„8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას (უფლება იყო არჩეული) მოითხოვს.
დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს.
სწორედ ამიტომ, შარშან, 2015 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვეთ სავალდებულო კვოტები – საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების 25% წარმომადგენლობას პარლამენტში.
სწორედ ამიტომ, წელს, 2016 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს.
ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რომელი დეპუტატი დაუჭერს მხარს კვოტებს – გვინდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში.
8 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბებით და ას ორმოცდაათ პარლამენტარს მოგწერთ წერილებს, და მოგთხოვთ, მხარი დაუჭიროთ კვოტების კანონპროექტს.
ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს!“.
“ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტის შენობასთან კვოტირების მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო იმ კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების მინიჭებას ითვალისწინებს. აქცია-პერფორმანსის არსი შემდეგში მდგომარეობდა: პარლამენტის შეკრებილმა მოქალაქეებმა მოქმედ დეპუტატებს მიმართეს და გენდერულ კვოტების მხარდაჭერის მოთხოვნით.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, რათა გაირკვეს, თუ ვინ უჭერს მხარს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის რიცხვის გაზრდას.
აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტში მეტი ქალი იყოს, იმისათვის, რომ ქალთა პრობლემების მოგვარება დღის წესრიგში დადგეს.
“ისმის ჩემი ხმა?” – ეს ფრაზა დღევანდელ აქციას ლაიტმოტივად გასდევდა. აქციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ქალებმა, რომლებმაც სხვადასხვა გამოწვევებისა და რთული პრობლემების გადალახვა წარმატებით შეძლეს და დღესდღეობით იმ ქალების ხმას აჟღერებენ, ვინც ჯერ კიდევ დისკრიმინაციისა და შევიწროვების გარემოში ცხოვრობს. აქციაზე აუდიტორიას მიმართეს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორმა ნათია გვიანიშვილმა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელმა გიულარ იბრაგიმოვამ, ასევე დადუ ბალარდმა, რომელმაც ნარკომოხმარების მძიმე სტიგმაზე ისაუბრა.
აქციას პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები: ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე შეუერთდნენ.
აქციას არც არტისტული გაფორმება აკლდა: ერეკლე დეისაძემ და ქეთათომ შეკრებილ აუდიტორიას თავიანთი მხარდაჭერა მუსიკით დაუდასტურეს.
ამასთან, აქციაზე შემოწირულობები შეგროვდა, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
8 მარტს 15:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა გაიმართა, სახელწოდებით: “8 მარტი – ღირსეული შრომითი პირობებისთვის”. მასში მონაწილეობდნენ: „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“, “ახალგაზრდა მწვანეები”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, “ქალთა ფონდი საქართველოში“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ქალის მზერა”, “ვეგან ჯორჯია”, “ლგბტ საქართველო”, “ანარქაფემინისტები”, “რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი”. მსვლელობა-აქცია პარლამენტის წინ, „ქალთა მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას შეუერთდა.