის გარეშე. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ტრაქტატის ავტორს, ფსიქიატრ რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგს (Richard von Krafft-Ebing) უფრო „პერვერსიები“ აინტერესებდა, ვიდრე „ნორმალური“ სექსუალური ლტოლვა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, ტერმინი „ნორმალურით“ ბოროტად მანიპულირებდნენ. ამას თუ მივყვებით, „ნორმალურად“ მიიჩნეოდა მონათმფლობელობაც და სამყაროს გეოცენტრული მოდელიც.
ბევრად ადრე იმ დროიდან, როდესაც სქესობრივი აქტების დაყოფა ჰეტეროდ და ჰომოსექსუალურად იწყეს, დასავლურ ცივილიზაციაში სხვა პოზიცია ბატონობდა – უკავშირდებოდა ეს თუ არა რეპროდუქციას. მაგალითად, ბიბლია ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს იმავე მიზეზით კიცხავდა, რა მიზეზითაც მასტურბაციას – ეს მისთვის ცხოველმყოფელი თესლის უქმად ნთხევა იყო. მართალია, ამ იდეას მუდამ აქტიურად პროპაგანდირებდა კათოლიკური ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესიები, იგი მომდინარეობს არა ებრაული და ქრისტიანული სწავლებებიდან, არამედ სტოიციზმის ფილოსოფიიდან.
სტოიკოსების აზრით, შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ადამიანმა საკუთარი ემოციები და სურვილები უნდა დათრგუნოს, მათ შორის სექსუალური ლტოლვაც. ისინი ემხრობოდნენ იმ აზრს, რომ სექსს მხოლოდ და მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საქორწინო-რეპროდუქციული ურთიერთობების ეს იდეა ადრექრისტიანული ხანის ღვთისმეტყველებმა აიტაცეს და ნეტარი ავგუსტინეს დროს, გვარის გაგრძელების მიზნით სექსი, სექსის ერთადერთ „ნორმალურ“ და „კურთხეულ“ სახეობად მიიჩნეოდა.
მართალია, რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგს მსგავსი შეხედულება ჰქონდა სექსუალობაზე, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ გვარის გაგრძელების ინსტინქტი ქვეცნობიერია. ამით, იგი იმ სივრცეს აღებს, სადაც „ნორმის“ ახალი ცნება – სექსუალური დაკმაყოფილება – შემოდის.
რეპროდუქციული ინსტინქტიდან ეროტიკულ სურვილზე გადასვლის შეფასება რთულია, რადგან იგი სექსუალობის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს განსაზღვრავს.
როდესაც დღეს ჩვენ ჰეტეროსექსუალობის ცნებაზე ვფიქრობთ, ჩვენს წარმოსახვაში დაახლოებით ასეთი ისტორია ჩნდება: ბილიმ ბავშვობიდანვე იცის, რომ გოგონები იზიდავენ. ერთხელაც, მისი ეროტიკული ენერგია სიუზიზე კონცენტრირდება. იგი გოგონას მიმართ ყურადღებას იჩენს, წყვილს ერთმანეთი უყვარდება და ბილის ეროტიკული სურვილები სექსუალურ ურთიერთობებში ხორციელდება. ისინი ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.
მაგრამ, რომ არა კრაფტ-ებინგის კვლევები, ეს ისტორია შესაძლოა არც ყოფილიყო „ნორმალური“. იმან, რომ სქესობრივ ინსტინქტს ეროტიკული სურვილი ხელმძღვანელობს, სექსზე წარმოდგენებში რევოლუცია მოახდინა. უფრო მეტიც: მან ჰეტეროსექსუალობის ცნების „პათოლოგიზაციიდან“ (1923 წ) „ნორმად“ ქცევას შეუწყო ხელი (1934 წ).
