მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში ბევრი ისეთი ასპექტია, რაც ხშირად მხედველობის არის მიღმა რჩება. ვიდრე ჩვენი მოზარდი გოგონები სრულწლოვანებას მიაღწევენ, მათ ბევრი საკითხის მოგვარება მოუწევთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემომცველ სამყაროსთან. ისინი მოხარულნი იქნებიან, თუ მშობლები, მათ საჭირო და ყოველდღიურობის გასამკლავებლად აუცილებელ რჩევებს მისცემენ.
გთავაზობთ ამგვარი სასარგებლო რჩევების ნაკრებს, რომელთა ავტორებს შორის, ბრიტანელი ფემინისტი ქეითლინ მორანიცაა.
შეიყვარე შენი თავი
თუ შენ არ აფასებ საკუთარ პერსონას, ამას სხვები ნამდვილად არ გააკეთებენ. ისწავლე შენი თავის სიყვარული ისეთის, როგორიც ხარ, და ნუ იფიქრებ სხვების აზრზე; ყველა ადამიანს მაინც ვერასოდეს ასიამოვნებ. მაგრამ, თვითკმაყოფილებამ მთლად არ გაგიტაცოს, ეგოიზმი კარგს არაფერს მოგიტანს.
დააფასე შინაგანი მშვენიერება
თუ გინდა, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდე, ეს ცუდი სულაც არაა, მაგრამ გახსოვდეს: ადამიანებს ურთიერთობა არა ლამაზ სურათთან, არამედ საინტერესო პიროვნებასთან სურთ.
სწორად მიიღე კომპლიმენტები
იყავი თავდაჯერებული. თუ ვინმე ქათინაურს გეუბნება, უბრალოდ მადლობა გადაუხადე და ამის გამო თავის მართლება ან საკუთარი თავის ლანძღვა არ დაიწყო.
პატივი ეცი საკუთარ სხეულს
იგი საუკეთესო საკვებით მოამარაგე, მოუარე. ნუ შეიძულებ მის რომელიმე ნაწილს, თუ იგი მაინცდამაინც არ მოგწონს, მაგალითად, ცხვირის ფორმას ან წელის გარშემოწერილობას. მთავარი ის არის, რომ შენ შესანიშნავი და განუმეორებელი ხარ. ესთეტიკური ფაშიზმით შეპყრობილი ადამიანები ბედნიერები არასოდეს არიან. გახსოვდეს: შენი სხეული ობიექტი არაა, შენ ინდივიდი ხარ!
ნუ დახარბდები ნამზეურს
გასაგებია, რომ ნამზეური სხეული ტრენდულია, ნამზეურის დროს კანზე დეფექტები ნაკლებ შესამჩნევი ხდება. მაგრამ, ბრმად მოდის ადევნება ნამდვილად არ არის სასურველი, თუნდაც იმიტომ, რომ ნამზეური კანი ბევრ უსიამოვნებას იწვევს: დამწვრობას, კანის კიბოს საშიშროებას, ხალების გამრავლებას და სხვ.
დაისწავლე სიტყვა „არა“
ნუ გეშინია და ნუ გეხათრება მისი გამოყენება. ასაკი რაც უფრო მოგემატება, მით უფრო ხშირად მოხვდები ისეთ სიტუაციაში, სადაც ადამიანებისთვის უარის თქმა მოგიწევს. იცოდე, რომ თუ ჩემს შეგონებებს მთლად წყალში არ ჩაყრი, უარის თქმა მოგიწევს ქარაფშუტა ბიჭებისთვის, ალკოჰოლისთვის, ნარკოტიკებისთვის, სექსტინგისთვის და ბევრი სხვა რამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, რადგან ადამიანებს უარის მოსმენა არ უყვართ. ამიტომაც, უპრიანი იქნება, თუ წინასწარ მოიფიქრებ ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე „არას“ რამდენიმე ვარიანტს.
შეეგუე, როდესაც შენთან ურთიერთობა აღარ სურთ
თუ ის ადამიანი, რომელიც შენთვის ძვირფასია, აღარ გეკონტაქტება, იმას ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა. ეცადე, ამას გამართლებები არ მოუძებნო და მით უარესი, უკან დევნა არ დაუწყო. თუ სიტუაციის შეცვლას მოინდომებ, შენთვის უარესი იქნება.
შენ არ ხარ ბავშვების გამჩენი მანქანა
მესმის, რომ პატრიარქალურ კულტურაში გიხდება ცხოვრება, სადაც ქალის მთავარ ფუნქციად გათხოვება და ბავშვების გაჩენა მოიაზრება. მინდა გითხრა, რომ როდესაც გაგაჩინე, შენთვის ეს სიმძიმეები არ ამიკიდებია. არაფერს ნიშნავს, თუ შენს ირგვლივ მყოფი გოგონები გათხოვებაზე ოცნებობენ. სამყარო ძალზე დიდია იმისათვის, რომ ცხოვრებაში ასეთი ვიწრო მიზნები გქონდეს. დაეწაფე განათლებას, მიყევი შენს სურვილებს და მისწრაფებებს, ისინი გაცილებით საინტერესო ცხოვრებას შემოგთავაზებენ.
ნუ შეგეშინდება ცრემლების
ნუ შეგეშინდება ადამიანებისთვის იმის გამჟღავნების, თუ რას გრძნობ. შენი ემოციების, მით უმეტეს ნეგატიური ემოციების შეკავება გაცილებით უარესია. როცა აუცილებელია, ცრემლების არ უნდა შეგრცხვეს; შენს ცრემლებში ახალ ძალებს აღმოაჩენ. ყველაზე მძიმე წუთებში გახსოვდეს, რომ დრო საუკეთესო ექიმია, შენს სულზე არსებული ჭრილობების უმრავლესობის შემხორცებელი.
ისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება
რაც შეიძლება მალე, ისწავლე საჭმლის მომზადება, რეცხვა, სახლის დალაგება, ლურსმნის მიჭედება, თუნდაც ველოსიპედის შეკეთება. რაც უფრო მალე ისწავლი თავის დამოუკიდებლად მოვლას, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება, – შენი ოჯახის წევრები მუდამ შენ გვერდით ვერ იქნებიან და ვერ დაგეხმარებიან.
შინ ყოველთვის გელიან
როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ჩვენგან წახვალ, მიუხედავად ამისა, მუდამ გახსოვდეს, რომ შენი მშობლიური სახლი ყოველთვის მზადაა შენს დასახვედრად, რაც არ უნდა მოხდეს, იქნება ეს მარტო ცხოვრებაზე მატერიალური პრობლემების გამო უარის თქმა თუ საყვარელ ადამიანთან განშორება. ნებისმიერ დროს, ჩვენ შენი დაბრუნება გულითადად გაგვიხარდება.