ლგბტქი / სტატიები

ჰიჯრები – „მესამე სქესის“ წარმომადგენლები სამხრეთი აზიიდან

Magnum Awards-2017-ის კონკურსის გამარჯვებულმა ფოტოგრაფმა შარია შარმინმა (Shahria Sharmin) ჰიჯრების, „მესამე სქესის“ ადამიანების ყოფა ფოტოობიექტივში ასახა.

შარმინმა Magnum Awards-ის წლევანდელ კონკურსში, ნომინაციაში „ცხოვრების არჩევანი“, ბანგლადეშელი და ინდოელი ჰიჯრების თემში გადაღებული ფოტოებით გაიმარჯვა.

„ჩემი სხეული მეუბნება, რომ კაცი ვარ, მაგრამ სული ამბობს, რომ ქალი ვარ. მე ყვავილს ვგავარ, მხოლოდ ქაღალდისგან დამზადებულს. ჩემი სიყვარული მხოლოდ შორი მანძილიდანაა შესაძლებელი, ვერავინ შემეხება. მე არ მაქვს სურნელი, რომლის შეყვარებაც შეიძლება“.

51 წლის ჰინა ჰიჯრაა. შარია შარმინის თქმით, თანამედროვე დასავლურ გენდერულ კლასიფიკაციაში ამ ტერმინს ანალოგი არ მოეპოვება.

„სხვადასხვა ლიტერატურაში, ჰიჯრებს ჰერმაფროდიტებს, საჭურისებს, ტრანსგენდერ ან ტრანსსექსუალ ქალებს უწოდებენ, რაც არასწორია“, – განმარტავს შარმინი. მისი თქმით, მართალია, ჰიჯრები ქოლგა ტერმინის „ტრანსგენდერის“ ქვეშ ხვდებიან, მაგრამ ბევრი მათგანი, საკუთარი იდენტობის განსაზღვრისას, ტერმინ „მესამე სქესს“ ირჩევს. იგი ჰიჯრებს აღწერს, როგორც კაცად დაბადებულ, მაგრამ ქალის იდენტობის მქონე ადამიანებს, რომლებიც, საბოლოოდ, საზოგადოებაში ქალის როლს ირგებენ.

შარმინის ფოტოები ინტიმური პორტრეტებია, რომელიც გასაოცარი ოსტატობით გადმოგვცემს ფოტოგრაფისა და მისი მოდელების ურთიერთობებს. მისი თქმით, გადაღების პროცესს დიდი დრო მიჰქონდა: „მე არასოდეს ვჩქარობ. როგორც წესი, ჩემი ფოტოების გმირებთან ძალიან დიდ დროს ვატარებ და ამ დროის უდიდეს ნაწილს გადაღებას საერთოდ არ ვუთმობ“.

„როცა ჩვენ ვიღაცის პრობლემებს ვიკვლევთ და ამ ადამიანების ცხოვრებაში ჩაწვდომას ვცდილობთ, მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება. ამ პროცესში, თანდათანობით ვხვდები, რისი გაზიარება სურდათ მათ სხვა ადამიანებისთვის და რა ფორმით. მათი ნდობა მოვიპოვე. ჰიჯრებს საკუთარი კულტურა გააჩნიათ. ისინი გურუს მფარველობის ქვეშ ცხოვრობენ, რომელიც, ფულის სანაცვლოდ, მათ უსაფრთხოებას, თავშესაფარსა და საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ პატივისცემითაც ეპყრობიან.

ჰიჯრებს მთელი დღიური შემოსავალი ლიდერთან მიაქვთ, რომელიც მათ ყველანაირი საჭიროებით უზრუნველყოფაში ეხმარება. დანარჩენი თანხა მომავლისთვისაა გადადებული, მგზავრობების, დღესასწაულებისთვის. ზოგჯერ, გურუ სქესის კორექციის პროცესსაც აფინანსებს“.