იდეები და სიტყვები ხშირად თავისი დროის პროდუქტებია. ჰანე ბლანკის მტკიცებით, ჰეტეროსექსუალობის ცნება საშუალო კლასის გაჩენასთან ერთად აღმოცენდა. სოფლებსა და მცირე თემებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა, სექსუალური ქცევის კონტროლი ადვილი იყო – ჭორები და დაყრილი ხმები ამას კარგად აგვარებდა. ქალაქური ცხოვრების ანონიმურობა კი „ამორალური“ სექსუალური ქცევის ზრდას იწვევდა.
რადგან რელიგიას საზოგადოებაში უკვე აღარ ჰქონდა ძველებური გავლენა, ახალი კონტროლის სისტემის აუცილებლობა გაჩნდა. საშუალო ფენამ, რომელიც სწრაფად იზრდებოდა, რადგან არაჰეტეროსექსუალურ ქცევას უკვე ცოდვას ვეღარ უწოდებდა, ამიტომ, „მორალური დეგრადაციის“ ცნება გამოიგონა.
ეს ყველაზე უარესი შეფასება იყო, რისი მიღებაც ადამიანს შეეძლო. „დეგრადაცია“ სოციალური დარვინიზმის უკუცნებად იქცა: თუ რეპროდუქციულ სექსს გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა სიცოცხლის გადარჩენისა და ევოლუციის საქმეში, ამ ნორმიდან „გადახრა“ უკვე სოციუმის არსებობის მიმართ აღმოცენებულ მუქარად შეფასდა. ექსპერტების აზრით, ამგვარი „გადახრების“ მკურნალობა შესაძლებელი იყო, თუ იგი ადრეულ სტადიაზე გამოვლინდებოდა.
კრაფტ-ებინგის აზრით, „სექსუალური გადახდების“ ფორმირება რამდენიმე სტადიად ყალიბდებოდა, რომელთაგანაც პირველი მკურნალობას ექვემდებარებოდა.
მართალია, კრაფტ-ებინგის ნაშრომებს მხოლოდ სპეციალისტები იცნობდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ფართო საზოგადოებასთან სექსუალობის შესახებ ღიად საუბარი ზიგმუნდ ფროიდმა დაიწყო.
ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ ჰეტეროსექსუალად კი არ იბადებიან, არამედ – ხდებიან. მისთვის ჰეტეროსექსუალობა მიღწევა იყო, – ბავშვობაში განვითარების ყველა ეტაპის წარმატებული გავლის შედეგი.
ფროიდის თანახმად, გზა ჰეტეროსექსუალური „ნორმალურობისკენ“ ინცესტის გავლით გადიოდა – ეს იყო სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის ერთ-ერთი მშობლის მიმართ და მეორე მშობლის – კონკურენტის მოკვლის სურვილი. ფროიდის წარმოდგენაში, ჰეტეროსექსუალად ჩამოყალიბება საკმარისად დრამატული და განგაშით აღსავსე მომენტი იყო.
მართლაც, ოიდიპოსის კომპლექსის თეორიამ საზოგადოება სრულიად დააკმაყოფილა. მან სიხარულით მიიღო ახალი მეცნიერული ახსნა იმის შესახებ, თუ რა არის ნორმა.
1948 წელს, ამერიკელმა სექსოლოგმა ალფრედ კინსიმ (Alfred Kinsey) თავის რევოლუციურ კვლევაში „სექსუალური ქცევა კაცებში“ (Sexual Behavior in the Human Male), კაცის სექსუალობის ტიპები ნულიდან (მყარად ჰეტეროსექსუალი) ექვსამდე (მყარად ჰომოსექსუალი) სკალით გაზომა.
მრავალწლოვანმა კვლევებმა მეცნიერი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კაცების უმრავლესობას, თუ არა უდიდეს უმრავლესობას, „სულ ცოტა, ცხოვრებაში გარკვეული ჰომოსექსუალური გამოცდილება მაინც ჰქონია“.
მართალია, კინსის ნაშრომებში პირველად ესმება ხაზი ჰომო- და ჰეტეროსექსუალობას შორის ზღვარის სიმყიფეს, ადამიანის სექსუალობას იგი ძირითადად მაინც ორ პოლარულ პოლუსად ხედავს.
