საუდის არაბეთის დელეგაცია გაეროს ქალთა უფლებების კომისიის წევრად აირჩიეს. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, დასახელებული კომისიის მთავარი მიზანი „იმ გამოწვევების და საფრთხეების შეფასებაა, რაც სქესთა თანასწორობის მიღწევას ეღობება წინ“.
კომისიის შემადგენლობაში მოხვედრით, სამეფო იმ 45 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლის მიზანიც „გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ქალთა შესაძლებლობების გაფართოების საქმეში გლობალური სტანდარტების დანერგვაა“.
კომისიაში საუდის არაბეთის შეყვანაზე პირველად განცხადება გაეროსთან არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, UN Watch-მა გააკეთა.
ორგანიზაციის დირექტორმა ჰილელ ნოიერმა (Hillel Neuer) კენჭისყრის შედეგები გააკრიტიკა, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭოს სხდომის დროს ფარულად ჩატარდა.
„ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში საუდის არაბეთის არჩევა იგივეა, რაც ხანძრის გამჩენის სახანძროს უფროსად დანიშვნა“, – განაცხადა მან. ნოიერმა კენჭისყრას „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში კანონი უწესებს ყველა ქალს, ჰყავდეს მეურვე კაცი, რომელიც ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად იღებს და მას დაბადებიდან სიკვდილამდე აკონტროლებს. გარდა ამისა, სამეფოში ქალისთვის საჭესთან ჯდომაც კი აკრძალულია.
2016 წლის ნოემბერში, დიპლომატი აბდულაზიზ ალ-ვასილი (Abdulaziz Al-Wasil) გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში ქალთა უფლებების ინსპექტორად დანიშნეს.
შეგახსენებთ, რომ წინა თვეში, ალ-ყასიმის პროვინციის (საუდის არაბეთი) გუბერნატორის მიერ მოწვეულმა ქალთა საბჭოს სხდომამ ქალების გარეშე ჩაიარა.