სხვადასხვა გურუს სხვადასხვა წესები და მოთხოვნები აქვს. უმეტეს შემთხვევაში, წესები ძალზე მკაცრია. იმისათვის, რომ ჰიჯრამ თემში ცხოვრების უფლება მოიპოვოს, მისთვის გარკვეული თანხა უნდა გამოიმუშაოს, ან გარკვეული სამუშაო შეასრულოს. ჰიჯრათა ჯგუფს შეერთება ადამიანებს სტაბილურ ცხოვრებას კი პირდება, მაგრამ, თავიანთი იდენტობის გამო, საზოგადოებაში ჰიჯრები მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. ბევრისთვის ისინი გარიყულნი და ხელშეუხებელნი არიან.

„ჰიჯრების ბიოლოგიური გენდერული საზღვრების მიღმა ყოფნა, უმეტესად, სოციალურ ფენომენია. ეს ჯგუფი სამხრეთ აზიაში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ტრადიციულად, ჰიჯრებს ნახევრადწმინდა სტატუსი გააჩნდათ. მათ საცეკვაოდ, სამღერად, დასალოცად იწვევდნენ, ქორწილებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. მიიჩნეოდა, რომ ჰიჯრას დალოცვას ოჯახსა და სახლში კეთილდღეობა და გამრავლება მოჰქონდა“, – ამბობს შარმინი.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. ჰიჯრებმა საზოგადოების თვალში წმინდა სტატუსი დაკარგეს. დღეს, ისინი ნებისმიერ ფეხის ნაბიჯზე დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, ყველასგან მოძულებულნი. ისინი პროსტიტუციით არიან დაკავებულნი მაღაზიებთან, ავტობუსის გაჩერებებსა და სადგურებში. ბევრი ინდოელი ჰიჯრა ინდოეთსა და ბანგლადეშს გაეცალა, რათა ნაკლები სიძულვილი განეცადა. მათთან დაკავშირებული წინასწარგანწყობები ყოველთვის ძლიერი იყო: საზოგადოებისგან გარიყულის, არაადამიანის დამღა მათი მუდმივი თანამგზავრია. მათი ჩვევები, გარეგნობა, ცხოვრების წესი მუდამ განსხვავებული იყო. საზოგადოება მათ გარყვნილებად, ბიოლოგიურ გადახრად აღიქვამს.

„ბანგლადეშში გავიზარდე, ქალი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს გამომიცდია, თუ რას გრძნობს ადამიანი, რომელიც უმცირესობას განეკუთვნება. ვერც კი წარმომედგინა, რას ნიშნავს ნამდვილი ტანჯვა, როგორია იმ ადამიანების ემოციები, რომლებსაც, მათი იდენტობის გამო, მუდმივი თავდასხმების რეჟიმში ცხოვრება უწევთ. ისინი ჩემთვის ცოცხალი ნიმუშები არიან იმისა, თუ როგორ უნდა დაანგრიო სტერეოტიპები და დატკბე იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობს. ქალურობისა და მაჩოიზმის განუმეორებელი შეხამება მათ უნიკალურ არსებებად აქცევს. როგორ ახერხებენ ისინი უკიდურესად მჩაგვრელ საზოგადოებაში სრულფასოვან ცხოვრებას, ჩემთვის გამოცანად რჩება“, – ამბობს შარმინი.

2014 წელს, ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჰიჯრები ოფიციალურ დოკუმენტებში უნდა გააფორმონ, როგორც „მესამე სქესის“ მქონე ადამიანთა კატეგორია, რამაც მათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობისა და უმაღლესი განათლების მიღების საშუალება გაუჩინა.

შარმინი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევრები ჰიჯრებს საზოგადოებრივი იზოლაციის შერბილებაში დაეხმარება. იგი მესამე სქესის ადამიანებისადმი მიძღვნილ პროექტზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს და სჯერა, რომ ფოტოგრაფია მსოფლიოსთვის მრავალფეროვანი რეალობის ჩვენების საშუალებაა.