ეს დაყოფა დღემდე ძალაშია. „ზუსტად არავინ იცის, რატომ უნდა განვასხვავოთ ჰომოსექსუალები ჰეტეროსექსუალებისგან, – წერს 1984 წელს უენდელ რიკეტსი (Wendell Ricketts), „ჰომოსექსუალობის ბიოლოგიური კვლევის“ (Biological Research on Homosexuality) ავტორი, – სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ამგვარი დაყოფის არსებობაში“.
მართალია, ჩვენ ამ კატეგორიებად დაყოფა ბუნების მარადიულ და უცილობელ ფაქტორად გვეჩვენება, სინამდვილეში ეს ასე არაა. ეს მხოლოდ ცნებებია, რომელიც კაცობრიობამ სულ ახლახან გამოიგონა, იმაზე სასაუბროდ, თუ რას ნიშნავს მისთვის სექსი.
ეს მხოლოდ სოციალური კონსტრუქტია. ნებისმიერი ფრანგი ფილოსოფოსი ან Lego-თი მოთამაშე ბავშვი გვეტყვის, რომ ის, რაც ოდესღაც აწყობილა, ასევე ადვილად შეიძლება დაიშალოს. თუ წარსულში ჰეტეროსექსუალობა არ არსებობდა, არ არის აუცილებელი, რომ იგი მომავალშიც არსებობდეს.
ახლახან, კვლევა „არა გეის“ (Not Gay) ავტორის ჯეინ უორდის (Jane Ward) მოულოდნელმა სიტყვებმა გამაოგნა. სექსუალობის მომავლის შესახებ ჩემი სტატიისთვის ინტერვიუს დროს, მან მკითხა: „რატომ არ იფიქრებთ იმაზე, რომ ადამიანებს საკუთარი სექსუალური სურვილების გამოყენება ისევე შეუძლიათ, როგორც ჭამაში გემოსი?“.
და თუნდაც ვიღაცისთვის სექსუალური სურვილების სიმყიფის იდეა ძალზე საგანგაშო იყოს, – ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ უკანასკნელი სამეცნიერო კვლევები სექსუალური ორიენტაციის თანდაყოლილობის თეორიას უარყოფს.
მკვლევარებისთვის ზუსტად არ არის ცნობილი ჰომოსექსუალური ქცევის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: განსაკუთრებული „ჰომოსექსუალური გენი“ არ არსებობს. ჩემი აზრით, სექსუალური სურვილები, ისევე, როგორც ყველა ჩვენი სურვილი, მთელი ცხოვრების მანძილზე იცვლება და ტრანსფორმაციას განიცდის, ეს ცვლილებები კი ახალი იდენტობების გაჩენის ნიშანია.
თუ ეს ასეა, მაშინ ჯეინ უორდის სიტყვები, რომ ჩვენ ჩვენი სექსუალური სურვილების გამოყენება შეგვიძლია, სრულიად მართებულია.
თუმცა, ამაში არის მსუბუქი გამოწვევაც: მაშ რატომ ვიშმუშნებით იმის გაფიქრებაზე, რომ ჩვენ საკუთარი სექსუალობის მართვა შეგვიძლია და რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ყველაზე უცილობელ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა ბუნების მარადიული ჭეშმარიტებებია?
18-24 წლის ბრიტანელების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ თავს 100%-ით ჰეტეროსექსუალად არ მიიჩნევს. როდესაც ჰეტეროსექსუალობის იდეა აუცილებელი იყო, იგი ადამიანებს საკუთარი თავისა და იდენტობის შეცნობაში დაეხმარა. დროთა განმავლობაში, ეს ცნება მარკერად იქცა, რომელმაც ჩვენი სურვილების, სიყვარულისა და შფოთვის გამოხატვის მილიონ გზას გმანავდა.
შესაძლოა, ეს იყოს იმის პასუხი, თუ რატომ გასცეს 18-24 წლის ბრიტანელებმა ასეთი პასუხი კითხვას საკუთარი ჰეტეროსექსუალობის 100%-იანობის შესახებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რეგულარულად აქვთ ბისექსუალური ან ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მათ, ისევე, როგორც მათ წინამორბედებს XX საუკუნეში, აღარ აქვთ მოთხოვნილება ცნებისა „ჰეტეროსექსუალობა“.
რატომ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის თანდაყოლილი ან ეთიკური ადამიანის ბუნებაში? ბევრი რამ, რასაც კაცობრიობა აფასებს, იქნება ეს მედიცინა თუ ხელოვნება, აბსოლუტურად არაბუნებრივია. ამავე დროს, ჩვენ გვძულს ბევრი რამ, რაც ძალიანაც ბუნებრივია – მაგალითად, ავადმყოფობა და სიკვდილი.
თუ ჩვენ თავად ვირჩევთ, თუ რა ბუნებრივი მოვლენები არის ეთიკური და რა – არა, – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნებრიობის კრიტერიუმი გონებაა. მაგრამ, ბუნება არ არსებობს სადღაც „იქ“, ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩვენ მას შინაგანად მუდმივად ინტერპრეტირებას ვუკეთებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინასწარგანწყობილნი ვართ. ამ მომენტამდე, დედამიწის ისტორიაში ადამიანთა მოდგმა მხოლოდ სხვადასხვასქესიანი რეპროდუქციული აქტის მეშვეობით მრავლდებოდა. ჯერ კიდევ ასი წლის წინ, ამას საზოგადოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, რადგან, ჩვენი მოდგმის გადარჩენაზე ზრუნვისას, ურთიერთობათა ამ სახეობას მისცა უპირატესობა.
მაგრამ, ჩვენი სამყარო ძალიან შეიცვალა. ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა წინასაიმპლანტაციო გენეტიკური დიაგნოსტიკა და ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, გაუმჯობესების სტადიაზეა. პირველი ადამიანი, რომელიც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად მოევლინა ქვეყანას, უკვე 25 წლისაა. 2013 წელს ამ მეთოდით 63 000-ზე მეტი ბავშვი ჩაისახა.
არის თუ არა განაყოფიერებისთვის საჭირო სექსი?
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეშვეობით, ამ ქვეყანას უკვე 5 მილიონზე მეტი ბავშვი მოევლინა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს ძალზე ცოტაა, მაგრამ სტატისტიკა მუდამ ამცრობს ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევის ფასს, მისი გამოჩენის დასაწყისში.
სოციალური თვალსაზრისით, ჰეტეროსექსუალობა თავის პოზიციებს კარგავს. თუ ოდესმე ჰომოსექსუალური ურთიერთობები ხმამაღალ სკანდალებს იწვევდა, ახლა მსოფლიოს გაცილებით ხშირად აოცებს პოლიტიკოსებისა და ჰეტეროსექსუალი ცნობილი სახეების ინტრიგები. პოპულარული კულტურა გადაჭედილია ინფორმაციებით წარუმატებელი რომანებისა და ქორწინებების შესახებ. განქორწინებებისა და არასტაბილური ურთიერთობების მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ ჰეტეროსექსუალ წყვილებს არანაკლები (და შესაძლოა მეტიც კი) პრობლემა აქვთ, ვიდრე ჰომოსექსუალებს.
ზღვარი ჰეტეროსექსუალობასა და ჰომოსექსუალობას შორის არა მხოლოდ წაშლილია, არამედ, როგორც ოდესღაც კინსი ამტკიცებდა, იგი კაცობრიობის გამოგონებაა, კარგა ხნის მოძველებული მითია. საპირისპირო სქესებს შორის ურთიერთობები მანამდე იარსებებს, სანამ იარსებებს კაცთა მოდგმა.
მაგრამ, ჰეტეროსექსუალობა – როგორც სოციალური მარკერი, ცხოვრების წესი და იდენტობა – შესაძლოა, ამაზე ბევრად ადრე გაქრეს.
ბრენდონ ამბროზინო, Brandon Ambrosino, bbc.com